Facebook Twitter

საქმე №ას-1421-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს ,,ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის, დეკრეტული შვებულების, საბავშვო ანაბრისა და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ფ.ჩ–ძე 2014 წლის 2 დეკემბრიდან დასაქმებული იყო სს ,,ს.ბ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი), მეტროსადგურ ,,....“ ფილიალში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა ხელზე მისაღებ 750 ლარს. მოსარჩელეს 2016 წლის 18 ოქტომბერს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება (იხ. შრომითი ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ. 21-27);

2. მოპასუხე კომპანიის ექსპრეს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, 2016 წლის 21 ოქტომბერს გამოიძახა მოსარჩელე, რა დროსაც მას გაესაუბრა ბანკის შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელმაც მოსარჩელეს უთხრა, რომ ჰქონდა სერიოზული დარღვევები მუშაობაში, კერძოდ, სალაროდან იღებდა ფულს და კლიენტისგან მალულად აკეთებდა სესხებს, ასევე დედამისს ჰქონდა გაკეთებული ონლაინ სესხი და ეს სესხი იყო მოსარჩელისთვის აღებული, შესაბამისად, იგეგმებოდა მისი დათხოვნა სამსახურიდან. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მოსარჩელეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით, მას შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება (იხ. ტ.1, ს.ფ. 40; ტ. 1, ს.ფ. 103-105; ტ.1, ს.ფ. 329).

3. მოსარჩელემ, 2016 წლის 3 ნოემბერს, მოპასუხეს მიმართა განცხადებით დეკრეტული შვებულების მოთხოვნის შესახებ (ტ.1,ს.ფ. 331-332).

4. მოსარჩელემ, 2016 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას, 2016 წლის 10 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ტ.1,ს.ფ. 27).

5. მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე 2019 წლის მაისდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით დასაქმებული იყო სს ,,თ.ბ–ში“. აღნიშნულის შემდეგ უმუშევარია.

6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დამსაქმებელ კომპანიაში მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი დაკავებულია.

7. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. დასაქმებულმა, 2017 წლის 27 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში, დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა:

7.2. მხარეთა შორის, 2016 წლის 9 ნოემბერს დადებული, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ბათილად ცნობა;

7.3. მოსარჩელის აღდგენა, დამსაქმებელი კომპანიის ექსპრესს-დეპარტამენტის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე;

7.4. იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, 2016 წლის 10 ნოემბრიდან, სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში, 2016 წლის ხელფასი 507 ლარი, ხოლო შემდეგ, ყოველთვიურად 750 ლარი;

7.5. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1 000 ლარი;

7.6. საბავშვო ანაბრის ანაზღაურება 500 ლარი;

7.7. მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარი;

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო;

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

9.1.1. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2016 წლის 9 ნოემბერს დადებული შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

9.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით დაეკისრა 24 763 ლარისა და 32 თეთრის გადახდა;

9.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების 1 000 ლარისა და საბავშვო ანაბრის 500 ლარის გადახდა;

9.2. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

10. დამსაქმებელი კომპანიის სააპელაციო მოთხოვნა

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებლის პოზიცია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ლეგიტიმურ საფუძველსაა მოკლებული და დასახული მიზნის არაპროპორციულია.

11.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (იხ. სუსგ. Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად არ გამოიყენა.

11.5. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტია, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულებაა რომ დამსაქმებელმა დასაქმებული სამსახურიდან არ გაუშვას შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე 48-ე მუხლი).

11.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანია შეეძლო თუ არა მოსარჩელეს, უარი ეთქვა სტაბილურ სამუშაო ადგილზე ორსულობისას და რომ არა მისი ეს მდგომარეობა და მის მიმართ გამოვლენილი ფსიქიკური ზემოქმედება, მიიღებდა თუ არა იდენტურ გადაწყვეტილებას. ამასთან, ბანკის გენერალურმა დირექტორმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისი დათხოვნა მოხდა დარღვევების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 240). აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ რეალურად, მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოპასუხის ინიციატივით და არა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

11.7. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის მე-5 პუქნტის ,,გ“ ქვეპუნქტი). სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად არ შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელემ მის მუდმივ და სტაბილურ სამუშაო ადგილზე გაცნობიერებულად მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ შემდეგ უმუშევარი დარჩენილიყო. ამასთან, მოსარჩელემ დამსაქმებელს 2016 წლის 3 ნოემბერს მიმართა განცხადებით ორსულობის გამო შვებულების მოთხოვნით, შესაბამისად, მხარეებს შორის 2016 წლის 9 ნოებერს დადებული შეთანხმება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, მართებულადაა ცნობილი ბათილად.

11.8. აპელანტი, საჩივარში, დასაქმებულის მხრიდან უხეში ხასიათის დარღვევებზე მიუთითებდა, რაც გამოიხატებოდა არა მხოლოდ დადგენილი ფორმალური დანაწესებისთვის გვერდის ავლასა და გაუთვალისწინებლობაში, არამედ მხედველობაში მიიღება მათ შედეგად დამდგარი პოტენციური ნეგატიური შედეგებიც კი, ერთი მხრივ, ესაა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრა - არ არსებობს წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა, თუკი დამსაქმებელი მუდმივად უნდა ამოწმებდეს დასაქმებულის ყოველი ქმედების მართლზომიერებას. ამასთან, ესაა უშუალო მოცემულობა პერსონალური მონაცემების არამიზნობრივი დამუშავებისა და ფინანსური სანქციის დაკისრების საფრთხეების სახით (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N8/04). აქედან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დამსაქმებელს ვეღარ მოეთხოვება Ultima Ratio აღიარებული საშუალების გამოყენებაზე უარის თქმა და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება საკუთარი ქონებრივი მდგომარეობისა და საქმიანობის წარმატების ეჭვქვეშ დაყენების ხარჯზე. აღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარეთა წერილობითი შეთანხმება და არა სშკ-ს 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით (იხ. სშკ-ის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წამოადგენდა იყო თუ არა სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგი, ხომ არ იყო იგი განპირობებული რაიმე ისეთი ფაქტორის ზემოქმედებით, რამაც იძულებული გახადა დაედო ასეთი გარიგება.

11.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დასტურდება, დასაქმებულ კომპანიაში, მოსარჩელის მიერ, გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ვაკანტურობა, ან ტოლფასი ადგილის არსებობა, მოსარჩელის აღდგენა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელი იყო, რის გამოც უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა კონკრეტული თანხის - კომპენსაციის მიცემა იყო, რაც მართებულად დაეკისრა საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხე კომპანიას.

11.10. სასამართლოს განმარტებით, საფუძვლიანი იყო აგრეთვე დეკრეტული შვებულებისა და საბავშვო ანაბრისთვის დაკისრებული თანხის მოთხოვნაც, ვინაიდან მოპასუხეც არ ხდიდა სადავოდ ფაქტს, რომ დასახელებულ თანხებს მოსარჩელე, შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში მიიღებდა.

12. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად დააკისრა მოპასუხე კომპანიას იმაზე მეტი გარემოებების დამტკიცება ვიდრე ეკუთვნოდა საქმეში არსებულ შესაგებელში მითითებულ გარემოებების პირობებში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესაგებელში მითითებულ დამატებით გარემოებებზე მოსარჩელეს კვალიფიციური პასუხი არ წარუდგენია.

12.3. დამსაქმებლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შეთანხმების გაფორმებით არ იყო დამსაქმებლის მიზნის მიღწევის ადეკვატური საშუალება, დასაქმებულს თავად ჰქონდა აღნიშნული ფორმით, ურთიერთობის შეწყვეტის ინტერესი, ვინაიდან, დისციპლინური საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, მით უფრო საფინანსო სისტემაში, რთული იქნებოდა ხელახლა სამუშაოს მოძიება მოსარჩელისთვის.

12.4. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს აგრეთვე დაუსაბუთებლად მიეცა, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, დეკრეტული შვებულებისა და საბავშვო ანაბრის თანხა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებსა და ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებებზე, და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“(დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“.

21. მითითებული ნორმის ფარგლებში, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის კვლევისა და შეფასებისას სასამართლო ეყრდნობა, აღნიშნულ შეთანხმებამდე, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობასა და მოვლენათა განვითარების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრული სტანდარტით მოქმედი პირი, ორსულობის გამო, დეკრეტული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში, უარს ვერ და არ იტყოდა სამუშაო ადგილზე, რომელზეც სტაბილურად უვადოდ იყო დასაქმებული, ამასთან, ვერც, კანონმდებლობით დადგენილ იმ სარგებელზე იტყოდა უარს, რომელსაც, დეკრეტული შვებულებისა და ბავშვის შეძენის გამო მიიღებდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სარგებლის მიღების შესაძლებლობას, მოპასუხეც არ უარჰყოფს, ხოლო, მისი პრეტენზია, რომ პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, კომპენსაციის მიცემისას, დეკრეტული შვებულებისა და საბავშვო ანაბრის თანხის მიცემა უსაფუძვლო იყო, თავისმხრივ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სადავო შეთანხმების არამართლზომიერად მიჩნევის პირობებში, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, არ შეიძლება დასაქმებულ დაეკისრო რისკი, იმ სარგებლის მიღების/ვერ მიღების შესახებ, რომელსაც იგი, სადავო შეთანხმების არარსებობის პირობებში მიიღებდა.

22. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული,რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. ამდენად სასამართლო, ყოველი კონკრეტული შემთხვევისას, შრომით დავებში, მეტწილად დამსაქმებელს აკისრებს მტკიცების ტვირთს მისივე დომინანტური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამასთან, კასატორი თავადვე განმარტავს, რომ შესაგებელში დამატებითი გარემოებები წარმოადგინა, რაზედაც, სწორედ თვითონ იყო ვალდებული შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა სასამართლოსთვის. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლო იკვლევს, დასაქმებულის მიერ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულებისა თუ შინაგანწესის შესაძლო დარღვევას, და ამ დარღვევის გამო გამოყენებული, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითბული ნორმის შესაბამისობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა არ არის დასაბუთებული, და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, როგორც მიზნის, მიღწევის ადეკვატური საშუალება.

24. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

25. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის გამო დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია, რაც მართებული გადაწყვეტილებაა, შრომის კანონმდებლობისა და ამგვარ დავებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საგულისხმოა, ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, მისთვის კომპენსაციის მიცემის თაობაზე, თავად დასაქმებულსაც არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით.

26. ამდენად, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ბრძანების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).

27. დაკისრებული კომპენსაციის ოდენობისა და გაანგარიშების წესთან დაკავშირებით, კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით, რაიმე მიდგომა, რაც წინასწარ განჭვრეტადს გახდის, საქმეზე, სამომავლოდ მისაცემი კომპენსაციის ოდენობას, არ არის დადგენილი, არც რაიმე მეთოდია შემუშავებული, თუ რა გარემოებებისას, რა სახით უნდა მოხდეს გასაცემი კომპენსაციის გამოთვლა.

28. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს ,,ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს ,,ს.ბ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 357.6 ლარის (საგადახდო დავალება N36157, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 დეკემბერი), 70% – 950.32 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძეძე