Facebook Twitter

საქმე №ას-449-2020 30 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ქ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.ქ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2010 წლის 4 ოქტომბრიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

2.2. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

2.3. ხასიათის შეუთავსებლობის გამო, მეუღლეებს შორის ხშირად იყო უთანხმოება.

2.4. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს შერიგება, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელემ დატოვა ოჯახი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოსარჩელეს ჰყავს მეგობარი ქალბატონი, რის გამოც სურს განქორწინება.

3.2. მოპასუხეს უნდა ოჯახის შენარჩუნება და სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად.

4. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში. შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მოითხოვა: შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან (19.09.2018წ.) ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და გასაჩივრებულ ნაწილში მისი საფუძვლები:

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეებს შორის განქორწინების საფუძველზე შეწყდა ქორწინება. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს არასრულწლოვანი ორი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 19.09.2018 წლიდან ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. მხარეები არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

5.2. მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

5.3. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათი ოჯახური მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია, რადგან მოპასუხეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი.

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1122-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტი უშვებს განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტას, ხოლო 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა განქორწინების თაობაზე იყო საფუძვლიანი.

6. გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა შემდეგი:

7.1. სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

7.2. მოსარჩელეს არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არარსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა, ნათლად და კატეგორიული ფორმითაა წარმოდგენილი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს. მოსარჩელეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი.

8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

8.1. სასამართლოს მეუღლეთა შესარიგებლად უნდა განესაზღვრა ვადა.

8.2. მხარეთა შორის განქორწინების საფუძველი უმნიშვნელოა და ამასთან, მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც სჭირდებათ მშობლების სითბო და ალერსი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ განქორწინების საფუძველი უმნიშვნელოა და მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ამიტომ სასამართლოს უნდა განესაზღვრა მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადა.

13. სსკ-ის 1122-ე მუხლის "გ" ქვეპუნტით განქორწინება ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

14. სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).

16. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობაში პოულობს გამოხატულებას ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილია. მოსარჩელეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და უარს აცხადებს კასატორთან ოჯახური თანაცხოვრების აღდგენაზე. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას შესარიგებელი ვადის განსაზღვრაზე, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზანშეწონილობას სასამართლო წყვეტს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკმაო დროა გასული სარჩელის აღძვრის მომენტიდან და ამ დროში არ მომხდარა მეუღლეთა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ №ას-70-70-2018, 21.12.2018წ.; №ას-47-2019, 06.05.2019წ.).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე