Facebook Twitter

საქმე №ას-1226-2020 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.კ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.შ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.კ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა თ.შ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1.1 ქ.თბილისი, ......, საკადასტრო კოდი #.......; 1.2. ქ.რუსთავი, ......, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #........; 1.3. ქ.თბილისი, ....... მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი #.......); 1.4. ქ.რუსთავი, ....... მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი ......); 1.5. ქ.ხაშური, ........ მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი .......), ½ ნაწილზე. 2 მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ....... პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი ........) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი ........) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 120 000 ლარის ანაზღაურება; 3 მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ....... მდებარე აგარაკის (მიწის ნაკვეთი, სახლი -საერთო ფართით 352,49 კვ.მ, 2 ერთეული ავტოფარეხი, საცურაო აუზი, საკადასტრო კოდი .....) საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 ლარის ანაზღაურება; 4. მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა შპს ,,კ–ში“ მოპასუხის სახელზე რიცხული 100%-იანი წილის ½ ნაწილზე; 5. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში შექმნილი დანაზოგის, 300 000 აშშ დოლარის ნახევრის 150 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, ა. და ლ.შ–ები. ასევე, მეუღლეებმა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეიძინეს სადავო უძრავი ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მხოლოდ მოპასუხის სახელზე. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში დააფუძნეს შპს ,,კ.“, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა მოპასუხე. ასევე, მხარეთა მიერ შექმნილია ფულადი დანაზოგი, 300000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც განთავსებულია მოპასუხის სახელზე არსებულ ანგარიშზე. მოპასუხე არ ახდენს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნებაყოფლობით გაყოფას. მან, მეუღლის ნებართვის გარეშე, ყველაზე მეტი ღირებულების მქონე ორი უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ......, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ, მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 352,49 კვ.მ და ქ.თბილისი, ........, გაასხვისა ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ ქ.მ–ძეზე. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნახევრის ანაზღაურება, ასევე, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეები 1974 წლის 14 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები უსიამოვნების ნიადაგზე დაშორდნენ ერთმანეთს 1998 წლის 25 მარტს. ამავე წლის 16 აპრილის ჩათვლით მოპასუხე იმყოფებოდა საავადმყოფოში, საიდანაც მოსარჩელესთან აღარ დაბრუნებულა. ამჟამად ცხოვრობს მეორე მეუღლესთან და შვილთან - 1999 წელს დაბადებულ მ.შ–თან ერთად. სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთები შეძენილია თ.კ–ძესთან ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, ხოლო თბილისში, ...... განთავსებული ქონება მიღებული აქვს ჩუქებით. შესაბამისად, დავის საგანში აღნიშნული მატერიალური აქტივი წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას და გაყოფას არ ექვემდებარება. მოპასუხეს სრული უფლება ჰქონდა გაესხვისებინა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, რომელთა ღირებულება გასხვისების დროისათვის იყო საკმაოდ მცირე. ამასთან, მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა ნივთების ნასყიდობის შესახებ, რის გამოც, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია. მოპასუხის სახელზე საბო დაწესებულებაში არ ირიცხება დასახელებული ოდენობის დანაზოგი, სამეწარმეო საზოგადოება კი, მის მიერ შექმნილია 2013 წელს, მოსარჩელესთან განშორების შემდეგ. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.

4. იმავდროულად, მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის, ა. შ–ისა და ლ. შ–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონების მდებარე რუსთავი, ...... ბინა 50 -ის 1/5 ნაწილზე და განმარტა, რომ მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, 1992 წლის 9 ოქტომბერს განხორციელდა უძრავი ნივთის მდებარე ქ.რუსთავი, ...... 50 პრივატიზაცია, რა დროსაც, ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ 5 პირი: მოპასუხე, მოსარჩელე, მ.ჭ–ი, ა. და ლ.შ–ები. მართალია პრივატიზაცია განხორციელდა მხოლოდ თ.კაკურიძის სახელზე, მაგრამ ს–ს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილების თანახმად, უძრავ ნივთი თანასაკუთრებით ეკუთვნის მასში ჩაწერილ და მცხოვრებ ხუთივე ადამიანს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უფლებამოსილია სამართლებრივი პრეტენზია განაცხადოს ქონების 1/5 ნაწილზე.

5. თავდაპირველმა მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს: ა. და ლ.შ–ებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ......., საკადასტრო კოდი N ......, ½ ნაწილის მესაკუთრედ; მოსარჩელეს უარი ეთქვა შემდეგი უძრავი ქონების, მდებარე: ქ.რუსთავი, ......., მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N .....; ქ.თბილისი, ....... მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი N .....); ქ.რუსთავი, ..... მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი ......); ქ. ხაშური, .... ქუჩა 98-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი .......), ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს დაეკისრა ქ.თბილისი, ...... პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი ......) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი .......) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 2500 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა თბილისი, ....... მდებარე აგარაკის (საკადასტრო კოდი .......) საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 ლარის ანაზღაურების, ერთობლივი შპს ,,კ–ს“ ½წილის მესაკუთრედ ცნობის და ქორწინების პერიოდში შექმნილი დანაზოგის, 300 000 აშშ დოლარის ნახევრის 150 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე; ამავე გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავი ქონების მდებარე რუსთავი, ......., ბინა 50 -ის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილები.

10. დადგენილია, რომ მოპასუხე იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში ქ.მ–ძესთან, რა დროსაც, 1999 წლის 4 სექტემბერს შეეძინა შვილი - მ.შ–ი.

11. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2012 წლის 21 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ხაშური, ......., შენობა #1-დან 2/3 ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე.

12. 2014 წლის 04 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი რუსთავი, ......., მეტალურგიული კომბინატის, ავტოსატრანსპორტო საამქროს მიმდებარე ტერიტორია, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......., ნაწილის მესაკუთრედ.

13. მოპასუხე, ,,ს–ის“ მიერ 1997 წლის 08 ივნისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის #ა-850 მიხედვით, გახდა ქალაქ თბილისში, ...... მდებარე 606 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... მესაკუთრე. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 08 ივნისს.

14. 2010 წლის 17 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით, მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქი თბილისი, ....... შენობის მე-2 სართული, საერთო ფართით: 317,16 კვ.მ, მე-3 სართული, საერთო ფართით: 294.98 კვ.მ, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......, მესაკუთრედ.

15. 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილების #350 მიხედვით, დაკმაყოფილდა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის გამოყოფა თ.ა. ძე შ–ზე, ოჯახის შემადგენლობა 4 სული. ამასთან, დადგენილია, რომ თ.შ–ს ქალაქ რუსთავის მერის 1998 წლის 31 მაისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ განკარგულების საფუძველზე, (რომლის საფუძველიცაა 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილება) გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი რუსთავი, ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 29 ოქტომბერს.

16. მოპასუხე წარმოადგენს შპს „კ–ს“, საიდენტიფიკაციო კოდი: ......, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 05/03/2013წ, დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელს.

17. 1979 წლის 24 დეკემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ.რუსთავი, ......) შესახლების ორდერი, 4 სულზე. 1992 წლის 09 ოქტომბერს თ.კ–ძესთან დადებული პირივატიზაციის ხელშეკრულების #2-2732 საფუძველზე, ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, ......, სართული 8, ბინა #50, ფარ. 81.36 კვ.მ - მესაკუთრედ.

18. 1997 წლის 24 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ ხ.პ–გან ნასყიდობის საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი,......, კორპ 1 ა, ბინა 32. დადგენილია, რომ 2004 წლის 6 თებერვალს თ.შ–მა ქ.მ–ძეს მიჰყიდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ........ მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 5000 ლარად.

19. მოპასუხის სახელზე 1998 წლის 21 დეკემბერს გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, ქ. რუსთავში, ......, 0,13 ჰა მიწის ნაკვეთზე. დადგენილია, რომ 2004 წლის 9 თებერვალს თ.შ–სა და ქ.მ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ.მ–ძემ იყიდა უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონი, ......, ნაკვეთის #339, ფართი - 0,13 ჰა. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 5000 ლარად.

20. თბილისში, ...... მდებარე აგარაკის, მიწის (საკადასტრო კოდი) ...... შეფასების შესახებ 2015 წლის 30 მარტს გაცემული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაა - 578 000 ლარი.

21. ქ. თბილისში, ......., პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი #........, ფართი 101.99 კვ.მ) და მის ქვეშ მდებარე, საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი #......., ფართი 61.49 კვ.მ) საბაზრო ღირებულება, 2015 წლის 30 მარტის მდგომარეობით შეადგენს - 108 000 აშშ დოლარს.

22. მოპასუხეს სს ,,ფ.ბ.ს–ში“, ბ ,,ქ–ში“, სს ,,ა.ს. ბ-ს–ში“, სს ,,ი. ს–ში“, სს ,,ხ. ბ ს–ში“, სს ,,დ–ში“, სს ,,ტ–ში“, სს ,,კ–ში“, სს ,,პ. ბ ს–ში“, სს ,,ბ. ბ–ში“ , სს ,,ს.რ. ბ–ში“, სს ,,ვ.ბ ჯ–ში“ , სს ,,ზ. ბ–ში“ ანგარიში არ აქვს გახსნილი.

23. მოპასუხეს სს ,,ბ რ–ში“ 2016 წლის 27 ოქტომბრისათვის გახსნილი ჰქონდა ანგარიში - 2067.74 ლარის ოდენობით. ამასთან, სს ,,პ– ბ–ში“ მოპასუხის სახელზე გახსნილ შემნახველ ანაბარზე 26.10.2016 წლის მდგომარეობით განთავსებული იყო - 124.62 აშშ დოლარი, ხოლო სს ,,თ. ბ–ში“ და სს ,,ლ. ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა. დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხეს 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, სს ,,ს. ბ–ის“ ანგარიშებზე ნაშთის სახით უფიქსირდებოდა სულ 112 182.09 აშშ დოლარი და 52 329.87 ლარი.

24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) პოზიცია მასზედ, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 2016 წელს, განქორწინების რეგისტრაციის შემდგომ.

25. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 1998 წლის 25 მარტს მეუღლეთა შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მხარეები განთავსდნენ საავადმყოფოში.

26. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ კი მხარეებს ერთმანეთთან აღარ უცხოვრიათ, ხოლო მოპასუხემ მალევე შექმნა ფაქტობრივად მეორე ოჯახი ქ.მ–ძესთან და შეეძინა შვილი, მ.შ–ი.

27. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N455-ით (იხ. ტომი 4, ს.ფ. 17-18) დგინდება, რომ 1998 წლის 25 მარტს თ.შ–ი მოთავსებული იქნა შპს ,,ს.ს. კომპლექსში, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიაგნოზით - მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლმდენი, კეფის, შუბლისა და თხემის არეში. სტაციონარიდან იგი გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს. იმავე დღეს, საავადმყოფოში განთავსდა თ.კ–ძეც, დიაგნოზით - ქალა-ტვინის ტრავმა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. თ.შ–ისა და ქ.მ–ძის შვილი, მ.შ–ი - დაბადებულია ინციდენტიდან მოკლე პერიოდში, 1999 წლის 4 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები (იხ. ტომი 3, ს.ფ. 232-241) მიუთითებენ, თ.შ–სა და მის სამივე შვილს შორის ნათესაურ ურთიერთობაზე. საქმეში წარმოდგენილია თ.კ–ძის წერილი თ.შ–ისადმი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 230-231), რომლის წარმომავლობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ არ ჰყავს მეუღლე, შვილების სარჩენად ითხოვს ყოველთვიურ თანხას. წერილის შედგენის თარიღის განსაზღვრისთვის აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის ცოცხალია თ.კ–ძის დედა, რომელიც გარდაიცვალა 2010 წელს.

28. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა გამამყარებელ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებენ მოწმეები და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ინფორმაცია ემთხვევა, როგორც 1998 წელს მხარეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ ფაქტებს, ასევე, შემდგომ, მოპასუხის ქ.მ–ძესთან ერთ ოჯახად ცხოვრების შესახებ ფაქტებს. მეტიც, ქ. თბილისში, ....... ქუჩაზე არსებული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე, თ.მ–ი განმარტავს, რომ მოპასუხე და ქ.მ–ძე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, აქვს მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, მეუღლეები ზრდიან შვილს - მ.შ–ს. პირველი მეუღლის სახელი კი მოწმეს არც სმენია. ამასთან, 1998 წლიდან ქ.მ–ძესა და მოპასუხის უწყვეტ საოჯახო ურთიერთობას მიუთითებს მოწმე ნ.ლ–იც. მოწმე დ.ბ–ძე, რომელიც მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც განთავსებული იყვნენ მხარეები, დაწვრილებით იხსენებს მომხდარს და ადასტურებს, რომ თ. მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა და მოსარჩელეს ჰქონდა სურვილი, რომ დ.ბ–ძეს მიეღო მონაწილეობა მათ შერიგებაში, მაგრამ მოპასუხე იყო კატეგორიული წინააღმდეგი, ხოლო რამდენიმე თვეში შექმნა ოჯახი ქ.მ–ძესთან. იდენტურ გარემოებებს აღწერს თ.ს ძმა, ა.შ–ი, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ ქ.მ–ძე იყო ოჯახში მიღებული რძალი, ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. გარემოებებს ადასტურებს აგრეთვე მოსარჩელის ბიძაშვილი, ლ. შ–ი, აღნიშნავს რა, რომ 20 წელია ქ. მ–ძე თ.ს მეუღლეა. ამავდროულად, 20 წლის თანაცხოვრებაზე მიუთითებს რუსთავში მეზობელი გ.გ–ი და ბავშვის ძიძა, ნ.შ–ა.

29. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 1998 წლის 25 მარტის შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს ფაქტობრივად ერთად არ უცხოვრიათ და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა.

30. ს–ს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ ს–ს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. სსკ-ის 1159-ე მუხლის შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სსკ-ის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ეფუძნებოდა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმის განმსაზღვრელ ნორმებს და მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო 2016 წლამდე, განქორწინების რეგისტრაციამდე, შეძენილი ყველა უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო გასხვისებული უძრავი ქონებების ღირებულების ნახევარი ანაზღაურებულ უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც დადგენილი იყო მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 1998 წლის 25 მარტიდან.

31. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. თბილისი, ....... საკადასტრო კოდი N ......, ქ. თბილისი, ....... პირველ სართულზე მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი .......) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფი (საკადასტრო კოდი ........), შეძენილი იყო მხარეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში და მათზე ვრცელდებოდა მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა, ქმნის პრეზუმირებულ ფაქტს მასზე მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ. აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ...... ქუჩაზე არსებული ორივე ქონება, 2004 წლის 06 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ გაასხვისა მოსარჩელის თანხმობის გარეშე, საიდანაც მიღებული სარგებლის, 5 000 ლარის ნახევარი, 2500 ლარი, მეუღლისათვის არ გადაუცია, შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნა უძრავი ნივთის, მდებარე ..... ქუჩა - N48-ში, საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ წარმოდგენილია 2015 წლის 30 მარტის მდგომარეობით, რაც შეადგენს 108 000 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთი გასხვისებულია 2004 წელს, და მას შემდგომ, 2015 წლამდე პერიოდში უძრავი ნივთის საბაზრო ფასებმა ბაზარზე განიცადა ცვლილება გაზრდის თვალსაზრისით. უძრავი ნივთის გასხვისების დროისათვის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ მტკიცებულება აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასით და აუნაზღაურა აპელანტს მიყენებული ზიანი 2500 ლარის ოდენობით. სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესის გამოყენების ანუ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომელი მეუღლის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 1998 წლის 25 მარტის შემდგომ. სადავო ქონების ნაწილი შეძენილია სწორედ ამ პერიოდის შემდგომ. ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს, ამ შემთხვევაში, არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ივარაუდება, რომ ეს ქონება არ არის შეძენილი ოჯახის ინტერესებისათვის და საერთო სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განვითარებული მსჯელობა კანონიერია.

32. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა „ს–ს რ–ში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ ს–ს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილების მოცემულ სამართალურთიერთობაზე გავრცელების თვალსაზრისით და განმარტა, რომ ხსენებული დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ, დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ ს–ს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებლის ნებაა, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცეთ ს–ს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები (თუნდაც არასრულწლოვნები) იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო შესახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან, პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს. აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

33. „ს–ს რ–ში ბინების პრივატიზაციის(უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ ს–ს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილებით, ს–ს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების მიზნით დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ, დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - პრივატიზაციის წესი. აღნიშნული დადგენილების გამოყენების ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის პრივატიზაციის დროს, ბინაში კანონით დადგენილი წესით ჩასახლებული და მცხოვრები ყველა პირი (ბინის დამქირავებლები და ამ დამქირავებლის ოჯახის წევრები), მათ შორის, არასრულწლოვანიც, ითვლება ბინის თანამესაკუთრედ, იმისდა მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე განხორციელდება ბინის პრივატიზაცია (იხ., სუსგ №ას-1206-1151-2013, 10 ივლისი, 2015 წ., პ-15; სუსგ №ას-997-1196-08, 31.03.2009წ.). ამდენად, მითითებული დადგენილების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ ს–ს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ს–ს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.

34. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1979 წლის 24 დეკემბერს მოქალაქე თ.შ–ის სახელზე გაიცა სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ.რუსთავი, ......) შესახლების ორდერი, 4 სულზე. 1992 წლის 09 ოქტომბერს თ.კ–ძესთან დადებული პირივატიზაციის ხელშეკრულების #2-2732 საფუძველზე, ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, ......., ბინა #50, ფარ 81.36 კვ.მ - მესაკუთრედ. ასევე, დადგენილია, რომ თ.შ–ი პრივატიზაციის დროისათვის (1992 წლის 09 ოქტომბერი) წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარე ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით, მიჩნეულ უნდა იქნას სადავო ბინის პრივატიზებაზე უფლებამოსილ პირად, რის გამოც არსებობს საპრივატიზაციო წილზე - სადავო ნივთის 1/5 ნაწილზე, მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

35. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

36. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სსკ-ის 1168.3 მუხლის მიხედვით 16 წლიანი დაშორების შემდეგ შეძენილი ქონება ერთი მეუღლის საკუთრებად შეიძლება გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, როცა შვილები ცხოვრობენ ერთ მეუღლესთან ან მეორე მეუღლე საერთო ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ. ამასთან, ეს გარემოებები მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების დაკარგვას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად დაშორების პერიოდი შეადგენს 3 წელს. ფაქტობრივი დაშორების 3-წლიანი პერიოდის შემდეგ ამ პერიოდში შეძენილი ქონება შეიძლება გამოცხადდეს ერთი მეუღლის საკუთრებად 1168-ე მუხლით მითითებული საფუძვლების არსებობისას. განსახილველი შემთხვევაც სწორედ ასეთია: კასატორი მიუთითებს სსკ-ის 1168-ე მუხლის დანაწესსა და 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლი თანახად მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. ხოლო თუ ნივთი გასხვისად საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, მეორე მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს ასევე ზიანის ანაზღაურებაც.

37. კასატორი არ ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ქ.მ–ძესთან იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით. ბავშვის დაბადების მოწმობა კი არ წარმოადგენს ფაქტობრივი ქორწინების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

38. კასატორი არ ეთანხმება, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 1998 წლის 25 მარტიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული განქოწინების გადაწყვეტილებით, დასტურდება მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტის ფაქტი და თარიღი, რასაც პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. კასატორი აღნიშნავს, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ ს–ს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. კასატორი არ ეთანხმება მოპასუხს მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ბარათს N456/37.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. ს–ს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

41. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მიაჩნია, რომ მან თანასაკუთრების უფლება მოიპოვა სადავო უძრავ ქონებაზე, რომელიც შეძენილია მასსა და მოპასუხეს შორის ქორწინების განმავლობაში - მხარეთა სასამართლო წესი განქორწინებამდე. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 1998 წლის 25 მარტიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ვინაიდან ამ დროიდან, მათ ერთად არ უცხოვრიათ.

42. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელე) პრეტენზია შეეხება შემდეგი უძრავი ქონების ½ ნაწილის მიკუთვნებას, კერძოდ: ა) ქ.რუსთავი, ......., მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N .....; ბ) ქ.თბილისი, ..... მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი N .....); გ) ქ.რუსთავი, ...... მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი ......); დ) ქ.ხაშური, . ...... მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი .....); ე) შპს ,,კ“-ს ½ წილი. კასატორი (მოსარჩელე) მოითხოვს იმ სარგებლის ნახევრის მიკუთვნებასაც, რომელიც მოპასუხემ მიიღო საერთო საკუთრების გასხვისებით, კერძოდ, ა) ქ.თბილისი, ...... პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი .....) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი ......) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის ანაზღაურებას; ბ) თბილისი, ...... მდებარე აგარაკის (საკადასტრო კოდი ......) საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 ლარის ანაზღაურებას; გ) ქორწინების პერიოდში შექმნილი დანაზოგის, 300 000 აშშ დოლარის ნახევრის 150 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ქ.თბილისი, ......, საკადასტრო კოდი #......, ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში, კასატორს პრეტენზია არ გააჩნია. ასევე, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.თბილისი, ...... პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი ......) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი .......) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 2500 ლარის ანაზღაურების ნაწილში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკადასტრო კოდებით: ..... და ...... რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებიდან მოსარჩელე მოითხოვდა არა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს - 2500 ლარს, არამედ, 120 000 ლარს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსწორობის შესახებ, კერძოდ, კასატორი ვერ ასაბუთებს საკადასტრო კოდებით: ..... და ....... რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების ღირებულების არასწორად განსაზღვრას. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების პ.31-ში მოცემულ მსჯელობას.

44. რაც შეეხება მოსარჩელის (კასატორი) პრეტენზიას დანარჩენი სადავო ქონების მიმართ აგრეთვე, შპს- ში წილი და ფულადი დანაზოგი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

45. საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. მათ შორის ქორწინება შეწყდა 2016 წელს სასამართლო წესით.

46. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2012 წლის 21 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ხაშური, . ......., შენობა #1-დან 2/3 ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე.

47. 2014 წლის 04 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქალაქი რუსთავი, ......, მეტალურგიული კომბინატის, ავტოსატრანსპორტო საამქროს მიმდებარე ტერიტორია, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......., ნაწილის მესაკუთრედ.

48. დადგენილია, რომ 2010 წლის 17 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით, მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ნივთის მდებარე ქალაქი თბილისი, ......., შენობის მე-2 სართული, საერთო ფართით: 317,16 კვ.მ, მე-3 სართული, საერთო ფართით: 294.98 კვ.მ, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......., მესაკუთრედ.

49. დადგენილია, რომ თ.შ–ს ქალაქ რუსთავის მერის 1998 წლის 31 მაისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ განკარგულების საფუძველზე, (რომლის საფუძველიცაა 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილება) გადაეცა უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი რუსთავი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......., რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 29 ოქტომბერს.

50. 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილების #350 მიხედვით, დაკმაყოფილდა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის გამოყოფა თ.ა. ძე შ–ზე, ოჯახის შემადგენლობა 4 სული.

51. დადგენილია, რომ თ.შ–ს ქალაქ რუსთავის მერის 1998 წლის 31 მაისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ განკარგულების საფუძველზე, (რომლის საფუძველიცაა 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილება) გადაეცა უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი რუსთავი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........., რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 29 ოქტომბერს.

52. მოპასუხე წარმოადგენს შპს კ–ს, საიდენტიფიკაციო კოდი: ......, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 05/03/2013წ, დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელს.

53. 1979 წლის 24 დეკემბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ.რუსთავი, ......) შესახლების ორდერი, 4 სულზე. 1992 წლის 09 ოქტომბერს თ.კ–ძესთან დადებული პირივატიზაციის ხელშეკრულების #2-2732 საფუძველზე, ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, ........, ფარ. 81.36 კვ.მ - მესაკუთრედ.

54. მოპასუხის სახელზე 1998 წლის 21 დეკემბერს გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, ქ. რუსთავში, ......, 7-50, 0,13 ჰა მიწის ნაკვეთზე.

55. დადგენილია, რომ 2004 წლის 9 თებერვალს თ.შ–სა და ქ.მ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ.მ–ძემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონი, ...... ნაკვეთის #339, ფართი - 0,13 ჰა.

56. თბილისში, ..... მდებარე აგარაკის, მიწის (საკადასტრო კოდი) ...... შეფასების შესახებ 2015 წლის 30 მარტს გაცემული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაა - 578 000 ლარი.

57. მოპასუხეს სს ,,ფ.ბ.ს–ში“, ბ ,,ქ–ში“, სს ,,ა.ს. ბ-ს–ში“, სს ,,ი. ს–ში“, სს ,,ხ. ბ ს–ში“, სს ,,დ–ში“, სს ,,ტ–ში“, სს ,,კ–ში“, სს ,,პ. ბ ს–ში“, სს ,,ბ. ბ–ში“ , სს ,,ს.რ. ბ–ში“, სს ,,ვ.ბ ჯ–ში“ , სს ,,ზ. ბ–ში“ ანგარიში არ ჰქონდა გახსნილი. მოპასუხეს სს ,,ბ რ–ში“ 2016 წლის 27 ოქტომბრისათვის გახსნილი ჰქონდა ანგარიში - 2067.74 ლარის ოდენობით. ამასთან, სს ,,პ. ბ–ში“ მოპასუხის სახელზე გახსნილ შემნახველ ანაბარზე 26.10.2016 წლის მდგომარეობით განთავსებული იყო - 124.62 აშშ დოლარი, ხოლო სს ,,თ–ი ბ–ში“ და სს ,,ლ. ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა. დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხეს 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, სს ,,ს–ს ბ–ის“ ანგარიშებზე ნაშთის სახით უფიქსირდებოდა სულ 112 182.09 აშშ დოლარი და 52 329.87 ლარი.

58. დადგენილია, რომ მოპასუხე იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში ქ.მ–ძესთან, რა დროსაც, 1999 წლის 4 სექტემბერს შეეძინა შვილი - მ.შ–ი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას კასატორი სადავოდ ხდის, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია არ შეიცავს დასაბუთებას ამ ნაწილში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპიროდ, პირიქით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლის 25 მარტს მეუღლეთა შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც, ორივე მათგანი განთავსდა საავადმყოფოში. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ - 1998 წლის 16 აპრილი - მხარეებს ერთმანეთთან აღარ უცხოვრიათ, ხოლო მოპასუხემ მალევე შექმნა ფაქტობრივად მეორე ოჯახი ქ.მ–ძესთან და შეეძინა შვილი, მ.შ–ი. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N455-ით (იხ. ტომი 4, ს.ფ. 17-18) დგინდება, რომ 1998 წლის 25 მარტს თ.შ–ი მოთავსებული იქნა შპს ,,ს.ს. კომპლექსში, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიაგნოზით - მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლმდენი, კეფის, შუბლისა და თხემის არეში. სტაციონარიდან იგი გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს. იმავე დღეს, საავადმყოფოში განთავსდა თ.კ–ძეც, დიაგნოზით - ქალა-ტვინის ტრავმა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. თ.შ–ისა და ქ.მ–ძის შვილი, მ.შ–ი - დაბადებულია ინციდენტიდან მოკლე პერიოდში, 1999 წლის 4 სექტემბერს.

59. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, სტაციონარის ავადმყოფობის სამედიცინო ბარათს (იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 54, ტ.6), თუმცა, კასატორის მიერ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაშვები საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, კასატორი ვერ ადასტურებს, რატომ არ ეთანხმება წარმოდგენილ მტკიცებულებას ან რას ეფუძნება მისი მოსაზრება.

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

61. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

62. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

63. სასამართლო შემეცნების ფორმების თვალსაზრისით საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები შეიძლება ორჯგუფად დავყოთ: ა) გარემოებები, რომლებიც განაგრძობენ არსებობას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (ე.წ. აწმყოს ფაქტები) და ამიტომ შესაძლებელია მათი გრძნობადი აღქმის გზით დადგენა და ბ) გარემოებანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში და ამიტომ მათი დადგენა უშუალო შემეცნების გზით შეუძლებელია. ასეთი ფაქტები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გაშუალებული გზით, მტკიცებულების გამოყენებით.

64. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

66. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

67. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

68. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2016 წელიდან - მხარეთა შორის განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან და აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მხარეები 1998 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობობენ, ხოლო მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელობა ვერ მიენიჭება მხოლოდ მათ შორის ქორწინების ოფიციალური შეწყვეტის მომენტს, მაშინ როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქორწინების ოფიციალურ შეწყვეტამდე, ჯერ კიდევ, 1998 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე ფაქტობრივად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე, პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისთვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს (სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხ.). ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. სწორედ ამიტომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება ქორწინებიდან გამომდინარე თანასაკუთრებას.

70. კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია ს–ს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ ს–ს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხ.).

71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი შეიცავს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივ რეგულირებას. პრაქტიკულად, ნორმით განისაზღვრება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (ქორწინების განმავლობაში) მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების საკითხი, თუმცა, მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია არ არის განმსაზღვრელი საკუთრებაზე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის უფლებრივი რეჟიმის გასავრცელებლად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სადავო ნივთების შეძენისას მეუღლეები აღარ აწარმოებდნენ საერთო მეურნეობას და ქორწინება, მიუხედავად რეგისტრაციის არსებობისა, ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი. კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, საერთო ქონება სსკ-ის 1158-ე მუხლის მიზნებისათვის იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.

72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტა შეიძლება გახდეს ასევე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველიც, კერძოდ, სსკ-ის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება მეუღლეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (შეადრ: სუსგ Nას-187-174-2015, 22.07.2015).

73. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლის 25 მარტს მოდავე მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მხარეები განთავსდნენ საავადმყოფოში. სტაციონარის საავადმყოფო სამედიცინო ბარათით (იხ., ტ.4, ს.ფ. 17, 18) დგინდება, რომ მოპასუხე 1998 წლის 25 მარტს მოთავსებულ იქნა შპს „ს.ს. კომპლექსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიაგნოზით - მრავლობითი დაჟეჟილობა, სისხლდენა, კეფის, შუბლისა და თხემის არეში სტაციონარიდან იგი გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მოდავე მხარეებს ერთმანეთთათ აღარ უცხოვრიათ. მოპასუხემ, მალევე შექმნა ფაქტობრივად ოჯახი ქ.მ–ძესთან, რომელთანაც შეეძინა შვილი - მ.შ–ი. მ.შ–ი დაბადებულია მოდავე მხარეების შორის მომხდარი ინციდენტიდან მოკლე დროში - 1999 წლის 4 სექტემბერს. სადავო ქონება კი, შეძენილია სწორედ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ.

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, როგორც განსახილველ საქმეზე დადგენილია, 1998 წლის 25 მარტიდან,მოდავე მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტას საფუძვლად დაედო მათ შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის ქორწინება ოფიციალურად შეწყდა 2016 წლიდან განქორწინების გზით, ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ივარაუდება, რომ განსახლველ საქმეში ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის მიერ სადავო ქონება შეძენილი არ არის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მიზნით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

75. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) ს–ს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე ს–ს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ს–ს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ს–ს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

76. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

78. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

79. განსახილველ შემთხვევაში, ს–ს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის თანხა 6000 ლარი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილევლად, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1800 ლარის ოდენობით (6000 ლარის 30%).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს–ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. 1. თ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. 2. კასატორს თ.კ–ძეს (პ.ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1800 ლარის ოდენობით, თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე