Facebook Twitter

№ას-742-742-2018 5 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) – მ.დ–ძე, ე.ზ–ძე, ვ.ტ–ძე, ვ.ტ–ძე, ლ.კ–ძე, მ.ტ–ძე, მ.ტ–ძე და გ.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ს.ს.გ.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.დ–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), ე.ზ–ძე (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), ვ.ტ–ძე, ვ.ტ–ძე, ლ.კ–ძე, მ.ტ–ძე, მ.ტ–ძე და გ.ტ–ძე(შემდეგში, ერთობლივად - მესამე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორები) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ს.ს.გ.დ–ისათვის (შემდეგში - მოპასუხე, ექსპროპრიატორი) კომპენსაციის დაკისრების თაობაზე ქონების ყოფილ მესაკუთრეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არ განსაზღვრა მოსარჩელეთათვის მისაკუთვნებელი კომპენსაციის თანხა; კასატორთა მოსაზრებით, კომპენსაციის თაობაზე ექსპროპრიატორთან შეთანხმების მიუღწევლობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ წარმოშობია მოსარჩელეთათვის კომპენსაციის გადახდის ვადლებულება. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, კასატორები გამორიცხავენ ნოტარიუსის ანგარიშზე თანხის დეპონირებით ექსპროპრიატორის მიერ ქონების ყოფილ მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულების შესრულებას.

2.2. კასატორთა მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორს ევალებოდა ქონების დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასება. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნა არ აკმაყოფილებს ექსპერტის დასკვნისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, არ არის მითითებული შედგენის თარიღი და შემდგენი პირის ვინაობა. კასატორთა მტკიცებით, საქმეში მხოლოდ მათ წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, სასამართლოც დავის გადაწყვეტისას ამ დასკვნას უნდა დაჰყრდნობოდა.

2.3. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტებმა ხელი შეუშალეს სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებას. კასატორთა მითითებით, ექსერტიზის ხარჯებს ვერ გაწევდნენ, უსახსრობის გამო. ამასთან, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სპეციალური კანონით, რომელიც ექსპროპრიატორს ექსპროპრიაციის საქმეებზე სამართალწარმოებისა და ჩამორთმეული ქონების შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას ავალდებულებს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მოსარჩელეთა ქონების ნაწილის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

5.2.2. პირველ მოსარჩელეს ჩამოერთვა ლანჩხუთის რაიონის სოფ. ...... მდებარე №.... და №.... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული 2101 და 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მეორე მოსარჩელეს №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1928 კვ.მ ფართი, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეებს №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული - 1424 კვ.მ ფართი.

5.2.3. ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა.

5.2.4. 2101 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირველი მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა - 10 323 ლარს, ხოლო 100 კვ.მ ფართის შემთხვევაში - 1 415 ლარს შეადგენს. მეორე მოსარჩელისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება 8 106 ლარით განისაზღვრა. დანარჩენ მოსარჩელეთა ექსპროპრირებული ქონების ღირებულება კი - 6 611 ლარად შეფასდა. მოსარჩელეები მოპასუხის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას არ დაეთანხმნენ. 2016 წლის 27 აპრილს, მოპასუხემ ექსპროპრირებული ქონების კომპენსაციის სახით მოსარჩელეებისათვის ასანაზღაურებელი თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა.

6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავა შეეხება ექსპროპრიაციის შედეგად პირისათვის ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას.

7. მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელი სამართალურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები სპეციფიკურია და საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება, რომელთა თანახმად საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).

8. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრეები არ ეთანხმებიან ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.

9. როგორც უკვე აღინიშნა, ექსპროპრიაცია გამართლებულია მხოლოდ სამართლიანი და გონივრული კომპენსაციის სანაცვლოდ. სპეციალური კანონი უპირატესობას კომპენსაციის განსაზღვრის კონტექსტში მხარეთა შორის კონსენსუსს ანიჭებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ექსპროპრირებული ქონების კომპენსაციაზე, შესაბამისი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე აფასებს ჩამორთმეული ქონების ექსპროპრიატორის მიერ დადგენილი თანხის ფარგლებში კომპენსირების სამართლიანობასა და გონივრულობას. სასამართლო უზრუნველყოფს რა ექსპროპრიაციის კანონისმიერ ურთიერთობებში მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას, ექსპრორპიატორის ქმედების შეფასებისას ეყრდნობა ქონების შეფასების სარწმუნო მტკიცებულებას. ამავდროულად, სასამართლო აღჭურვილია უფლებით, თავადაც დანიშნოს ექსპერტიზა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების სამართლებრივი სტატუსითა და საბაზრო ღირებულებით (შდრ. საქმე #ას 250-2019, 31.07.2020; საქმე N ას-856-2019;26.07.2019). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ქონების ექსპროპრიაციის უფლება მოიპოვა 2016 წლის 9 თებერვალს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულების დასადგენად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა წრე ცხადყოფს, რომ ექსპერტიზის მიზანს 2016 და 2014 წლის მდგომარეობით ექსპროპრირებული ქონების ღირებულების დადგენა წარმოადგენდა. მხარეებს სსსკ-ის 52.1 მუხლის (სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , წინასწარ შეაქვს მხარეს , რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება , მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად) საფუძველზე დაევალათ ექსპერტიზის ხარჯების თანაბარწილად გადახდა. აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საექსპერტო დაწესებულებას საქმის სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება და დავის არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ არ გააჩნდათ ექსპერტიზის საფასურის გადახდის საშუალება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა აპელანტების ქმედება სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.) გათვალისწინებულ შემთხვევად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტებს სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ხარჯების გაწევის შეუძლებლობის დამადასტურებელი, მათი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ და არც ამ გარემოებაზე მითითებით არ უშუამდგომლიათ სასამართლო ხარჯების გადავადების ან გათავისუფლების საფუძვლიანობის თაობაზე. უფრო მეტიც, მიუხედავად საექსპერტო დაწესებულების შეთავაზებისა, ექსპერტიზა დაეყოვნებინა მანამდე, ვიდრე აპელანტები შეძლებდნენ მათ მიერ გასაწევი ექსპერტიზის ხარჯის დაფარვას, აპელანტებმა ამ შეთავაზებით სარგებლობაზე უარი განაცხადეს და მიუთითეს, რომ დავის სწრაფად გადაწყვეტა სურდათ. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა ცხადყოფს აპელანტების იმგვარ მოქმედებას, რამაც საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი ექსპერტიზის ჩატარება დააბრკოლა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტების მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რამაც მათ ექსპერტიზის ხარჯების გაწევაში ხელი შეუშალათ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სსსკ-ის 169.4 მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, სწორად დაეყრდნო საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ ჩამორთმეული ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის თაობაზე კასატორის შედავებას. საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის, შესაგებელზე თანდართული განსახლების სამოქმედო გეგმის ელექტრონული დოკუმენტი და საქმეზე მოწმედ გამოკითხული ექსპერტის განმარტებები ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოპასუხე კომპენსაციის გადახდის დროს ქონების სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისას მოქმედებდა განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2014 წელს შემუშავებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ასახავს ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწების (1მ2-ის) ფასის განსაზღვრას იმავე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტების ფიზიკური მხასიათებლების მქონე ანალოგების საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილ მტკიცებულებას, ჯერ ერთი, იგი არ ასახავს მოსარჩელისათვის ჩამორთმეული ქონების ადგილმდებარეობის არეალში მოქცეული ქონების საბაზრო ღირებულებას და, მეორეც, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შინაარსიდან ირკვევა, რომ ქონების საბაზრო ღირებულება გამოანგარიშებულია 2012 წლის უძრავ ქონებათა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმს, რაც ჩამორთმეულ უძრავ ქონებათა ზუსტი საბაზრო ღირებულების გამოთვლის მიზნით ამ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც გამორიცხავდა, თუკი საქმეზე არ გამოიკვეთებოდა სსსკ-ის 169.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შედეგი.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილებით განესაზღვრა მოსარჩელეთათვის მისაკუთვნებელი კომპენსაცია. დადგენილია, რომ მოპასუხე დაწესებულების მიერ განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შემუშავებული ნიხრის შესატყვისად განსაზღვრული, მოსარჩელეთათვის გადასახდელი კომპენსაციის თანხა დეპონირებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ სსკ-ის 434-ე (1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე; 2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.) მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ვალდებულება შეიძლება შეწყდეს თანხის დეპონირებით. შესაბამისად, ვინაიდან ამ დავის ფარლებში მოსარჩელეებმა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით ვერ დაადასტურეს მოპასუხის მიერ მათთვის მისაცემი კომპენსაციის არამართლზომიერად განსაზღვრის ფაქტი, სამართალწარმოების პროცესში არ წარმოშობილა კომპენსაციის სამართლიან ოდენობამდე გათანაბრების და ამ კონტექსტში მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობები. ამასთან, მაშინაც კი, თუ სასამართლო მოსარჩელეთათვის კომპენსაციის თანხის გაზრდის მიზანშეწონილობას დაადგენდა, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრებოდა მხოლოდ სხვაობა გონივრულ კომპენსაციასა და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულ თანხას შორის. ამრიგად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს დავის სამართლებრივი შედეგი.

საკასაციო პალატის განსჯით, სამართლებრივ არგუმენტს მოკლებულია კასატორთა მსჯელობა, მხარეთა შორის კომპენსაციის შესაბამისი ოდენობის გადახდის ვალდებულების არარსებობის და, აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებით მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების შეწყვეტის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრეთათვის ქონების ჩამორთმევის დროს კომპენსაციის გადახდის სავალდებულოობას სპეციალური კანონი განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის მოქმედებს კანონისმიერი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, მითითებული კანონი ექსპროპრიატორს უდგენს ვალდებულებას, მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს წინასწარ, სრულად და სამართლიანი ოდენობის ფარგლებში, კომპენსაციის სადავოობისას კი, კომპენსაციის არასამართლიანად განსაზღვრის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კომპენსაციის გათანაბრება სამართლიან ოდენობამდე.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ, სუსგ. საქმე 128-1122-2013; 1.07.2013 წელი).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი განაწილებით: მ.დ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2241,7 ლარის 30%-ის, 672.51 ლარის, ე.ზ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1562.1 ლარის 30%-ის, 468.63 ლარის, ვ.ტ–ძეს, ვ.ტ–ძეს, ლ.კ–ძეს, მ.ტ–ძეს, მ.ტ–ძესა და გ.ტ–ძეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 113.75 ლარის 30%-ის, 334.13 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ძის, ე.ზ–ძის, ვ.ტ–ძის, ვ.ტ–ძის, ლ.კ–ძის, მ.ტ–ძის, მ.ტ–ძისა და გ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს - მ.დ–ძეს, ე.ზ–ძეს, ვ.ტ–ძეს, ვ.ტ–ძეს, ლ.კ–ძეს, მ.ტ–ძეს, მ.ტ–ძესა და გ.ტ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი განაწილებით: მ.დ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2241,7 ლარის 30%-ის, 672.51 ლარის, ე.ზ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1562.1 ლარის 30%-ის, 468.63 ლარის, ვ.ტ–ძეს, ვ.ტ–ძეს, ლ.კ–ძეს, მ.ტ–ძეს, მ.ტ–ძესა და გ.ტ–ძეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 113.75 ლარის 30%-ის, 334.13 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ლ. მიქაბერიძე