საქმე №ას-1096-2020 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ,,თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–იამ (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ ,,თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი) მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით: 1.1. ბათილად იქნას ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის Nბ66.01183201 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; 1.2. აღდგენილი იქნას მოსარჩელე, ქ. თბილისის N10 ბაგა-ბაღის (შემდეგში- ბაგა-ბაღი) დირექტორის თანამდებობაზე; 1.3. სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა, 2018 წლის 19 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 800 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ 2007 წლის 24 სექტემბერს, მოსარჩელე დაინიშნა ბაგა-ბაღის დირექტორად. 2018 წლის 08 ნოემბერს, ბაგა-ბაღში ჩატარდა კომპლექსური მონიტორინგი, რა დროსაც, დაიწერა დადებითი შეფასება. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 16 ნოემბერს აღნიშნული მონიტორინგის ჯგუფი ხელმეორედ მივიდა ბაგა-ბაღში და შეადგინეს შემოწმების აქტი. მონიტორინგის აქტში აღინიშნა გარკვეული დარღვევები, კერძოდ: 2-3 წლიანთა ჯგუფში შესვლისას დილის წრეების დაფიქსირების შემდეგ მშობელთა მიერ გაყვანილ იქნა 2 ბავშვი. მათგან ერთი ენტეროვირუსის დიაგნოზით. აღნიშნულ ფაქტზე ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორის ი.მ–ის მიერ შესაბამისი ჩაწერა არ იქნა განხორციელებული სამედიცინო ჟურნალში. ასევე, ყოველდღიური მზა საკვების მიღება-ჩაბარების აქტზე ჯგუფის შესვლისას ხელი არ ჰქონდა მოწერილი 3 აღმზრდელის თანაშემწეს. ასევე, დაფიქსირდა გადამეტებული შეთავსების 4 ფაქტი.
3. მონიტორინგის ჩატარების დღესვე სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 ნოემბრის Nბ66.01183201 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2018 წლის 16 ნოემბერს სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, შრომის კოდექსის და ბაღის წესდების შესაბამისად. მოპასუხემ განმარტა, რომ სააგენტო სისტემატიურად ამოწმებს მის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაგა-ბაღებს. აღნიშნულ ბაღებში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, სხვა ბაგა-ბაღის დირექტორების მიმართაც გამოყენებულია შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის N10 საბავშვო ბაგა ბაღში აღმოჩენილ იქნა დარღვევები, რაც გამოიხატა აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაუცველობაში, საქმისწარმოებისა დარღვევაში, რის შედეგადაც 2-3 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფიდან, მშობლის ნებართვის გარეშე გაყვანილ იქნა ორი აღსაზრდელი, მზა საკვების მიღება-ჩაბარების აქტზე 3 აღმზრდელის თანაშემწის ხელმოწერის არარსებობაში და ასევე, არამიზნობრივი ხარჯის არსებობის ფაქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 16 ნოემბრის Nბ66.01183201 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილი იქნა ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა, 2018 წლის 19 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 800 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააგენტომ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის Nბ66.01183201 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან 2018 წლის 19 ნოემბრიდან, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით.
10. საქმის მასალებით არ დადასტურდა რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. ასევე, არ დადასტურდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 115-ე მუხლით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და აპელანტის მხრიდან უხეში დარღვევის არსებობასთან მიმართებით და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის საფუძველზეც, აპელანტის მხრიდან დარღვევის ფაქტი მართებულად არ დაადგინა.
12. დადგენილია, რომ სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ, 2018 წლის 16 ნოემბრის ქალაქ თბილისის N10 ბაგა-ბაღში განხორციელებული კომპლექსური მონიტორინგის შესახებ შედგენილი აქტის თანახმად, ბაგა-ბაღში გამოვლენილ იქნა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ, აქტში მითითებულია, რომ: ა) სააღმზრდელო ჯგუფში (4-5 წლიანებში) - კედლებზე ჭიკარტებითაა მიმაგრებული თვალსაჩინოებები; ბ) 2-3 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფში მონიტორინგის შესვლის მომენტში დილის დასწრების დაფიქსირების შემდეგ მშობელთა მიერ გაყვანილი იყო 2 ბავშვი. მათგან ერთი - ენტეროვირუსის დიაგნოზით. არცერთ შემთხვევაში, აღმზრდელებს არ ჰქონდათ განცხადება მიღებული. დასახელებულ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორის ი.მ–ის მიერ არ იქნა შესაბამისი ჩაწერა განხორციელებული სამედიცინო ჟურნალში; გ) ყოველდღიური მზა საკვების მიღება-ჩაბარების აქტზე მონიტორინგის მომენტში ხელი არ ჰქონდათ მოწერილი 3 აღმზრდელის თანაშემწეს; დ) 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფში არ იყო პირველადი ჯანდაცვის ყუთი; ე) ადამიანური რესურსების მხრივ დაფიქსირდა 4 ერთნაირი სპეციფიკის დარღვევა, კერძოდ, შტატების შეთავსების ფაქტი: ექთანი ი.მ–ი ითავსებდა აღმზრდელის თანაშემწის შტატს; მეთოდისტი მ.კ–ი ახალი თანამშრომლის მიღებამდე ითავსებს II ცვლის აღმზრდელის შტატს; ჭურჭლის მრეცხავი ე.ჩ–ი ითავსებდა აღმზრდელის თანაშემწის შტატს (ორჯერ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ს.ფ.36).
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმებოდა შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს, ამასთან, მოპასუხე დამსაქმებლის მიერ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აქტში მითითებულ გარემოებები დადგენილია თუ არა ობიექტური კვლევის შედეგად.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელემ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებელს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, ან შექმნა ასეთი ზიანის მიყენების საფრთხე, და/ან ხელი შეუშალა ბაგა-ბაღის ნორმალურ ფუნქციონირებას, კერძოდ: შეთავსებით სამუშაოზე ბაგა-ბაღის სხვა თანამშრომლების მუშაობის ეპიზოდში, რაიმე შეზღუდვა დასახელებულ თანამშრომელთა შეთავსებით სამუშაოზე გამწესებასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) მე-8 მუხლით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა. მოპასუხემ ვერ დაადასტურა აღნიშნულით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან თანხები, რომელიც გაცემულ იქნა ზემოაღნიშნულ თანამშრომლებზე, არის ხელფასი, რომელიც გადახდილია უხელფასო შვებულებაში მყოფი თანამშრომლების ნაცვლად, ხოლო შეთავსებით სამუშაოს შესრულებისას რაიმე დარღევევა-ნაკლოვანება შემოწმებისას არ გამოვლენილა (იხ. ს.ფ: 20-23). რაც შეეხება ბავშვის გაყვანის ეპიზოდს, უდავოდ დადგენილია, რომ ბაგა-ბაღის მედდამ ნება დართო მშობელს ენტეროვირუსიანი ბავშვის წაყვანაზე.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპის მოქმედების ეფექტზე და აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტისას, გათავისუფლების გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მონიტორინგის აქტში მითითებული ფაქტები არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად,
16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, 2018 წლის 16 ნოემბერს გამოცემული №ბ66.01183201 სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.
17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით, რომლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. თუ მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები. ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება.
18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინება), ასევე, აღნიშნა ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ქ.თბილისის №10 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობა არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი), დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
19. სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
20. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
21. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.
22. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნას ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე განაცდურის ანაზღაურების პირობით. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით 2018 წლის 19 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე დროის მონაკვეთში.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორი განმარტავს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენენ დამოუკიდებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა დამფუძნებელი და მართვის პოლიტიკის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. ბაღების დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბაგა-ბაღები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 60000-მდე აღსაზრდელი, რომლებიც ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონისა და დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე და ფარგლებში იღებენ მომსახურებას, ბაღების ვალდებულებაა აღნიშნული მომსახურება იყოს კვალიფიციური და აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული. ბაღებში დასაქმებულია 10 800-მდე ადამიანი, ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ბაგა-ბაღის დირექტორები დანიშნულნი არიან დამფუძნებლის შესაბამისი აქტით, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის წესით. მომსახურების მიმღებ კონტიგენტს წარმოადგენენ 2-დან 6 წლამდე ბავშვები (რიგ შემთხვევებში, 8 წლამდე).
25. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, Nას-1559-2019 საქმეზე დადგენილია პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სააგენტოსა და ბაგა-ბაღის დირექტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას „სასამსახურო ხელშეკრულებაა". ბაგა-ბაღის დირექტორსა და სააგენტოს შორის იდება დავალების ხელშეკრულება (სსკ-ის 709 მუხლი), სსკ-ის 720.1 მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
26. კასატორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება არც არასდროს გაფორმებულა. შესაბამისად, სააგენტო არ არის კლასიკიური გაგებით, დამსაქმებელი. ბაგა-ბაღის დირექტორის დანიშვნა დამოკიდებულია მისი, როგორც, დამფუძნებლის ნების გამოხატვაზე და დადგენილი წესით რეგისტრაციაზე. ამის სანაცვლოდ კი, სააგენტო ითხოვს მხოლოდ ერთს, ბაგა-ბაღების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებული წესდებითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას და მინდობილი პირის კეთილსინდისიერ ქმედებას. სააგენტო დადგენილი მექანიზმებების მეშვეობით (ჩვენს შემთხვევაში, მონიტორინგის განხორციელებით) აკონტროლებს და ზედამხევდელობას უწევს დირექტორების საქმიანობას. დირექტორები, თავის მხრივ, როგორც დამფუძნებლის მიერ დანიშნული პირები, ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს წინაშე და აქვთ ვალდებულება, იმოქმედონ ექსკლუზიურად კონკრეტული ა(ა)იპ-ის ინტერესებში და მისი მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია ასეთი წესების დარღვევისკენ და საწინააღმდეგოდ, ან არ არის ბაგა-ბაღის ინტერესებში, ან აზიანებს ამ ინტერესებს, ანიჭებს დამფუძნებელს უფლებას ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული პოზიციიდან, თუმცა, სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუღია რეალური საფუძვლების გარეშე. კერძოდ, ბაგა-ბაღში განხორციელებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. ბაღის ექთანს, რომელიც მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეთავსებული ჰქონდა დღის 13:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მრეცხავის პოზიცია მრეცხავს აღმზრდელის თანაშემწის პოზიცია. ასევე, მრეცხავს რომელიც მთელის დღის განმავლობაში დაკავებულია სამზარეულოში ჭურჭლის დასუფთავებით შეთავსებული ქონდა აღმზრდელის თანაშემწის პოზიცია. კასატორისათვის გაუგებარია როგორ შეიძლება ერთი ადამიანი ერთ დროს იყოს ორ ადგილას და ასრულებდეს ორ საქმეს და ამაში იღებდეს ანაზღაურებას. სტრუქტურის და სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული დავა არ არის მსგავსი შრომითი დავებისა, ვინაიდან საქმე ეხება არა მხოლოდ „დასაქმებულის" უფლებებს, არამედ, ბავშვთა უფლებებს, მიიღონ მათი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა სიკეთე. სააგენტო მიიჩნევს, რომ მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს, მის მინდობილ პირს, აკისრია განსაკუთრებული ვალდებულება დაიცვას როგორც საკუთარი თანამშრომლის, ასევე, იმ ბავშვთა უფლებები, რომლებსაც შეიძლება ზიანი მიადგეს მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის ქცევით და ამ შემთხვევაში, ბავშვთა უფლებების და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა პრიორიტეტულია. ასევე, დაწესებულების დირექტორს ეკისრება კომპეტენტური ზედამხედველობა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ნებისმიერ პირს. ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მიხედვით სწორედ დირექტორი არის ის უფლებამოსილი პირი, რომელიც განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. დირექტორი წარმართავს და ორგანიზაციას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ დანაწესს.
27. კასატორს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გაითვალისწინა კონკრეტული დავის სპეციფიკა. აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (საქმე Nას-379-363-2016, 30.06.2016; ას-828-784-2017, 31.07.2017; ას-1203-2018, 25.04.2019; ას-1559-2019, 02.03.2020; ას-1337-2019, 02.03.2020; ას-1478-2019 24.03.2020; ას-999-2019 24.07.2020). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სამოტივაციო ნაწილი :
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ (საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას) და „დ“ (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან) პუნქტების სამართლებრივი საფუძვლით.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელადაა დატოვებული მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2018 წლის 16 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ქ.თბილისის N10 ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ 2018 წლის 19 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
31. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის Nბ66.01183201 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან 2018 წლის 19 ნოემბრიდან, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით.
32. დადგენილია, რომ სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ, 2018 წლის 16 ნოემბრის ქალაქ თბილისის N10 ბაგა-ბაღში განხორციელებული კომპლექსური მონიტორინგის შესახებ შედგენილი აქტის თანახმად, ბაგა-ბაღში გამოვლენილ იქნა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ, აქტში მითითებულია, რომ: ა) სააღმზრდელო ჯგუფში (4-5 წლიანებში) - კედლებზე ჭიკარტებითაა მიმაგრებული თვალსაჩინოებები; ბ) 2-3 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფში მონიტორინგის შესვლის მომენტში დილის დასწრების დაფიქსირების შემდეგ მშობელთა მიერ გაყვანილი იყო 2 ბავშვი. მათგან ერთი - ენტეროვირუსის დიაგნოზით. არცერთ შემთხვევაში, აღმზრდელებს არ ჰქონდათ განცხადება მიღებული. დასახელებულ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორის ი.მ–ის მიერ არ იქნა შესაბამისი ჩაწერა განხორციელებული სამედიცინო ჟურნალში; გ) ყოველდღიური მზა საკვების მიღება-ჩაბარების აქტზე მონიტორინგის მომენტში ხელი არ ჰქონდათ მოწერილი 3 აღმზრდელის თანაშემწეს; დ) 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფში არ იყო პირველადი ჯანდაცვის ყუთი; ე) ადამიანური რესურსების მხრივ დაფიქსირდა 4 ერთნაირი სპეციფიკის დარღვევა, კერძოდ, შტატების შეთავსების ფაქტი: ექთანი ი.მ–ი ითავსებდა აღმზრდელის თანაშემწის შტატს; მეთოდისტი მ.კ–ი ახალი თანამშრომლის მიღებამდე ითავსებს II ცვლის აღმზრდელის შტატს; ჭურჭლის მრეცხავი ე.ჩ–ი ითავსებდა აღმზრდელის თანაშემწის შტატს (ორჯერ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ს.ფ. 36).
33. ზემოთდადგენიილ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციული იყო. ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, 2018 წლის 16 ნოემბერს გამოცემული №ბ66.01183201 სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ ა(ა)იპ ქ.თბილისის №10 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობა არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, მოსარჩელს მიეკუთვნა იძულებითი განაცდური სამსახურში აღდგენის დღემდე (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 9,10,12,14,16,18,21,23).
34. მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოსა და ბაგა-ბაღის დირექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. „სასამსახურო ხელშეკრულებას". ბაგა-ბაღის დირექტორსა და სააგენტოს შორის იდება დავალების ხელშეკრულება (სსკ-ის 709 მუხლი), სსკ-ის 720.1 მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა. შესაბამისად, სააგენტო არ არის კლასიკიური გაგებით, დამსაქმებელი. ბაგა-ბაღის დირექტორის დანიშვნა დამოკიდებულია მისი, როგორც, დამფუძნებლის ნების გამოხატვაზე და დადგენილი წესით რეგისტრაციაზე.
35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია შემდეგი გარემოებების გამო:
36. განსახილველ საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა) იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შდრ. სუსგ-ები №ას-1337-2019, 2 მარტი, 2020 წელი; №ას-1559-2019, 2 მარტი, 2020 წელი; Nას-1203-2018, 25.04.2019, №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი; Nას-838-784-2017, 31.07.2017, Nას-379-363-2016, 30.06.2016).
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
39. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბაგა-ბაღის დირექტორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). საკასაციო პალატის განსჯით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
42. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება. მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
43. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
44. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, რომლებიც თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.კ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე