საქმე №ას-1666-2019 9 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.გ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ფ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ, ქ.ახალქალაქში, ..... მდებარე 335,70 კვ.მ (ს/კ #....., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) მხართა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული სარდაფით, რომლის ფართი შეადგენს 335.70 კვ. მეტრს. მიწის ფართი მთლიანად შეადგენს 500 კვ. მეტრს და წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. ქონების თანამესაკუთრეა მოპასუხე, რომელმაც ასევე შეიძინა ნივთის 0,285 ნაწილი, ხოლო მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 0,715 ნაწილი. სადავო სარდაფი თანამესაკუთრეებს ურთიერთშეთანხმებით ქონდათ გაქირავებული სამეურნეო დანიშნულების მიზნით და მიღებულ ქირას იყოფდნენ, სხვაგვარი შეთანხმება აღნიშნულზე არ ყოფილა, ვინაიდან სარდაფი არის გაუყოფადი, აქვს ერთი საერთო შესასვლელი, ტექნიკურად გამიჯვნა შეუძლებელია. სარდაფი იყო გამოუსადეგარი, ავარიული, არ ჰქონდა სველი წერტილი და განათება, რაც საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა მოსარჩელემ, რაზეც მოპასუხე დღემდე პირდება, მაგრამ არ უხდის სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებს. სარდაფის დამქირავებელმა დაახლოებით ერთი წლის წინ შეწყვიტა ფუნქციონირება და გაათავისუფლა სარდაფი, აღნიშნული მომენტით ისარგებლა მოპასუხემ და მოსარჩელესთან შეუთანხმებლად გახსნა რესტორანი. მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს კუთვნილი წილით, რადგანაც მოპასუხე არ უშვებს იმ ერთადერთი შესასვლელიდან რომელიც სარდაფს აქვს. მხარეებს შორის დავა დღემდე გრძელდება, მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მოსარჩელე ფლობს კუთვნილზე მეტ ფართს, რითაც იზღუდება მოსარჩელის საკუთრების უფლება
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართი მხარეებს შეძენის დღიდან გამიჯნული აქვთ, ნივთს აქვს ორი ერთნაირი შესასვლელი, რომელთაგან ერთი შედის მოსარჩელის, ხოლო მეორე _ მოპასუხის ფართში. სარჩელიდან გაუგებარია რომელ შესასვლელს მოითხოვს მოსარჩელე. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მტკიცება, თითქოს მოპასუხეს შენობაში გახსნილი აქვს კვების ობიექტი. სადავო ფართის ნატურით გამიჯვნა შესაძლებელია და არ არსებობს მისი იძულების წესით გასხვისების საფუძველი. საინჟინრო ექსპერტიზის #004906818 დასკვნის თანახმად:
- ქ.ახალქალაქში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობაში გ.გ–ის და ა.ფ–ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში ა.ფ–ის კუთვნილ ფართს არა აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ......... ქუჩის მხარეს. ფართში არ არის განთავსებული სველი წერტილი;
- ქ.ახალქალაქში, .......... მდებარე შენობა-ნაგებობაში გ.გ–ის და ა.ფ–ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტი, ხარჯთაღრიცხვა) სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში, ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი გ.გ–ის და ა.ფ–ის კუთვნილ წილებში ......... ქუჩის მხრიდან;
- ქ.ახალქალაქში, .......... მდებარე შენობა-ნაგებობაში გ.გ–ისა და ა.ფ–ის თანასაკუთრებაში არსებული სარდაფის გამიჯვნა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს მოცემულია დანართი #2-ზე. მწვანე ფერით ნაჩვენებია გ.გ–ის კუთვნილი 0,715 ნაწილი, ხოლო, ყვითელი ფერით _ ა.ფ–ის კუთვნილი 0,285 ნაწილი. შენობა- ნაგებობის ამ ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულება არ მცირდება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელემ 2003 წლის 17 დეკემბერს შეიძინა ქ.ახალქალაქში, ...... მდებარე 335.70 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული სარდაფით. მიწის მთლიანი ფართი შეადგენს 500 კვ. მეტრს და მინიჭებული აქვს არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი. მასზე აშენებულია სარდაფი;
1.2.2. მოსარჩელის თანამესაკუთრეა ა.ფ–ი, რომელმაც უძრავი ქონების 0,285 ნაწილი, სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონების 0,715 ნაწილი;
1.2.3. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მერიისთვის წარდგენილ სქემატურ ნახაზში მითითებული ზომები სამშენებლო ნორმებს არ შეესაბამება;
1.2.4. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში მოპასუხის კუთვნილ ფართს დამოუკიდებელი შესასვლელი ......... ქუჩის მხარეს არ აქვს. ფართში სველი წერტილი არ არის. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად მომზადების, ასევე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში, მხარეთა კუთვნილ წილებში .... ქუჩის მხრიდან ტექნიკურად შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელი მოეწყოს. სარდაფის გამიჯვნა, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, შესაძლებელია ისე, როგორც ეს მოცემულია #2 დანართზე (მწვანე ფერით - გ.გ–ის კუთვნილი 0,715 ნაწილი, ხოლო, ყვითელი ფერით - ა.ფ–ის კუთვნილი 0,285 ნაწილია ნაჩვენები). შენობა-ნაგებობის ამ ფორმით გამიჯვნის შემთხვევაში, მისი ფუნქციური ღირებულება არ მცირდება;
