საქმე №ას-1161-2019 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ვ.ი–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ი (მოპასუხე)
განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება
დავის საგანი – საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ.ი–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2019 წლის 30 ოქტომბერს ვ.ი–ის წარმომადგენელმა, მ.ა–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ვ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. აღმასრულებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე Nას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ ......) საბანკო ანგარიშზე არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული) 120 000 ლარიდან 115 056,9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაედო 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისთვის და შეეტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ამავე სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ.ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 6 აპრილს ვ.ი–ის წარმომადგენელმა, მ.ა–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება, ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რათა მოხდეს ვ.ი–ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გათავისუფლება ყადაღისგან და გადარიცხვა ვ.გ–ის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღმასრულებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე Nას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ ......) საბანკო ანგარიშზე არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული) 120 000 ლარიდან 115 056,9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაედო 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისთვის და შეეტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ დავა დასრულებულია და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. ამასთან, აღმასრულებელს უნდა დაევალოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისთვის ყადაღის მოხსნის შემდეგ, მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ი–ის წარმომადგენლის, მ.ა–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაწესებული შეზღუდვა, რომლითაც აღმასრულებელს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე Nას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ ......) საბანკო ანგარიშზე (ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900) არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული) 120 000 ლარიდან 115 056,9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაედო 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისთვის და შეეტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე;
3. აღმასრულებელს დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს მოხსნას ყადაღა და მიმართოს იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე Nას-1113-1033-2017) აღსასრულებლად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე