Facebook Twitter

საქმე №ას-393-2019 5 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. კ.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.დ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ, მოპასუხისათვის ხელფასის _ 484 115 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე, 2008 წლის 2 მაისიდან 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე _ 103 თვის განმავლობაში იყო მოპასუხის ხელმძღვანელი და ახორციელებდა საწარმოს დირექტორის ფუნქციებს. მოვალეობათა შესრულებისას გასამრჯელო არც ერთხელ არ მიუღია, საზოგადოება კი ვითარდებოდა მისი შრომის შედეგად. 2016 წლის 23 დეკემბერს, მოსარჩელეს შეუწყვიტეს მინდობილობა და გასამრჯელოსა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხების თანახმადაც, მოპასუხეს აღებული აქვს ვალდებულება, ხელფასის სახით მოსარჩელისთვის გადაეხადა ყოველთვიურად 5 000 ლარი, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, ხელფასი მას არ მიუღია. სწორედ 5 000 ლარია მოპასუხე საწარმოს დღევანდელი დირექტორის ხელფასი და ამდენივე უნდა მიეღო მოსარჩელეს მოპასუხისაგან ყოველთვიურად.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება მოსარჩელისათვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 5 000 ლარის გადახდის თაობაზე არ დადებულა. საწარმოს დავალებების შესრულებისას მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობდა მისი მეუღლის, მოპასუხე საწარმოს 34%-იანი წილის მფლობელის, მ.ქ–ძის მიერ დივიდენდების მიღებაში. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოსთან გაფორმებული ჰქონდა არაერთი სესხის ხელშეკრულება როგორც გამსესხებელს, საიდანაც მოსარჩელე სარგებელს იღებდა. კომპანიაში დასაქმებული იყო მოსარჩელის ორი შვილი, რომლებიც სოლიდურ ანაზღაურებას იღებდნენ. მოსარჩელის მიერ საწარმოს სახელით განხორციელებული ქმედებები არა თუ სარგებლის, არამედ ზიანის მომტანი იყო საზოგადოებისათვის - მოსარჩელის საწარმოში ყოფნის პერიოდში, საწარმოს პარტნიორებმა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს დივიდენდი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2008 წლის 10 აპრილიდანაა რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით ....... საწარმოს წილის 34%-ის მესაკუთრეა მოსარჩელის მეუღლე, ხოლო 66%-ისა - თურქეთის მოქალაქე ო.ჩ–უ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს დირექტორია ო.ჩ–უ (შემდგომში _ დირექტორი);

1.2.2. 2008 წლის 2 მაისს, კომპანიის დირექტორმა მოსარჩელეზე 3 წლის ვადით გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლება, ყოფილიყო მოპასუხის წარმომადგენელი „ბ.რ–ას“ ნებისმიერ ფილიალში და კომპანიის სახელთ განეხორციელებინა კანონით დაშვებული ნებისმიერ ქმედება, ეწარმოებინა ნებისმიერი საბანკო ოპერაცია, მათ შორის გაეხსნა ანგარიში, ეწარმოებინა თანხის შეტანა-გამოტანა, გადარიცხვები, აეღო ვალდებულება, დაეტვირთა სანივთო უფლებით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული დავალებების შესრულების მიზნით, მოსარჩელეს მიეცა უფლება, მოპასუხე საწარმოს სახელით, დირექტორის მაგივრად მოეწერა ხელი განცხადებებისთვის და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იყო ზემომითითებული დავალების შესრულებასთან;

1.2.3. 2011 წლის 10 ივნისს, ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, დირექტორმა მოსარჩელის სახელზე გასცა უვადო მინდობილობა, რომლითაც მინდობილ პირს მიეცა უფლება, იყოს მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის ნებისმიერ საბაჟო სამსახურში, ასევე, ეწარმოებინა მოლაპარაკებები ფირმის სახელით, აეღო ვალდებულებები, ნებისმიერ ბანკში გაეხსნა და დაეხურა ანგარიშები, შეესრულებინა საბანკო ოპერაციები, საზოგადოების ანგარიშებზე შეეტანა და ამ ანგარიშებიდან გამოეტანა თანხა, ეწარმოებინა გადარიცხვები, ფირმის სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები, დაედო ხელშეკრულებები, ხელი მოეწერა საგადასახადო განცხადებასა და სხვა სახის საჭირო დოკუმენტებზე, შეესრულებინა აღნიშნული ფირმის სახელზე შემოსული საქონლის საბაჟო პროცედურები, ეყიდა და გაეყიდა ფირმის სახელით ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, ეწარმოებინა ყველა სახის სადაზღვევო პროცედურები, ხელი მოეწერა საჭირო დოკუმენტებზე და შეესრულებინა ნებისმიერი მოქმედება ამ მინდობილობაში აღნიშნული დავალების შესასრულებლად;

1.2.4. 2016 წლის 23 დეკემბერს კომპანიის დირექტორმა გააუქმა მოსარჩელის სასარგებლოდ 2011 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობა;

1.2.5. 2008 წლის 2 მაისისა და 2011 წლის 10 ივნისის მინდობილობების საფუძველზე მოსარჩელე კომპანიის სახელით უფლებამოსილებებს ახორციელებდა 103 თვის მანძილზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამ პერიოდში მოსარჩელეს საწარმოსგან ხელფასის სახით თანხა არ მიუღია (შპს „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ცენტრის“ დირექტორის 10.07.2017 წლის წერილით ირკვევა, რომ ხელფასის სახით მოსარჩელეს 2012 წლის ივლისში 15 311.25 ლარი, ხოლო 2013 წლის ოქტომბერში _ 6 250 ლარი დაერიცხა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილია მოპასუხის მიერ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე საზოგადოების თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ამ საფუძვლით საზოგადოებას მიმართული ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რწმუნებული მარწმუნებლისაგან გასამრჯელოს ანაზღაურებას მოითხოვს, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 710-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლელბშიც სარჩელი წარმატებულია, თუ დადგინდება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის ფარგლებშიც რწმუნებული მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე ვალდებულია განახორციელოს შეპირებული მოქმედებანი, ხოლო, მარწმუნებელი ვალდებულია აანაზღაუროს გასამრჯელო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარდა ცალმხრივი მინდობილობისა, მარწმუნებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო რწმუნებულისათვის აენაზღაურებინა გასამრჯელო, რომელიც მას ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში არასოდეს მიუღია. მოპასუხე უარყოფს ამგვარი შეთანხმების არსებობას. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენლობა იძლევა სასყიდლიან დავალებაზე შეთანხმების პრეზუმფციას, რომლის გაქარწყლებაც, პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მოპასუხეს, თუმცა, თავად სარჩელში მითითებული გარემოებისა (ხანგრძლივი დროის მიუხედავად მოსარჩელეს გასამრჯელო არ მიუღია) და იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში მოთხოვნა არ წაუყენებია კომპანიისათვის, რომლის სოლიდური წილის მფლობელი იყო მოსარჩელის მეუღლე, ამავე საწარმოში იყვნენ დასაქმებული მოსარჩელის შვილები, პალატა მიიჩნევს, რომ კანონისმიერ პრეზუმფციას ეცლება საფუძველი და სასყიდელზე მხარეთა შეთანხმება, ფაქტების ყოველმხრივი შეფასების შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) გამოირიცხება. სხვა სარწმუნო მტკიცებულება კი, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასყიდლის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გ.ი–ას მიერ 28.02.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკივებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა წარადგინეს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები, ასევე, გასაჩივრებული განჩინების ასლი, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართლებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მხარეებს უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ კ.ბ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.ი–ას მიერ 28.02.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.

3. კ.ბ–ძეს ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და გასაჩივრებული განჩინების ასლი (ტ. II, ს.ფ.125-127; 130-140), ხოლო, მოწინააღმდეგე მხარეს _ საკასაციო შესაგებელზე დართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი