Facebook Twitter

№ას-291-2020 25 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „კ–ი“

მოწინაამდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.დ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, კ–ის (.....) ქ.№25-ში მდებარე 450კვ.მ დაზუსტებული ფართობი ი.დ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) საკუთრებაა.

2. ქ.თბილისში, ..... (ყოფილი კ–ის) ქ.№21-23-ში მდებარე 981კვ.მ დაზუსტებული ფართობის მესაკუთრეა შპს „კ–ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო).

3. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოპასუხემ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა აწარმოა.

4. 2013 წლის 7 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვაზე, თუ რა იყო მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობის გამო შენობაზე გაჩენილი ბზარებისა და დეფორმაციების გამომწვევი მიზეზები და რას შეადგენდა მისგან მიყენებული ზარალის ოდენობა, ექსპერტიზის დასკვნით შემდეგი პასუხი გაეცა: ქ.თბილისში, ....... მდებარე ორსართულიან შენობაში, მასთან მიჯნით მშენებარე რვასართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობისას დაზიანდა №25 სახლის ტორსული კედლის ცალკეული მონაკვეთები. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, კედლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს მშენებარე შენობის დამკვეთსა და დაზიანებული ნაგებობის მესაკუთრეს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. საცხოვრებელ სახლში მაღალია ფიზიკური ცვეთის მაჩვენებლები, რის გამოც მნიშვნელოვნადაა შემცირებული მისი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციული ელემენტების ვარგისიანობის ინდექსი, აუცილებელია შემინული ქოლგის, დაბზარულ-დაზიანებული კედლების, შიდა სათავსებში იატაკებისა და კედლების აღდგენა, მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მხარეზე კაპიტალური ღობის საექსპლოატაციო მდგომარეობაში მოყვანა. ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, აღსადგენი სამუშაოების ღირებულება 2013 წლის მესამე კვარტლის საბაზრო-რესურსულ ფასებში 42.98 ათასი ლარია, რაც დოლარის კურსთან (1.75) შეფარდებით იქნება 24 560 აშშ დოლარი.

5. ექსპერტის 2015 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად, თბილისში, ....... მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის 1კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება, 2015 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, საორიენტაციოდ, 406 აშშ დოლარია. შესაბამისად, მთლიანი 510კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 207 060 აშშ დოლარს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 467 376 ლარს შეადგენს. ქ.თბილისში, ...... მიმდინარე მშენებლობის შედეგად ამავე ქუჩის №25-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანებები უარყოფითად მოქმედებს საკვლევი ობიექტის საბაზრო ღირებულებაზე და იწვევს ფასის შემცირებას, დაახლოებით 15-20%-ით. დასკვნის მომზადებისას ექსპერტმა იხელმძღვანელა 2013 წლის 7 დეკემბრის დასკვნითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 26 მარტის საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნით.

6. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რაც შემდგომში დააზუსტა და, საბოლოოდ, მოპასუხისთვის ზიანის ასანაზღაურებლად 38 560 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

6.1. მოთხოვნილ თანხაში მოსარჩელემ შეიყვანა ექსპერტის 2013 წლის 7 დეკემბრის დასკვნით განსაზღვრული ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულება, 24 560 აშშ დოლარი და ექსპერტის 2015 წლის 27 ივლისის დასკვნაში მითითებული, მოსარჩელის ქონების შემცირებული საბაზრო ღირებულების ნაწილი, 14 000 აშშ დოლარი. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობის პროცესში მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ამით უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.1. საქალაქო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმა იმით დაასაბუთა, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დადასტურდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით დაზიანების ფაქტი.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 38 560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

9.2. გარდა ამისა, სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ საქმის მომზადების სტადიაზე მოპასუხეს არ შეუვსია და არ წარმოუდგენია დაზუსტებული შესაგებელი. წარმოდგენილი შესაგებელი კი არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები (სადაც მიეთითა მოპასუხის ბრალეულობა და ზიანის ოდენობა) საკმარისად არ იყო დასაბუთებული და, რომ, ისინი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. შესაგებელს რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. რაც შეეხებოდა მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ მან სარჩელის საპირისპირო შედავება საქმის მთავარ სხდომაზე განახორციელა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 219.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სსსკ-ის 380.2 მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არგუმენტირებული ახსნა - განმარტების წარდგენისას მოპასუხეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან მტკიცებულებები სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215-ე მუხლი) ვერ წარადგინა, თუმცა მოპასუხეს ასეთი მტკიცება არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახალ გარემოებაზე მითითებით, არ ქმნიდა მისი შეფასებისა და გაზიარების საფუძველს, რადგან ასეთი საფუძველი მხარეებს გააჩნდათ მხოლოდ საქმის მომზადების სტადიაზე იმისათვის, მოწინააღმდეგე მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, გარემოებათა დაზუსტებისა და შევსების გზით შეძლებოდა კვალიფიციური შედავება.

9.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიდა პრეზუმფციას - მოპასუხის ბრალეული ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის (სარჩელში მითითებული ოდენობით) მიყენების თაობაზე. ასეთ პირობებში სარჩელის წარმატებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) განაპირობებდა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:

10.1. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა იმ მიზეზით მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ დასაბუთებაზე, რაც არასწორია. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს დაადგენს. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, თუმცა არ დგინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა. გარდა ამისა, არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც ზიანი გამოიწვია. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობისათვის კი, აუცილებელია არსებობდეს ყველა ძირითადი წინაპირობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

10.2. სსსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია შესაგებლის წარუდგენლობა და არა - რომელიმე მოსამართლის მიერ შესაგებლის კვალიფიციურად ან არაკვალიფიციურად შეფასება. ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხემ წარადგინა პოზიცია, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მოსარჩელის სახლის დაზიანებას დაადასტურებდა. მოპასუხე იმის დამადასტურებელ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარადგენდა, რომ მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა. უფრო მეტიც, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც თავად მოსარჩელეს არ წარუდგენია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი უმთავრესი საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის, 38 560 აშშ დოლარის ანაზღაურების საფუძველი.

13. დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 მუხლებიდან (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).

14. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული შემდეგი გარემოებები:

საქმეში არსებული 2013 წლის 7 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტს ეთხოვა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გაჩენილი ბზარებისა და დეფორმაციების გამომწვევი მიზეზებისა და მისგან მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღდგენით-გასამაგრებელი და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ხსენებული დასკვნით ექსპერტმა დაადგინა, რომ: ქ.თბილისში, .......... ქ.№25-ში მდებარე ორსართულიან შენობაში, მასთან მიჯნით მშენებარე რვასართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობისას დაზიანდა №25 სახლის ტორსული კედლის ცალკეული მონაკვეთები; საცხოვრებელ სახლში მაღალია ფიზიკური ცვეთის მაჩვენებლები, რის გამოც მნიშვნელოვნადაა შემცირებული მისი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციული ელემენტების ვარგისიანობის ინდექსი, აუცილებელია შემინული ქოლგის, დაბზარულ-დაზიანებული კედლების, შიდა სათავსებში იატაკებისა და კედლების აღდგენა, მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მხარეზე კაპიტალური ღობის საექსპლოატაციო მდგომარეობაში მოყვანა; ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, აღსადგენი სამუშაოების ღირებულება 2013 წლის მესამე კვარტლის საბაზრო-რესურსულ ფასებში 42.98 ათასი ლარია, რაც დოლარის კურსთან (1.75) შეფარდებით 24 560 აშშ დოლარს შეადგენს (ტომი 2, ს.ფ. 39-40).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით, ექსპერტს შემდეგი შეკითხვა დაესვა: მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანებების შედეგად, რამდენად დაეცა აღნიშნული სახლის საბაზრო ღირებულება. დასმულ შეკითხვას ექსპერტმა შემდეგი პასუხი გასცა: ქ.თბილისში, .......... ქ.№25-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის 1კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება, 2015 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, საორიენტაციოდ, 406 აშშ დოლარია. შესაბამისად, მთლიანი 510კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 207 060 აშშ დოლარს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 467 376 ლარს შეადგენს. ქ.თბილისში, .......... ქ.№23-ში მიმდინარე მშენებლობის შედეგად ამავე ქუჩის №25-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანებები უარყოფითად მოქმედებს საკვლევი ობიექტის საბაზრო ღირებულებაზე და იწვევს ფასის შემცირებას, დაახლოებით 15-20%-ით (ტომი 2, ს.ფ. 234).

საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაადასტურა, რაც მოპასუხემ ამ ფაქტის უარყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).

16. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ვერ დაეთანხმება და განმარტავს შემდეგს:

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის თანხა (რომლის გადახდაც მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული) მოიცავს ერთი მხრივ, ექსპერტის 2013 წლის 7 დეკემბრის დასკვნით განსაზღვრული ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულებას (24 560 აშშ დოლარი) და, მეორე მხრივ, ექსპერტის 2015 წლის 27 ივლისის დასკვნაში მითითებულ, მოსარჩელის ქონების შემცირებული საბაზრო ღირებულების ნაწილს (14 000 აშშ დოლარი). მოცემული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეყრდნო სარჩელში მითითებულ ზიანის გაანგარიშებას (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 220-222).

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა: 1. მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულება, რომელიც 24 560 აშშ დოლარს შეადგენს; 2. მოპასუხემვე უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს ნივთზე მიყენებული დაზიანებების შედეგად ქონების საბაზრო ღირებულების შემცირების საკომპენსაციო თანხის ნაწილი, 14 000 აშშ დოლარი.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რომლის მოთხოვნის მიზანია მოსარჩელის საკუთრების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, თავისთავად გულისხმობს, მოსარჩელის ქონების ზიანის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებას. თუკი მოსარჩელის ქონება ზიანის მიყენებამდე არსებულ კონდიციას დაუბრუნდება (რაც, როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 24 560 აშშ დოლარის გადახდის გზით მიიღწევა), მაშინ, ცხადია, რომ ქონებას შემცირებული საბაზრო ღირებულება (მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის გამო) აღარ ექნება და მისი ფასიც პირვანდელ მდგომარეობას (დაზიანებების მიღებამდე არსებული კონდიცია) გაუტოლდება. ასეთ შემთხვევაში, აღარც შემცირებული საბაზრო ღირებულების გადახდის ვალდებულება იარსებებს, რადგან ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაში ზიანის მიყენებლისგან ყველა იმ ხარჯის გაწევა მოიაზრება, რომელმაც დაზიანებული ქონება ზიანის მიყენებამდე არსებულ მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი ზიანის აღსადგენი სამუშაოების ღირებულების (24 560 აშშ დოლარი) ანაზღაურება დაზიანებული ქონების ზიანის მიყენებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს და რაკი ასეთ პირობებში, ქონების საბაზრო ღირებულების შემცირება (მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიზეზით) აღმოიფხვრება, ბუნებრივია, მოპასუხეს უკვე ანაზღაურებული ზიანის დამატებით ანაზღაურება ვეღარ მოეთხოვება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ რეალურად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელი სამუშაოების ღირებულება, 24 560 აშშ დოლარი და სარჩელი სწორედ ამ ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

18. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 38 560 აშშ დოლარის დაკისრებას, ე.ი. დავის საგნის (სარჩელის) ფასია 38 560 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა 24 560 აშშ დოლარი, რაც დავის საგნის ფასის 64% შეადგენს და საპროცესო ხარჯებიც მხარეებს შორის ანალოგიური პროპორციით უნდა განაწილდეს.

მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით მთლიანობაში გადაიხადა 7064,16 ლარი და შპს "კ–ს" უნდა დაეკისროს დასახელებული თანხის 64% რაც შეადგენს 4521,06 ლარს. რაც შეეხება შპს "კ–ს" მის მიერ საკასაციო საჩივრის ფარგლებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 5926,29 ლარს, რომლის 36% ანაზღაურება უნდა გადახდეს ი.დ–ს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 404-ე, 408.3-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.დ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „კ–ს“ ი.დ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 24 560 აშშ დოლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს „კ–ს“ ი.დ–ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯების ნაწილი 4521,06 ლარის მოცულობით;

7. ი.დ–ს შპს „კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯების ნაწილი 2133,46 ლარის მოცულობით;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე