Facebook Twitter

5 მარტი, 2021 წელი,

№ას-516-2019 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ლ–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, სამინისტრო) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხისათვის 146 380 ლარის დაკისრების თაობაზე, შპს „ლ–ოს“(შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, საწარმო, კომპანია, მჩუქებელი) სარჩელი დააკმაყოფილა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ჩუქების გარიგებები ბათილად ცნო მოსარჩელის ნებაზე მესამე პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების გამო, რომლის სამართლებრივი საფუძველია არა სსკ-ის 54-ე, არამედ სსკ-ის 85-ე მუხლი. კასატორის მტკიცებით, კონკრეტულად რით ემუქრებოდნენ მოსარჩელეს ქონებაზე უარის სანაცვლოდ, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს შეეძლო, ობიექტურად შეეფასებინა მუქარა, რადგან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები აქვს, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებაზე უარი თქმის შემთხვევაშიც გამოირიციხებოდა შესაბამისი პირის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

2.2. კასატორმა საქმეში დაცულ 2010 წლის 10 დეკემბრის მინდობილობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იყო ზოგადი ხასიათის მინდობილობა, რაც ავტომატურად არ ნიშნავდა მოპასუხის მიერ უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განახორციელებას. კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების ხელმოწერისას მჩუქებელს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

2.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, კერძოდ, სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს 146 380 ლარის გადახდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებები არ გაუბათილებია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების მიზნით მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პარტნიორს ნ.დ–ი (შემდეგში - დამფუძნებელი, პარტნიორი), ხოლო დირექტორს - ჰ.ღ–ა (შემდეგში - საწარმოს დირექტორი) წარმოადგენდა (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 18-19).

5.2.2. 2010 წლის 16 დეკემბერს, საწარმოს ერთპიროვნულმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება, ბაღდათის რაიონის კ.ს–ეში მდებარე 21 კვ.მ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) და კ.ს–ის ტერიტორიაზე კომპანიის კუთვნილი სხვა მიწის ნაკვეთის გარკვეული ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მოპასუხისათვის. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანიის დირექტორს დაევალა გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, სამინისტროსათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ფართის დაზუსტება და საწარმოს სახელით ჩუქების ხელშეკრულებათა ხელმოწერა. (ს.ფ. 24).

5.2.3. საჯარო რეესტრის 2010 წლის 16 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება (ს/კ: ......, დაზუსტებული ფართობი - 25.00 კვ.მ; შენობა- ნაგებობის საერთო ფართი - 21,20 კვ.მ, სხვა ფართი - ლიფტი) მჩუქებლის საკუთრებაში ირიცხებოდა(ს.ფ. 32-33).

5.2.4. საჯარო რეესტრის 2010 წლის 17 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება (ს/კ ....., დაზუსტებული ფართობი - 2449.00 კვ.მ; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი - №1, მშენებარე - განაშენიანების ფართი - 650 კვ.მ), ასევე, მჩუქებლის საკუთრებაში ირიცხებოდა(ს.ფ. 29-30).

5.2.5. 2010 წლის 17 დეკემბერს კომპანიის დირექტორსა და სამინისტროს წარმომადგენელს შორის, უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებათა თანახმად, კომპანიის დირექტორმა ..... საკადასტრო კოდითა და ..... საკასადასტრო კოდით საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება სახელმწიფოს აჩუქა (ს.ფ. 35-36).

5.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის წერილის თანახმად, 2010 წლის 17 დეკემბრიდან 2011 წლის 21 იანვრამდე ..... და ..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონება სახელმწიფო საკუთრებად ირიცხებოდა, 2011 წლის 21 იანვრიდან წერილის მომზადების დრომდე მონაცემებით კი, რეგისტრირებულია შპს „კ.ს–ის“ საკუთრებად. ამავე წერილის თანახმად, 2010 წლის 18 ნოემბრიდან - 2011 წლის 3 მაისამდე მჩუქებლის მთელ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (ს.ფ. 124-126).

6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს.

7. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო თანხის ანაზღაურებას მოპასუხესთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილობის საფუძვლით მოითხოვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (შდრ. სუსგ. საქმე Nას-1184-1145-2016;17.02.2017 წელი).

8. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს კონტრაჰირებისას, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს, გარიგების „ძლიერი“ მხარის ქცევა/ქმედება, რამდენად შეესაბამება სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობათაგან ისეთ სპეციფიკურ დანაწესს, როგორიცაა - ზნეობის ნორმები. ასეთ ვითარებაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია, თუ რამდენად მორალურად შეიძლება იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგება, როდესაც სახელმწიფო უსასყიდლოდ იღებს გარკვეულ მომსახურებას, ქონებას საკუთრებაში და ა.შ. ანუ პრაქტიკულად, რატომ შეიძლება კერძო სამართლის პირმა „დაასაჩუქროს“ სახელმწიფო, რამდენად შეესაბამება აღნიშნული იმ ზოგად მორალურ კატეგორიას, რომ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია საკუთარი რესურსებით თითოეული პირის უფლება და ინტერესი დაიცვას, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა აჩუქოს რაიმე ქონება.

9. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამ საკვანძო საკითხის გამორკვევის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს. ამავდროულად, საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის სტანდარტით (სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში გაანალიზება ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის სადავო ქონება თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად არ გადაუცია, კერძოდ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, 2010 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში რიცხული ქონების გამიჯვნის თაობაზე რეესტრისადმი მიმართვა, სტანდარტული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ამ განცხადების ერთ დღეში დაჩქარებული წესით განხილვა, იმავე დღეს ქონების ჩუქების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და მოპასუხის წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმების ფორსირებული ქმედებები არ შეიძლება, აღქმულ იქნეს ორდინალურ სიტუაციაში მყოფი პირის მოქმედებად. მოსარჩელის ამ ნაჩქარევი, ქონების მოპასუხისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფი სამართლებრივი მოქმედებების უმოკლეს ვადებში განხორციელება, მოპასუხის წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობისა და მოწმის ჩვენების შინაარსთან ერთობლიობაში იმთავითვე მოწმობს ქონების გაჩუქების მიზნით მოსარჩელეზე არამართლზომიერ ზემოქმედებას. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მოგების მიღებაზე ორიენტირებული ბიზნეს სუბიექტია, რომელიც კ.ს–ის ტერიტორიაზე თავად ოპერირებს ტურისტული ბიზნესის სექტორში. შესაბამისად, საქმეზე გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელის განსაკუთრებული ინტერესი, რაც სადავო ქონების მოპასუხისათვის ჩუქების ფაქტს გაამართლებდა.

9.1. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ, როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ, შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება (შდრ. საქმე Nას-6-6-2015, 1.07.2015წ). ამ კონტექსტში, საკასაციო პალატის განსჯით, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ ქონების გასხვისებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოსარჩელის ქონებას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ძნელად წარმოსადგენია, მოსარჩელეს სურვილი გასჩენოდა სახელმწიფოსთვის, რომელმაც მისი ქონება საგადასახადო გირავნობა/ოპოთეკით დატვირთა, ეჩუქებინა სოლიდური ღირებულების ქონება. გარდა ამისა, ფინანსური ტვირთის მქონე სუბიექტის მიერ მოსალოდნელი არც არის ძვირადღირებული ქონების უსასყიდლოდ გასხვისება, მითუმეტეს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქება მის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

9.2. ზემოაღნიშნულ გარემოებებს ერთვის ისიც, რომ მოწმის - კომპანიის დამფუძნებლის სიძის ჩვენების თანახმად, ის და კომპანიის დირექტორი, პროკურორმა დაიბარა, რომელმაც მათ საწარმოს ქონების ნაწილის მოპასუხისათვის გადაფორმების აუცილებლობაზე მიანიშნა. ამ გარემოების უარსაყოფად, კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი არ აქვს და არც ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სამართალწარმოების პროცესში, კასატორი მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ზემოქმედების შემთხვევაში, მოწმეს შეეძლო, თავად შეეფასებინა მის წინააღმდეგ მიმართული შესაძლო მუქარის სახიფათოობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებების მიმართ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გაქარწყლება პროცესში მოპასუხის სტატუსით მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზუმირებულია მათი ნამდვილობა. პალატის განსჯით, კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის ოჯახის წევრის დაბარება პროკურატურაში, ისე, რომ სისხლის სამართლის საქმის ნიშნები არ გამოკვეთილა (საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება ეს ფაქტი), ცხადყოფს სახელმწიფოს არამართლზომიერ მოქმედებას, რომლის მიზანს სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა. დავის განხილვის პროცესში სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ მოსარჩელე კომპანიის ერთპიროვნულმა პარტნიორმა უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორების ზეგავლენით (მის წინააღმდეგ იყო სახელმწიფო თავისი იძულებითი ძალაუფლებით). რასაკვირველია, გარიგების დადების მიზნით პირზე ზემოქმედება იმგვარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც არღვევს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპებს და ზნეობრივად გაუმართლებელია. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება შესაბამისი მტკიცებულებებით განმტკიცების გარეშე არ წარმოადგენს ამ ვარაუდის საფუძველს, თუმცა საქმეში დაცული მტკიცებულებათა ერთობლიობა და გარემოებათა თანხვედრა უთუოდ ადასტურებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება სწორედ მჩუქებლის არათავისუფალი ნების გამოვლენის სამართლებრივი რეზულტატია.

10. საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში შეაფასებს საქმეში დაცული 2010 წლის 10 დეკემბრის მინდობილობის სამართლებრივ დატვირთვასაც. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და თავადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო მინდობილობა არა ზოგადი ხასიათის აქტი, არამედ კონკრეტული ქმედებისადმი მიმართული სამართლებრივი მნიშვნელობის დოკუმენტია, კერძოდ, მინდობილობის შინაარსიდან ირკვევა, რომ ის სამინისტროს წარმომადგენლის სახელზე გაცემულია განსაზღვრული მიზნით - კ.ს–ის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მესაკუთრეთაგან ქონების ჩუქების ხელშეკრულებებში წარმომადგენლობისთვის. დასახელებული მინდობილობა, ერთი მხრივ, წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების აქტს, გამიზნულია პირთა განუსაზღვრელ წრესთან კ.ს–ის ტერიტორიაზე ჩუქების ხელშეკრულების გასაფორმებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მინდობილობით დაზუსტებულია სავარაუდო კონტრაჰირების პირთა წრე - კ.ს–ის ტერიტორიაზე ქონების მესაკუთრენი და სავარაუდო გარიგების სახე - ჩუქების ხელშეკრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჩუქება, თვისებრივად მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ამსახველ, ცალმხრივი ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს, რა დროსაც დასაჩუქრებულის თანხმობას, მიიღოს საჩუქარი, წინ უსწრებს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სამართლებრივი სიკეთის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მჩუქებლის ნების გამოვლენა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მინდობილობა გაცემულია 2010 წლის 10 დეკემბერს, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ უძრავი ქონების მოპასუხისათვის ჩუქების თაობაზე ნება - საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (100%-იანი წილის მესაკუთრის) გადაწყვეტილების სახით, 2010 წლის 16 დეკემბერს გამოავლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაჩუქრებულის სურვილი, საკუთრებაში ჩუქების გზით მიეღო კ.ს–ის ტერიტორიაზე მდებარე ქონება, მათ შორის, მოსარჩელის ქონება, წინ უსწრებს მჩუქებლის ნების გამოვლენას. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა, სახელშეკრულებო ურთიერთობებში კონტრაჰენტთა ნების ურთიერთგაცვლის თანმიმდევრულობას არ შეესაბამება. პალატა ამ საკითხის სამართლებრივი შეფასებისას ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2010 წლის 10 დეკემბრამდე, დასაჩუქრებულისათვის სადავო ქონების ჩუქების თაობაზე მჩუქებლის ნების გამოვლენას (მოპასუხისათვის ქონების ჩუქების შეთავაზებას), საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, დასაჩუქრებული საკასაციო პრეტენზიის ფარგლებშიც კი, ვერ უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ამ მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე წინააღმდეგობრიობას გააქარწყლებდა. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო მინდობილობა გაცემულია 2010 წლის 10 დეკემბერს და მისი მოქმედების ვადად განსაზღვრულია იმავე წლის 31 დეკემბერი. დროის ამ მოკლე შუალედში არა ერთი, არამედ, თუნდაც რამდენიმე მესაკუთრის მიერ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, დროის ერთსა და იმავე შუალედში საკუთარი ქონების სახელმწიფოსათვის ჩუქების განზრახულობა, ცხადია ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული გარიგების ნამდვილობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს. საერთო ჯამში, მითითებული მინდობილობა საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ამყარებს ჩუქების არანებნაყოფლობითი ბუნების საფუძვლიან ვარაუდს.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მტკიცების ტვრითის განაწილებასა და მოპასუხისათვის ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების სანაცვლო ღირებულების გამოანგარიშებასთან დაკავშირებით. კასატორს ამ საკითხებზე საკასაციო საჩივრის ფარგლებში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც პალატა ამ თემაზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბუნდოვანებისა და მოპასუხისათვის სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაბათილების გარეშე თანხის დაკისრების თაობაზე კასატორის მსჯელობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ თავისთავად ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა ამ დავის სამართლებრივი შედეგი არ არის, მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი, რომლის ფარგლებშიც დასაჩუქრებულისათვის გადაცემული ქონების სანაცვლო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი წარმოადგენს. შესრულების კონდიქციური ვალდებულების ფარგლებში კი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ გარიგების ბათილობა წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ დავის განხილვის პროცესში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობისას დაადგინა როგორც ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, ასევე განსაზღვრა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნორმატიული წინაპირობებიც კონდიქციური ვალდებულების კონტექსტში, შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილში გარიგების ბათილობის თაობაზე გადაწყვეტილების ასახვაზე საკასაციო შედავება, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტირებულობას, ვინაიდან ჩუქების ბათილობა უსაფუძვლო გამდირების მოწესრიგების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით რეალიზების სამართლებრივი ბერკეტი და არა თვითკმარი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნაა.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე Nას-212-201-2017; 1507.2017წ.; საქმე Nას-1184-1145-2016; 17.02.2017 წ.).

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ლ. მიქაბერიძე