Facebook Twitter

საქმე №ას-56-2021 31 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.კ–ძე, შპს ,,ა–ის №..’’, სს ,,ფ–ი’’ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.გ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.კ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), შპს „ა–ის ..-ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), სს „ფ–ის“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარს 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენის დედნის წარმოდგენა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადის დაცვით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის ორი კვირით გაგრძელების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ვადა გაუგრძელდა 14 დღით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. მითითებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ი.მ–ძეს 2020 წლის 11 ნოემბერს პირადად ჩაჰბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 12 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 25 ნოემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. აპელანტის წარმომადგენელმა 2020 წლის 27 ნოემბერს სასამართლოს მიმართა ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ ელექტრონული განცხადებით, რომელსაც თან დაურთო ამავე თარიღში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით მიიღო განჩინება. ამასთან, ის უთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე (მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლი) და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლები გულისხმობს სამართლიანი და გამჭირვალე სასამართლოს უფლებას, რითაც გამოიხატება სასამართლოს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რათა ყველასათვის ნათელი იყოს სასამართლოს მსჯელობა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაურღვია მას სამართლიანი სასამართლოს უფლება.

11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ განიხილა 2020 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში სსსკ-ის 215.3, 63-ე, 64-ე და 65-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნული დასაბუთებული და საფუძვლიანი მოთხოვნები, რაც ფაქტობრივად და შინაარსობრივად წარმოადგენდა საპროცესო ვადის აღდგენისა და ხარვეზის შესავსები ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

16. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.

17. საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

18. სააპელაციო პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღით გაუგრძელდა.

19. ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა/ ტ.1, ს.ფ. 201-202) კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2020 წლის 11 ნოემბერს (იხ. სატელეფონო აქტი/ ტ.1, ს.ფ. 273.) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

22. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც მოცემულია ამ განჩინების მე-7 და მე-8 პუნქტებში. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 12 ნოემბერს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2020 წლის 25 ნოემბერს ამოიწურა.

24. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (14 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

25. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების გასაქარწყლებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2020 წლის 27 ნოემბრის (განცხადება კანცელარიაში რეგისტრირებულია 2020 წლის 30 ნოემბერს, ორშაბათს) განცხადების შინაარსს, რომელიც შეეხებოდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის მიუხედავად, სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებიდან გამომდინარე აპელანტს არ გაათავისუფლებდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან არ გადაუვადებდა.

26. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღინიშნავს, რომ საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნისაგან განსხვავებული სამართლებრივი შინაარსისა და დატვირთვისაა. შესაბამისად, განსხვავებულია ამ შუამდგომლობათა განხილვის წესი და შედეგიც.

27. აპელანტის წარმომადგენლის ორი დღის დაგვიანებით, 2020 წლის 27 ნოემბერს ელექტრონული ფორმით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა ვერ მიიჩნეოდა საპროცესო ვადის დაცვით განხორციელებულ მოქმედებად, შესაბამისად, მასზე რეაგირება ვერ მოხდებოდა (სსსკ-ის 59-ე, 61-ე და 63-ე მუხლები), მით უფრო იმ პირობებში, რომ განმცხადებელს საპროცესო ვადის აღგენა არ მოუთხოვია (იხ. განცხადება/ ტ. 1, ს.ფ. 274).

28. ამასთან, განცხადება, რომ შეფასდეს საპროცესო ვადის აღდგენის კონტექსტში, პალატა მაინც უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას, რადგან განცხადებას არ ერთვის საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და არც მასში არ არის ახსნილი, თუ რამ განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა (სსსკ-ის 65-ე და 215.3 მუხლები). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მხოლოდ იმ გარემოებების დასაბუთება, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნას, ასევე უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ არსებობდა აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. .., para. 5).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

32. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი არ დგინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

33. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (სუსგ-ები: №ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; №ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; №ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დასაბუთებული და სამართლებრივრივი არგუმენტებით გამყარებული. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე