26 მარტი, 2021 წელი,
საქმე №ას-195 -2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჯ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.ბ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, რ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე უძრავ ქონებაზე (6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი), საკადასტრო კოდით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, სადავო უძრავი ქონება ან საზიარო საგანი), თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უფლება და მოსარჩელეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყო 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2017 წლის 29 დეკემბრის ექსპერტიზის #436 დასკვნის მიხედვით. მიღებული ქონების სავალდებულო წილში ჩათვლისა და საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ჯ.ბ–ის აღძრული შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს მიუხედავად იმისა, რომ, როგორც კომლის წევრს, მიღებული ჰქონდა სავალდებულო წილი, მაინც ითხოვდა საზიარო უფლების გაუქმებას იმ ქონებაზე, სადაც არც უცხოვრია და არც კომლის მეურნეობის მართვაში არ მიუღია მონაწილეობა. 1987 წელს გაყიდა მშობლების მიერ ნაჩუქარი სახლი და ცხოვრობდა რუსეთში. 2014 წლიდან კი, დაიწყო სხვისი ქონების დაუფლება ძალადაკარგული დოკუმენტებით, კერძოდ, ერთი საარქივო ცნობით ორჯერ დაეუფლა სხვის წილ ქონებას.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითება, თუ რა შედეგი მოჰყვება მიწის ნაკვეთის გაყოფას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მხარეთა თანასაკუთრების უფლება, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის ადგილობრივი არქივის 2016 წლის 4 ნოემბრის საარქივო ცნობის საფუძველზე, უძრავი ქონების 1/3 წილი მოსარჩელეს, ხოლო 2016 წლის 8 ნოემბრის #161282245 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2/3 წილი, მოპასუხეს ეკუთვნის (იხ. 2017 წლის 21 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
5.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის ადგილობრივი არქივის 2016 წლის 4 ნოემბრის #AA2016076945-03 საარქივო ცნობის თანახმად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ნ.ტ. ასული ბ–ი (კომლის უფროსი ან მოსარჩელისა და მოპასუხის დედა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილები - შ. (მოპასუხის მამკვიდრებელი), რ.(მოსარჩელე) და ს.ბ–ები.
5.5. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შპს „ზ–ას“ 2017 წლის 29 დეკემბრის #436 დასკვნის მიხედვით, სადავო უძრავი ქონებიდან 1/3 ნაწილის გამოყოფა მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი, კერძოდ, მიწის ნაკვეთის 2/3 უძრავი ქონების მარჯვენა ნაწილია, სადაც განთავსებულია ხის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, შენობა #1 და კაპიტალური ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, შენობა #2, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია - 4 000 კვ.მ, ხოლო მიწის ნაკვეთის 1/3 უძრავი ქონების მარცხენა ნაწილია, სადაც შენობა-ნაგებობები არ არის განთავსებული, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია - 2 000 კვ.მ.
6. განსახილველ შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის, ასევე, მიღებული ქონების სავალდებულო წილში ჩათვლის შესახებ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე) და 1455-ე (სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებლის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს 29.12.2020 N 1/3/1337 გადაწყვეტილება) მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების არსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა შეგებებული სარჩელის წარუმატებულობაც.
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორმა საქმეში დაცული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 963-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის ნატურით გაყოფით, რადგან საქმის მასალებით დადასტურებელია, რომ სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია (იხ. ექსპერტიზის დასკვნა). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, საწინააღმდეგო კასატორს არ დაუდასტურებია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (შდრ. სუსგ. #ას-39-39-2016, 01.03.2016წ; Nას-67-65-2014, 31.07.2014წ; #ას-774-741-2014, 20.07.2015წ; #ას-59-58-2014, 29.06.2015წ).
9. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ: “სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო საგნის ნატურით გაყოფით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (შდრ. სუსგ. #ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).
10. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (შდრ.: სუსგ, #ას-1080-1000-2017, 27.10.2017 წელი).
11. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო უძრავ ქონებაზე სწორად გააუქმა საზიარო უფლება ნივთის ნატურით გაყოფის გზით, ვინაიდან, როგორც ითქვა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგნის ნატურით გაყოფა შესაძლებელია.
12. კასატორის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ მიიღო კუთვნილი წილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, .... ქუჩის #143-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც შემდგომ გაყიდა, საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაპყრობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის 1/3/1337 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებლის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებდა მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 29.12.2020 N 1/3/1337 გადაწყვეტილება). ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორის ამ პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც, შეგებებული სარჩელი მაინც წარუმატებელი იქნება, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრე საკოლმეურნეო კომლის წევრად რეგისტრაციის საფუძველზე გახდა და მხარეებს შორის სამკვიდრო არ გაყოფილა, ამასთან, კომლის უფროსი 2005 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გარდაცვალებამდე ხუთი წლის განმავლობაში იგი მოსარჩელეს კომლიდან წილს ვერ გამოუყოფდა, რადგან ამ დროისათვის საკოლმეურნეო კომლები აღარ არსებობდა/გაუქმდა.
13. კასატორის პრეტენზიაც, რომ მოსარჩელე სადავო ქონებით არ სარგებლობდა, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვას და, მით უფრო, საკუთრების დაკარგვას გამოიწვევდა და გამორიცხავდა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ხ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #301, გადახდის თარიღი 21.01.2019წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჯ.ბ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ხ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #301, გადახდის თარიღი 21.01.2019წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე