Facebook Twitter

ბს-91-10-კს-04 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება, საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე იმერეთის რეგიონის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა 2001წ. 3 აპრილს გამართული აუქციონის ოქმისა და შედეგების ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 9 აპრილს გამართული აუქციონი, რომელზეც მისი კუთვნილი ბინა ნატურით გადაეცა კრედიტორ ა. ტ.-ს, ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 26-ე, 29-ე, 47-ე, 63-ე, 68-ე, 71-ე და 77-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც წარმოადგენდა აუქციონის ოქმისა და შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ქ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და რომლითაც დავის საგნის მიმართ წარადგინა დამოუკიდებელი მოთხოვნა. მესამე პირი მიუთითებდა, რომ 2001წ. 3 აპრილს გამართულ აუქციონზე გასხვისებული სახლის ნაწილი, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., აუქციონის ჩატარების დროისათვის წარმოადგენდა მის საკუთრებას და სახლის ა. ტ.-ზე გადაცემით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, კანონით დაცული უფლებები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით ა. ქ.-ის განცხადება საქმეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ი არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ბ.-მ და მოითხოვა სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ.-ის კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. ტ.-მ განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და მოითხოვა ა. ქ.-ისათვის მის სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრება, ასევე მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ა. ქ.-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დაყადაღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 11 დეკემბრის განჩინებით ა. ქ.-ის სახელზე რიცხულ ბინას, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., დაედო ყადაღა. ა. ქ.-ის ადვოკატმა ო. მ.-ემ 2001წ. 20 თებერვალს ყალბი განჩინებით (ა. ქ.-ის ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ) მიმართა ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ტერიტორიული სამსახურის უფროსს გ. კოპალიანს, რომელმაც მისთვის წარდგენილი ყალბი განჩინება მიიჩნია სარწმუნოდ და გააუქმა ა. ქ.-ის ბინაზე ყადაღა. ამის შემდეგ, ადვოკატმა დ. მ.-მ ა. ქ.-ის სახელით ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2001წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინა ბინის რეგისტრაცია ბ. ბ.-ის სახლზე. ყალბი განჩინების საფუძველზე შესრულებული ჩანაწერი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ რამდენიმე დღეში გასწორდა და ... ქ. ¹25/46-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა კვლავ აღირიცხა ა. ქ.-ის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ი მოცემულ საქმეში არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის მონაწილეს და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხებოდა მის ინტერესებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინება და ბ. ბ.-ი ჩართულ იქნეს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე მესამე პირის ორ ტიპს: მესამე პირი, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება და მესამე პირი, რომელიც წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული ისეთი მესამე პირი, რომელსაც დავის საგნის მიმართ გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რაც ამ კოდექსით არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ისეთი მესამე პირიც, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნა, რომელიც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება ყველა მოვალეობა. მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ბ. ბ.-ის საქმეში მესამე პირად ჩართვაზე და მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელზედაც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ. ბ.-ს წარდგენილი ჰქონდა დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადება და სასამართლოს უნდა ემსჯელა მისი წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. ფაქტობრივად შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ბ. ბ.-ის სარჩელი წარმოებაში მიღებულად ითვლება სსკ-ის 183-ე მუხლის საფუძველზე, რადგან წარდგენიდან 5 დღის ვადაში სასამართლომ არ იმსჯელა წარმოებაში მიღების შესახებ, ხოლო 2003წ. 11 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა საქმეში მესამე პირად ჩართვაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ უარის თქმა იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი, არასწორია, ვინაიდან ბ. ბ.-ს აღნიშნული საფუძვლით არ მოუთხოვია საქმეში მესამე პირად ჩართვა, იგი თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმ მოტივით, რომ მას თავად გააჩნდა პრეტენზია დავის საგნის მიმართ და მიღებული გადაწყვეტილება მის ინტერესებს ეხებოდა.

პალატის აზრით, ბ. ბ.-ის კერძო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლო საქმის არსებით მსჯელობაში შევიდა, რისი უფლებაც მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარმოებაში მიღების სტადიაზე მას არ ჰქონდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 და 29 დეკემბრის განჩინებები;

3. ბ. ბ.-ი ჩართულ იქნეს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.