1.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა სასამართლოსათვის მიცემული განმარტებისას დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის #004906818 დასკვნა და განმარტა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში, მხარეთა კუთვნილ წილებში, ... ქუჩის მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობა ტექნიკურად შესაძლებელია. შენობა-ნაგებობის გამიჯვნა, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ისე, რომ ნატურით გამოყოფილმა საგანმა ფუნქციური დანიშნულება არ დაკარგოს, შესაძლებელია;
1.2.6. მხარეთა კუთვნილ ფართებს .... ქუჩის I შესახვევის მხრიდან გააჩნიათ ცალ-ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი. მოსარჩელის კუთვნილი ფართის შესასვლელი კარის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია, ხოლო, სიგანე დაახლოებით მეტრნახევარი. მოპასუხს კუთვნილი შესასვლელი კარი დაკეტილი აქვს და მესამე პირის შესასვლელით სარგებლობს. როგორც მოსარჩელეს ისე _ მოპასუხეს, ......... ქუჩის მხრიდან აქვთ ფრამუგები, საიდანაც აღნიშნული ფართები ნათდება. მოსარჩელის კუთვნილი ფართი დაკეტილია და არ ფუნქციონირებს, ხოლო, მოპასუხის ფართის ნაწილი ფუნქციონირებს. მოპასუხეს მოწყობილი აქვს კაფე, როგორც ექსპერტიზის დასკვნის ნახაზშია აღნიშნული ყვითელი ფერით, ამასთან მოპასუხის ფართს მიმატებული აქვს სხვისი (სავარაუდოდ მეუღლის) კუთვნილი ფართიც. მიმატებული ფართიდან მას ......... ქუჩიდან სარდაფში ჩასასვლელი აქვს მოწყობილი. რაც შეეხება ......... ქუჩის I შესახვევის მხრიდან მოწყობილ სარდაფში ჩასასვლელს, აღნიშნული მისთვის სათადარიგო ჩასასვლელს წარმოადგენს. მოსარჩელის ფართს (რომელიც ნახაზში აღნიშნულია მწვანე ფერით) ცენტრალური ქუჩიდან ჩასასვლელი არ გააჩნია. ადგილზე დათვალიერებითა და მხარეთა განმარტებით დადგინდა, რომ გასაყოფ ფართებში ე.წ სველი წერტილები არ არის. მოპასუხეს, სავარაუდოდ, სველი წერტილი ისევე, როგორც სარდაფში ჩასასვლელი, მესამე პირის (სავარაუდოდ მეუღლის) კუთვნილ ფართში აქვს მოწყობილი;
1.2.7. გარდა ადგილზე დათვალიერებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაიკითხა ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში, გ.გ–ისა და ა.ფ–ის კუთვნილ წილებში, ......... ქუჩის მხრიდან, ტექნიკურად შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობა. შესაძლებელია შენობა-ნაგებობის გამიჯვნა მისი ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ისე, რომ ნატურით გამოყოფილი საგანი, ფუნქციურ დანიშნულებას არ დაკარგავს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა კანონისმიერი ვალდებულებითი დანაწესიდან, კერძოდ, საზიარო უფლებებიდან გამომდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საზიარო საგნის თანამესაკუთრე მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის გზით. ამდენად, განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 953-ე და 964-ე (1) მუხლები წარმოადგენს. ამ ნორმათა ფარგლებში კი, სარჩელის წარმატებულობა განპირობებულია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მხარეებს თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეთ საზიარო საგანი; ერთ-ერთ მესაკუთრეს უნდა სურდეს საზიარო უფლების გაუქმება; საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შეუძლებლობა უნდა დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, პირველი და მეორე წინაპირობის არსებობა დადასტურებულია, რაც შეეხება მესამე წინაპირობას, მისი მტკიცება, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შინაარსიდან, ისე _ მოპასუხის შედავებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ეკისრება მოსარჩელეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ თავად წარადგინა საზიარო უფლების ნატურით გაუქმების დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულება, რომლითაც არა მხოლოდ ნივთის დაყოფის, არამედ _ მისი ფუნქციური დანიშნულების შენარჩუნების შესაძლებლობა დგინდება. ხსენებული მტკიცებულება მოსარჩელეს საპირწონე მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია და არც საკასაციო საჩივარი შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ არგუმენტს, რომელიც ამ დოკუმენტის შეფასების თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების დასკვნების კანონიერებას შეარყევდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.გ–ის მიერ 16.12.2019წ. #8816883549 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.გ.ს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. გ–ის მიერ 16.12.2019წ. #8816883549 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი