Facebook Twitter

საქმე №ას-319-2020 30 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ს.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჟ.შ–ვა, პ.ხ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 10.12.2019წ. გადაწყვეტილებით ჟ.შ–ვასა და პ.ხ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს.ს.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ , "აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი" ან „საზოგადოება“) ჟ.შ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის, ხელზე გასაცემი 9731.40 ლარის გადახდა, ხოლო პ.ხ–იას სასარგებლოდ - 640 ლარის გადახდა.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2020წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

3.2. განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 24.02.2020წ. ჩაჰბარდა საზოგადოების დირექტორს.

3.3. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსსკ-ს 71-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, კერძოდ ის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მოპასუხის წარმომადგენლის ძირითადი მისამართი. სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით არ მიიღო გულისხმიერი გადაწყვეტილება. სასამართლოს შეეძლო წარმომადგენლისათვის ტელეფონით მაინც ეცნობებინა ხარვეზის თაობაზე. სასამართლომ არ შეისწავლა საქმის მასალებში წარმოდგენილი ლ.ხ–აზე გაცემული ორი მინდობილობა.

4.2. სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დათარიღებულია 2019 წლის 14 თებერვლით, რაც შეუსაბამოა განსახილველ საქმესთან და ბუნდოვანია.

4.3. მოპასუხის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვება გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, შეფერხებულმა გადაადგილებამ, რაც საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების მიზნით მას დაევალა: გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 414.85 ლარის ოდენობით; წარედგინა საზოგადოების მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული რწმუნებულება (მინდობილობა), რომელშიც სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად იქნებოდა მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ ან უშუალოდ საზოგადოების დირექტორის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 310-316).

10. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე (იხ.: ს.ფ. 287, 317), პირადად ჩაჰბარდა დირექტორს 24.02.2020წ. (იხ.: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 299, 318), ანუ ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს (იხ.: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი: ხელმძღვანელობის უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული დანაწესის შესაბამისად (ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უწყება/გზავნილი გაუგზავნოს ან მხარეს, ან წარმომადგენელს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო არ იდგა ასეთი არჩევანის წინაშე, რამეთუ საქმეში მოიპოვება ლ.ხ–აზე გაცემული ორი მინდობილობა, რომლებიც მას ანიჭებს მხოლოდ სენაკის რაიონულ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას (ს.ფ.255, 298). შესაბამისად, განჩინება უნდა გაჰგზავნოდა უშუალოდ მხარეს, რაც გააკეთა კიდეც სააპელაციო სასამართლომ.

12. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებაში მისი მიღების წლის არასწორად მითითების შესახებ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განჩინება მიღებულია 14.02.2020წ. და ამ თარიღზე მითითებას შეიცავს როგორც აპელანტის სახელზე შედგენილი გზავნილი, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 31.03.2020წ. განჩინება (ს.ფ.309, 317, 320). შესაბამისად, თავად 14 თებერვლის განჩინებაში 2020 წლის ნაცვლად 2019 წლის მითითება წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაშვებული უსწორობის გასწორების წინაპირობას და არა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

13. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების და მისი აღდგენის თაობაზე. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სსსკ-ის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას) დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (სუსგ Nას-1023-2019, 25.09.2019წ.). სსსკ-ის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მასზე, რომ არსებობდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ. N ას-693-2019, 28.06.2019წ.; Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ს.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი