საქმე №ას-788-2020 26 თებერვალი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ლ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, შვებულებისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ლ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ მოპასუხის 2019 წლის 1 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის, ხარაჩოს სპეციალისტის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის, გათავისუფლების დღიდან სამუშაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სახით თვეში 1 188,86 ლარის, 4 თვის საშვებულებო თანხის _ 4 755,44 ლარისა და მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის _ 4 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ბოლო ერთი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1 188,86 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
4.2. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, შეგებებული სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ, ძირითადი სააპელაციო საჩივრისაგან განსხვავებული წესები მოქმედებს, ასეთ დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნები არ გამოიყენება. ქონებრივი ცენზის დაწესების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიმართ დაირღვევა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გაუმართლებლად შეზღუდავს მის ინტერესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.ლ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილი ქონებრივი ცენზი გავლენას ახდენს თუ არა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე.
1.3. საკითხის სწორად შეფასებისათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც ხსენებული ნორმის შინაარსზე, ისე _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტზე, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის ქონებრივი ცენზის და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები უნდა განიმარტოს, როგორც მათი მიზნიდან, ისე _ სისტემური თვალსაზრისიდან გამომიდნარე:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლები წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს და დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
1.3.2. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობასაც, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა.
1.3.3. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამ ურთიერთკავშირის ფარგლებს თავად კანონი განსაზღვრავს: ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იმავე შედეგის მატარებელი გახდება. კანონის ამ დათქმის უფრო ფართოდ განმარტება ეწინააღმდეგება თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებას, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის თავდაცვის დამატებით და ქმედით საპროცესო საშუალებას. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას.
1.3.4. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები, მაგალითად, როგორც ეს შეგებებული სარჩელის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში გვხვდება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის ძალით სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილი წესებით, თუმცა აღნიშნული დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისათვის კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა გათვალისწინებული არ არის. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში კი, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის წესს და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ დროს შეგებებული სარჩელის მიღების პირობების მსგავს მოთხოვნებს არ ადგენს.
1.3.5. საკასაციო პალატა მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა, ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
1.3.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის ჭრილში არაერთხელ განმარტა, რომ სასამართლოს უსაფუძვლო გადატვირთვის თავიდან არიდების მიზნით გარკვეული შეზღუდვების დაწესება (როგორიცაა მაგ: სახელმწიფო ბაჟი, ქონებრივი ცენზი და სხვა) ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს წარმოებაში აქვს ძირითადი სააპელაციო საჩივარი, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამო დაუშვებლად მიჩნევა საფუძველს აცლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიზანს და აღარ შეიძლება მივიჩნიოთ უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებად. გარდა ამისა, შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მსჯელობისას ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ თუკი ხსენებული დააკმაყოფილებს ძირითადი სააპელაციო საჩივრისათვის კანონით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას (ფორმალური საფუძვლები: სსსკ-ის 368-ე მუხლი; ქონებვრივი ცენზი: სსსკ-ის 365-ე მუხლი; გასაჩივრების ვადა: სსსკ-ის 369-ე მუხლი), მაშინ უდავოა, რომ სახეზე გვაქვს არა შეგებებული, არამედ _ ძირითადი სააპელაციო საჩივარი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება სასამართლოში მანამდე წარდგენილი საჩივრისაგან და მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაშიც არ გაიზიარებს თავდაპირველი სააპელაციო საჩივრის ბედს (სსსკ-ის 379-ე მუხლი), რამდენადაც სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების გაუარესება მხოლოდ ფორმალური პროცესუალური საფუძვლებით (მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავდაპირველი საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებიდან 10-დღიან ვადაშია შეტანილი) დაუშვებელია.
1.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო სამართლის წესების მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფძველზე პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საპირისპიროდ განმარტავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმებაზე კომპეტენტურს წარმოადგენს არა საკასაციო, არამედ _ სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, პალატა საქმეს უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ლ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აპრილის განჩინება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი