Facebook Twitter

საქმე №ას-1638-2018 18 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ა ..” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ც.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2018წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „კ–ა ..”-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“), მიმართ ვალდებულების შესრულებულად აღიარების და პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 10.10.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №78 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... სასმელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 30.12.2013წ. ჩათვლით შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 198 000,00 ლარს.

2.2. 22.10.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №84 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... სასმელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 20.12.2013წ. ჩათვლით შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 178 999,00 ლარს.

2.3. ხელშეკრულებებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების საერთო ვადა (30.12.2013წ. და 20.12.2013წ.), რომელიც ორჯერ გაგრძელდა, 2014 წლის იანვრამდე და 2014 წლის მარტამდე, ეტაპობრივ გეგმა-გრაფიკზე შეთანხმება არ შემდგარა.

2.4. შპს ,,ს-ს ც. ე–ის” მიერ წარდგენილი შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა სოფელ ......... იმ უბნის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც იყო სატენდერო შეკვეთაში. ს ორგანიზაცია დაიქირავა მოპასუხემ და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს შედეგებზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რომელმაც უარი განაცხადა ხარჯთაღრიცხვასა და ნახაზში რაიმე ცვლილების შეტანაზე. მოგვიანებით, მოპასუხე იძულებული გახდა შეეცვალა სამუშაოთა შესრულების ადგილი. მოსარჩელემ სამუშაოს შესრულება დაიწყო სოფელ ......... სხვა უბანზე, ნაცვლად ტენდერით განსაზღვრული თავდაპირველი ადგილისა. წარმოიშვა ახალი ნახაზის შექმნის საჭიროება, რომელიც მოსარჩელემ მოიპოვა არაერთი მოთხოვნის შემდეგ 23.12.2013წ.. ნახაზი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული პირობებისგან, რამაც იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. მოსარჩელე იძულებული გახდა, თავისი ხარჯებით მოეწვია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც თანამედროვე დანადგარების მეშვეობით მოახდინა დაბალ სიმაღლეზე, 64 მეტრზე, წყლის მიღება.

2.5. პროექტით გათვლილი წყლის ტუმბოს მოცულობა და ჭის დიამეტრი იმდენად ცდებოდა ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყო ჭაბურღილში მისი ჩატევა, აღნიშნულის გამოსწორებაც მოსარჩელეს მოუწია. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება წყლის ხარისხზე და მოცულობაზე არსებული სტანდარტების დაცვის ფაქტი. მსგავსი პრობლემები შეიქმნა სოფელ ......... სამუშაოთა შესრულების დროსაც, რაც გამოიწვია იგივე ს ორგანიზაციის მიერ მიწოდებულმა ნახაზმა.

2.6. ტუმბოთა შეცვლის საკითხის გადაჭრის დაგვიანების გამო, ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა 2014 წლის ოქტომბერში, თუმცა, სხვა სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულდა ვადაში. იმის გამო, რომ მოპასუხემ არ შეიტანა სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები, დღემდე ვერ მოხერხდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია, ობიექტები ექსპლუატაციაშია გაშვებული და სამუშაოთა დაგვიანებით შესრულებაში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის, მოპასუხის 05.05.2015წ. ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა 51 885.36 ლარის, ხოლო 01.05.2015წ. ბრძანებით 14 598.5 ლარის, სულ - 66483.41 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

3. 05.01.2016წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: შესრულებულად ჩაითვალოს მცხეთის რაიონის სოფელ ......... წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ ჩატარებული სამუშაოები 55 561,89 ლარის ოდენობით, ხოლო მცხეთის რაიონის სოფელ ......... წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ ჩატარებული სამუშაოები - 29 234,15 ლარის ოდენობით (სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:11:44-12:14:23). მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ვადაგადაცილება მიჩნეულ იქნეს არაბრალეულად და იგი გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს - 66 483.41 ლარის გადახდისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.03.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შესრულებულად ჩაითვალა 10.10.2013წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების №78 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო 55 561,89 ლარის ღირებულებით, ასევე ამავე 22.10.2013წ. №84-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ ...... წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულების შესახებ ნასკირი ვალდებულება 29 234,15 ლარის ღირებულებით; მოსარჩელე გათავისუფლდა მოპასუხის მხრიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს - 66 483,41 ლარის გადახდის ვალდებულებისგან შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

4.2. მოპასუხეს 16.03.2017წ. დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო უწყება მოპასუხეს ჩაბარდა 20.02.2017წ. სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად.

4.3. 16.03.2017წ. სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა. სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ უცნობებია.

4.4. სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე, 361-ე, 400-ე, 401-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.12.2017წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 16.03.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 241-ე მუხლზე და განმარტა, რომ არ დასტურდება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც აქვს სრული შესაძლებლობა მისი ინტერესები სასამართლოში წარმოადგინოს სხვა მოხელემაც, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. მოპასუხეს ევალებოდა კანონით დადგენილი წესით წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის, ობიექტური (საპატიო) მიზეზის არსებობისა და სხდომის გადადების თაობაზე, რაც არ მომხდარა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.ჭ–ძემ 15.03.2017წ. მიმართა გამგებელს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში, თუმცა მას ამ ფაქტის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, არც განცხადების ადრესატს მიუღია სათანადო ზომები, ეცნობებინა სასამართლოსათვის წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის ან სხვა წარმომადგენლის დანიშვნისა და სასამართლოში წარგზავნის შესახებ.

5.2. მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 16.03.2017წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზთა საპატიო ხასიათს. ობიექტურად არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხეს 16.03.2017წ. დანიშნული სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით 20.02.2017წ.. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია.

7.2. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

7.3. მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა არა მისი კანონიერება, არამედ მოპასუხის მხრიდან პროცესუალური ნორმის უნებლიე დარღვევა; სასარჩელო მოთხოვნა არ არის იურიდიულად გამართლებული, ვინაიდან სამუშაოები, რომელთა შესრულებაც ევალებოდა მოსარჩელეს, ფაქტობრივად შესრულებული არ არის.

7.4. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

7.5. მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები ჩაითვლება დამტკიცებულად. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს, არ ამოწმებს სარჩელის დასაბუთებულობას, არამედ სარჩელში მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს დამტკიცებულად მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამასთან, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, რაც ასევე არ გულისხმობს სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტების დადგენას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მასზე, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულებები არ არის ფაქტობრივად შესრულებული, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ არის იურიდიულად გამართლებული, პროცესუალურ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

8.1. მოპასუხეს გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო არ მიეცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა არა მისი კანონიერება და დასაბუთებულობა, არამედ კასატორის მხრიდან პროცესუალური ნორმების უნებლიე დარღვევა. მოპასუხის შეცდომა არ შეიძლება გახდეს არაკეთილსინდისიერი პირის უკანონო და უსაფუძვლო სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა თანხის ანაზღაურება მოსარჩელისთვის, რომელმაც არაერთხელ და უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

8.2. სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი კმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ერთგვარად აკისრებს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებას. სასამართლო არ უნდა „ენდოს“ მოსარჩელეს, სარჩელის შინაარსი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მითითებული გარემოებების უტყუარობის გარანტად.

8.3. სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ არის გამართლებული, ვინაიდან სამუშაოები, რომლის შესრულების ვალდებულება მოსარჩელეს ჰქონდა, არ არის შესრულებული სრულად და ხარისხიანად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

12. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეს 16.03.2017წ. დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება მოპასუხეს ჩაჰბარდა 20.02.2017წ.. მითითებული გარემოება სადავოდ გამხდარი არ არის.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია.

16. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

19. პალატა მიუთითებს, რომ მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მოპასუხე მიუთითებდა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე - ნათესავის გარდაცვალებაზე, თუმცა გარდა იმისა, რომ მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოპასუხე მხარის პოზიცია ემყარება არა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობას, არამედ სარჩელში მითითებული ფაქტების სადავოობას. კასატორის განმარტებით, სამუშაოები, რომლის შესრულების ვალდებულება მოსარჩელეს ჰქონდა, არ არის შესრულებული სრულად, ხარისხიანად და პროცესუალური ნორმების უნებლიე დარღვევა არ შეიძლება გახდეს არაკეთილსინდისიერი პირის უკანონო სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

21. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი", თბილისი 2015, გვ. 637).

22. მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები.

23. განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების და შესრულების ვადის გადაცილებაში მოსარჩელის არაბრალეულობის შესახებ სსკ-ის 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას ვალდებულების შესრულებულად აღიარების და პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე.

24. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე