საქმე №ას-1065-2020 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა ა.ჩ–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, რომ მოპასუხემ გაათავისუფლოს და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს მის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართი, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.06.2018წ. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 49,65 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ......, უძრავი ქონების ს/კ:.......
2. მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში აქვს 2016კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ.ბათუმში, დასახლება ....... (ს/კ: N .......). მოსარჩელე ძირითადად არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც, ყოველდღიურად ვერ აქცევდა ყურადღებას კუთვნილ ქონებას. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეზობლად მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრემ, მოპასუხემ თავის მიწის ნაკვეთზე მოიპოვა მშენებლობის ნებართვა და დაიწყო შენობის აგება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მხარეთა ნაკვეთებს შორის საზღვარი, მშენებლობის დროს, განზრახ გადასცდა მიჯნას, რის შედეგადაც, მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის და მყარი ღობის ნაწილი შემოჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხის დავალდებულება გაათავისუფლოს და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონების-მიწის ნაკვეთი ის ნაწილი, რაზედაც აგებულია შენობა-ნაგებობა და მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე), ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან შენობა-ნაგებობა ააშენა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული N001383 მშენებლობის სანებართვო მოწმობის და ბრძანება Nმ-566 -ის საფუძველზე. მშენებლობის დროს ზუსტად შეასრულა კანონით დადგენილი მოთხოვნები. ბათუმის მერიაშიც და მარეგისტრირებელ ორგანოშიც სრულად წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და ააშენა შენობა-ნაგებობა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. რაც შეეხება ზედდებას, მარეგისტრირებელი ორგანო არ განმარტავს, თუ რამდენი კვადრატული მეტრი არის გადაფარვაში მისი უძრავი ქონება სხვის უძრავ ქონებასთან. მით უმეტეს, არ ასაბუთებს, რომ გადაფარვაშია მოსარჩელის უძრავ ქონებასთან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა, გაათავისუფლოს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ს/კ:...... (ნაკვეთის წინა ნომერი ს/კ:N .....) უძრავი ქონება მყარად აგებული 21,86კვმ ფართის სასაზღვრო ღობისგან და შენობა-ნეგებობის 30,04კვ.მ ნაწილისაგან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5001993920 დასკვნის N1 დანართზე არსებული ნახაზის შესაბამისად და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...... მდებარე 2016 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N ....., 2011 წლის 01 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
8. 2011 წლის 14 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო ქ.ბათუმში, დასახლება ...... მდებარე 3478 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც დაჰყო რამოდენიმე ნაკვეთად, მათ შორისაა, 825 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N ......
9. დავის განხილვის დროისათვის, მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული N .... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, ამჟამად წარმოადგენს ქ.ბათუმში, ...... მდებარე 826 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებულია 430 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2016 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტო კოდია ......
10. 2016 წლის 27 იანვარს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ბრძანება Nმ/122 არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის 2015 წლის 8 იანვრის განცხადება და დამტკიცდა, ...... დასახლებაში მდებარე 825 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 21 მარტს კი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მოპასუხის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართო მოწმობა სმ№001383, რომლითაც მოპასუხეს ნება დაერთო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა. მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2016 წლის 20 დეკემბრამდე.
11. სმ №001383 სანებართვო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხემ ქ.ბათუმი, ...... (ყოფილი ...... დასახლება) მდებარე 825კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ N ......) ააშენა 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობა და მყარი მიჯნის ღობე, რაც 2016 წლის 08 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
12. 2017 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საზღვრების და შენობა-ნაგებობის მდებარეობის დაზუსტება. საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 თებერვლის N882017127151-03 გადაწყვეტილების მიხედვით დადგენილია, რომ N882017127151 განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შენობა-ნაგებობის ნაწილი შეჭრილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ასევე, მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა გავლებული იყო არასწორად.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, N..... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამყოფი კედელი წარმოადგენს მყარ მიჯნას, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ N ..... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულის გამო, ექსპერტიზის ბიუროს მიერ, შენობა-ნაგებობის და გამყოფი მიჯნის გადაფარვის დადგენა ცალ-ცალკე ვერ მოხერხდა და იგი განისაზღვრა ერთიანად. დასკვნის მიხედვით, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე (ს/კ N ......) აგებული შენობა-ნაგებობა და მყარი მიჯნა (ღობე) იმყოფებოდა გადაფარვაში 49,65 კვ.მ.-ით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ს/კ N ......
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაკითხული დ.ბ–ძის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხისაგან შეიძინა ის მიწის ნაკვეთი, სადაც ამჟამად განთავსებულია სადავო შენობა-ნაგებობა (თუმცა, უძრავი ქონება მის სახელზე რეგისტრირებული არ არის). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ნაგებობა, კერძოდ, კომერციული ობიექტი, სადაც მუშაობს. ვიდრე მშენებლობას დაიწყებდა, ტერიტორია აზომეს GPS-ით. მან იცოდა, რომ მხარეთა შორის საზღვარი გასასწორებელი იყო. მან ადგილზე პირადად მიიყვანა მოსარჩელის ოჯახის წევრები - მოსარჩელის მამა და ბიძა, რომლებმაც უთხრეს, რომ ღობის იქეთ მოპასუხის მიწის ნაკვეთი იყო. შესაბამისად, ადგილზე, გააბეს ძაფი და ამგვარად განსაზღვრეს მათი მიწის ნაკვეთი. ძაფების გაბმის დროს მოსარჩელე იქ არ იყო. მისი თანდასწრებით საზღვრის გავლება მოხდა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რის შემდეგაც, მშენებლობა დაიწყო 2017 წლის თებერვლის თვეში (იხ. მოწმის ჩვენება, 13.02.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:01-12:10 სთ.).
16. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ს–ძემ განმარტა, რომ იგი არის მოდავე მხარეთა მეზობელი. მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ. დ.ბ–ძემ იყიდა მოპასუხის უძრავი ქონება. ის ესწრებოდა მოლაპარაკებას, როდესაც დ.ბ–ძემ მოლაპარაკებაზე მოიყვანა მოსარჩელის მამა, მამის ძმა და ამ მიწის ნაკვეთის დამქირავებელი. მოსარჩელე მოლაპარაკებების დროს გაქცეული იყო საქართველოდან. მშენებლობის დაწყებისას სადავო ტერიტორიაზე იყო რკინის ბოძები, ასევე, ძველი ლითონის ბადე, რაც მოიხსნა. რკინის ბოძებისათვის ხელი არ უხლიათ. ნაკვეთებს შორის ხაზი არასწორად იყო გავლებული. ნახაზი რომ არასწორი იყო, მოპასუხემ თვითონაც იცოდა. დ.ბ–ძემ მაშინ თქვა, რომ თუ ფული არ ექნებოდათ, ის გაასწორებდა მას (იხ. მოწმის ჩვენება, 13.02.2019წ. სასამართლო სხდომია ოქმი, 11:52-12:00 სთ.).
17. მიწის ნაკვეთების აზომვასთან დაკავშირებით ი/მ ი.კ–ძის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 12 თებერვალს, მოპასუხის დავალებით მოახდინა ქ.ბათუმში, ..... დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (დაზუსტებული 826 კვ.მ., შენობა: 430 კვ.მ., ს/კ:.....) აზომვა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული საკადასტრო საზღვრები არ ასახავდა ფაქტიურ მდგომარეობას, კერძოდ, რეგისტრირებული ნაკვეთი და არსებული საზღვრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, მოახდინა მოპასუხის მიწის ნაკვეთისა და მაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი აზომვითი ნახაზის მომზადება ფაქტიური საზღვრების მიხედვით და რეგისტრირებული ფართის გათვალისწინებით (იხ. ტომი 1, ს/ფ 49).
18. სააპელაციო სასამართლომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტი სასამართლოს სხდომაზე გამოიძახა და დასკვნის შესახებ ზეპირი განმარტების მიცემა სთხოვა, თუმცა ექსპერტიზის ბიურომ უარი განაცხადა აღნიშნული დავალების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ დასკვნის შემდგენი ექსპერტი მათ ბიუროში აღარ მუშაობდა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული 06.04.2020წ. N002200920 საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნის შემდგენი ექსპერტის ჩვენების თანახმად: ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი, მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ...... (ყოფილი ...... დასახლება) მდებარე 825 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .....) აშენებული 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის ნაწილი და მის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ღობე მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი ს/კ: .... (ნაკვეთის წინა ნომერი: .....) მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული ობიექტების ურთიერთგანლაგება მოცემულია დანართ N1-ში; ბ) მოპასუხის მიერ აშენებული სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის 30,04 კვ.მ. და მყარი მიჯნის მიმდებარედ (ღობის ჩათვლით) 21,86 კვ.მ. ფართები, ახდენს გადაფარვას ე.ვ–ძის საკუთრებაში არსებულ ს/კ ..... (ნაკვეთის წინა ნომერი: ......) მიწის ნაკვეთთან; გ) დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, წარმოდგენილი შენობა-ნაგებობისა და ღობის საძირკველის მიმდებარედ, ძველი ღობის საძირკველი არ შეინიშნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკურად შეუძლებელია განისაზღვროს, მოპასუხის მიერ აგებული 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის კედელი დაშენებულია თუ არა ღობის საძირკველზე; დ) მოსარჩელის კუთვნილი ს/კ ...... (ნაკვეთის წინა ნომერი: .....) მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მოპასუხის მიერ აშენებული სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და მყარი მიჯნის (ღობე) გადაფარვაში არსებული ნაწილის დემონტაჟი შესაძლებელია მთლიანი 430 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილის დანგრევა/დაზიანების გარეშე. აღნიშნულისათვის საჭიროა მომზადდეს შესაბამისი პროექტი მოქმედი ნორმების დაცვით და მის მიხედვით განხორციელდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
20. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგებით თვალსაზრისით მიუთითა შემდეგზე:
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხის დავალდებულება გაათავისუფლოს და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს მის მიერ უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის კუთვნილი ს/კ N ...... უძრავი ქონების-მიწის ნაკვეთი ის ნაწილი, რაზედაც აგებულია შენობა-ნაგებობა და მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე) ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, ასევე სამეზობლო სამართლით რეგულირებული ურთიერთობიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170-182-ე მუხლებში.
22. სამეზობლო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, კანონი მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს.
23. სარგებლობის შესაძლო შეზღუდვა, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, თუ სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (იხ. სუსგ ას-413-396-2016, 15.07.2016წ.; ას-368-352-2016, 21.10.2016წ.).
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.
25. ზემოაღნიშნული მუხლი საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერ საფუძველს შეიცავს, რომლის მიზანია სამართლებრივი ბალანსის იმგვარი დადგენა, როდესაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე დაარღვევს საზღვარს, თუმცა, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ხოლო მეორე მესაკუთრე თავიდანვე არ განაცხადებს პრეტენზიას. ამდენად, საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვისათვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ორი წინაპირობა: მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე მეზობელი ნაკვეთის საზღვრის დარღვევა და მესაკუთრის მიერ წინასწარ ან შეტყობისთანავე პრეტენზიის გაცხადება.
26. მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ მშენებლობისას იცოდა, რომ მხარეთა შორის საზღვარი გასასწორებელი იყო და რომ რეგისტრირებული ნაკვეთი და არსებული საზღვრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა, ამის მიუხედავად, მან შენობა-ნაგებობა მაინც ააშენა. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, არასწორია.
27. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის თებერვლის თვიდან, რა დროსაც, მოსარჩელე საქართველოში არ იმყოფებოდა. ამასთან, დადგენილია, რომ მშენებლობის თაობაზე მოლაპარაკება მოპასუხეს და ნაგებობის ამშენებელს - დ.ბ–ძეს უშუალოდ მოსარჩელესთან არ უწარმოებიათ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მხოლოდ მისი ოჯახის წევრებთან, რომელთა უფლებამოსილება სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. დადგენილია, რომ 15.05.2017წ. მოსარჩელემ მინდობილობა გაუფორმა ადვოკატ ა.ქ–ძეს, რომელმაც 04.10.2017წ. როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის მიმართ, ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟის მოთხოვნით. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მესაკუთრემ (მოსარჩელე) შეტყობისთანავე განაცხადა პრეტენზია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ საზღვრის დარღვევის თაობაზე.
28. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოეშობა სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება, ვინაიდან, მოცემული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები სახეზე არ არის. შესაბამისად, სსკ-ის 170.1. და 172.2. მუხლების შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა.
29. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
30. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 380-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ის მტკიცებულებები დაურთო საქმეს, რომელიც მოსარჩელემ დაგვიანებით წარადგინა და რომლის დართვაზეც მას უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. კერძოდ, გადაწყვეტილების 3.4 პუნქტში აპელანტი უთითებს ახალ გარემოებებზე. იგი სადავოდ ხდის მისასვლელ გზას. მოსარჩელემ (აპელანტმა) ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მთავარ სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი ეტაპიდან გაიხსნა სხდომა, მოსარჩელეს გვიან გაახსენდა, რომ მტკიცებულებების წარმოდგენა სურდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაურთო საქმეს, თუმცა, რომელ სამართლებრივ ნორმაზე მითითებით, კასატორისთვის უცნობია.
31. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს მოწმეთა ჩვენებებს, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარე მოწმეებზე მორალურად ზემოქმედებდა და სისხლის სამართლის წესით დასჯაზე აფრთხილებდა მოწმეებს რაც დაუშვებელია და სხდომის ოქმშიც ნათლად ისმის, გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში სასამართლო არასწორად ადგენს, რომ თითქოს საზღვრების გასწორებას თავად მოსარჩელე არ ესწრებოდა. უფრო მეტიც, თავად ესწრებოდა და არავითარი პრეტენზია არ ჰქონია მშენებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ამ დროისთვის, არ იმყოფებოდა საქართველოშიო, თუმცა, ყოფნა/არ ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, საზღვრის კვეთების შესახებ ამონაწერი მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მინდობილობას, რომელიც მოსარჩელემ გაუკეთა ა.ქ–ძეს და უდავოდ ასკვნის, რომ მოსარჩელემ თურმე შეტყობისთანავე განაცხადა პრეტენზია, რაც არის ასევე უკანონო. და დაუსაბუთებელი.
32. სააპელაციო სასამართლო, სამეზობლო სამართლის დარღვევით მიიჩნევს, რომ არ არსებობს თმენის ვალდებულება.
33. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას (№002200920), რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მოპასუხის მიერ აშენებული სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და მყარი მიჯნის (ღობე) გადაფარვაში არსებული ნაწილის დემონტაჟი შესაძლებელია, მთლიანი 430 კვ/მ ფართის შენობა ნაგებობის სხვა ნაწილის დანგრევის გარეშე და უნდა მომზადდეს შესაბამის პროექტი. სასამართლო სრულად იზიარებს ექსპერტიზის დასკვნას გადაწყვეტილების 4.12 პუნქტში და ავალებს მხარეს ექსპერტიზის დანართზე არსებულ მდგომარეობაში ფართის გადაცემას, თუმცა, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ თუკი გადაფარული 30.04 კვ/მ არის შენობის ნაწილი და ღობის 21.86 კვ/მ ის ერთად ითხოვს შენობის ნაწილის დემონტაჟსაც, როგორ შეიძლება არ გამოიწვიოს შენობის ჩამონგრევა? რეალურად ზიანდება იმაზე დიდი სამართლებრივი სიკეთე, ვიდრე სამეზობლო სამართიდან თმენის ვალდებულებაა.
34. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის თანახმად, თუმცა აღნიშნული პროექტი ბუნებაში არ არსებობს და არც გადაწყვეტილებას ერთვის თან, შესაბამისად თუკი ყოველი გადაწყვეტილების მიზანი მისი აღსრულებაა, კასატორი ინტერესდება, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ამგვარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
35. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეებმა დაადასტურეს სწორედ ის ფაქტი, რომ მოპასუხე მოქმედებდა თავის ფაქტობრივ საზღვრებში მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მოსარჩელე მხარის მხრიდან არავითარ ხელშეშლას არ ჰქონია ადგილი. მეტიც, მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მიულოცა კიდეც მოპასუხეს, როდესაც მან დაასრულა მშენებლობის პროცესი. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებითია მოსარჩელის ტვირთი, ანუ მან უნდა ადასტუროს, თუ რა სახის ზიანი ადგება მას, რა კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარეობს მოპასუხისათვის ფართის დემონტაჟის მოთხოვნა. ამასთან ერთად გამოკვეთილი უნდა იყოს მოპასუხის კონკრეტული განზრახვა,მოცემულ შემთხვევაში კი ეს არ დგინდება არც მოწმეთა ჩვენებებით და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება მხოლოდ ერთი რამ, რომ მოპასუხეს არავითარი მიზანი არ ჰქონია ზედდებისა,ვინაიდან იგი მოქმედებდა ფაქტობრივ საზღვრებში.
36. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-414-387-2017 გადაწყვეტილებაზე.
37. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა დროს მიიღო სამშენებლო ნებართვები, ააშენა სასაწყობე ფართი, მოახდინა მისი ფაქტობრივი გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და მაშინ, როცა საჯარო რეესტრს მიმართა საზღვრების გასწორების მოთხოვნით დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. ნათელია, რომ მოპასუხის მოქმედება განზრახვის გარეშეა. წარმოდგენილი ზედდება მოსარჩელისთვის დისკომფორტის მომგვრელი, რომ ყოფილიყო ის თავის დროზე გახდიდა სადაოდ მშენებლობას, რასაც ადგილი არ ჰქონია. სწორედ აღნიშნული უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).
39. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა, გაათავისუფლოს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ს/კ ...... (ნაკვეთის წინა ნომერი ს/კ N .....) უძრავი ქონება მყარად აგებული 21,86 კვმ ფართის სასაზღვრო ღობისგან და შენობა-ნეგებობის 30,04 კვ.მ ნაწილისაგან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5001993920 დასკვნის N1 დანართზე არსებული ნახაზის შესაბამისად და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
41. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული N ..... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, ამჟამად წარმოადგენს ქ.ბათუმი, ......, N74-ში მდებარე 826 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებულია 430 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2016 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია ........
42. 2016 წლის 27 იანვარს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ბრძანება Nმ/122 არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის 2015 წლის 8 იანვრის განცხადება და დამტკიცდა, ...... დასახლებაში მდებარე 825 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 21 მარტს მოპასუხის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართო მოწმობა სმ№001383, რომლითაც მოპასუხეს ნება დაერთო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა. ნებართვა ძალაში იყო 2016 წლის 20 დეკემბრამდე.
43. სმ №001383 სანებართვო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხემ ქ.ბათუმი, ...... N74-ში (ყოფილი ...... დასახლება) მდებარე 825კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ N ......) ააშენა 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობა და მყარი მიჯნის ღობე. აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 03 ივნისს ა.ჩ–ძემ მიმართა კვლავ საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მის მიერ მოთხოვნილი იქნა 825 კვმ ფართის მიწის ნაკვეთზე აშენებული 430 კვმ შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია, რაც საჯარო რეესტრის 2016 წლის 08 ივნისის N882016347120-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 246).
44. 2017 წლის 21 თებერვალს ა.ჩ–ძემ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მის მიერ მოთხოვნილი იქნა საზღვრების და შენობა-ნაგებობის მდებარეობის დაზუსტება.
45. საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება N882017127151-03-ში მითითებული იქნა, რომ N882017127151 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
46. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ა.ჩ–ძის საკუთრებაში რიცხული შენობა-ნაგებობის ნაწილი შეჭრილია ე.ვ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ასევე ე.ვ–ძის და ა.ჩ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა გავლებულია არასწორად.
47. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა.ჩ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N ..... განთავსებული შენობა-ნაგებობის გამყოფი კედელი წარმოადგენს მყარ მიჯნას ე.ვ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი N ...... აღნიშნულის გამო ,ექსპერტიზის ბიუროს მიერ შენობა-ნაგებობის და გამყოფი მიჯნის გადაფარვის დადგენა ცალ-ცალკე ვერ მოხერხდა და იგი განისაზღვრა ერთიანად. ამავე დასკვნით დასტურდება, რომ ა.ჩ–ძის მიწის ნაკვეთზე (ს/კ N ......) აგებული შენობა-ნაგებობა და მყარი მიჯნა (ღობე) იმყოფება გადაფარვაში 49,65 კვმ-ით ე.ვ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ს/კ N ......
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42).
51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018, 25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
54. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხის დავალდებულება გაათავისუფლოს და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს მის მიერ უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის კუთვნილი ს/კ N......უძრავი ქონების-მიწის ნაკვეთი ის ნაწილი, რაზედაც აგებულია შენობა-ნაგებობა და მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე) ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ეს სამართლებრივი შედეგი კი, სსკ-ის 170-172-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
55. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომლებიც ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. სსკ-ის 172.2 მუხლის მიხედვით კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე,მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მე-3 პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.
56. განსახილველ შემთხვევაში, დავის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ზოგადად, სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვისი მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 263).
57. განსახილველ შემთხვევაში, სამეზობლო ურთიერთობისა და მისი მარეგულირებელი ნორმის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს სამეზობლო სამართალში დამკვიდრებული ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებაზე, რომელიც იმპლიმენტირებულია სსკ-ის 174-ე მუხლში და რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. მოცემული ნორმა ამკვიდრებს მეზობელთა ურთიერთპატივისცემის პრინციპს. გამოიყოფა სამეზობლო უთიერთპატივისცემის შემდეგი ელემენტები: მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრენი ვალდებულნი არიან 1. დაიცვან კანონით გათვალისწინებული წესები და აკრძალვები და 2. პატივი სცენ ერთმანთს. აღნიშნულიდან პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები, რაც შეეხება მეორე ელემენტს, იგი შეფასების საგანს წარმოადგენს და საქმის გარემოებების გათვალისწინებით ყველ კონკრტული შემთხვევაში მსჯელობის საგანია. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობისას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სკ-ის 175-ე მუხლი) ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა. ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით თმენის ვალდებულება არსებობს მაშინაც, როდესაც ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ სახის მოსარგებლისათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. არსებითი დარღვევის დადგენისას შეფასება ხდება შესაბამისის მიწის ნაკევთის ან სხვა უძრავი ქონების ჩვეულებრივი მოსარგებლის - საშუალო გონიერი ადამიანის მასშტაბით. შეფსებისას ვერ მოხდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სუბიექტურ აღქმაზე დაყრდნობა. ასევე, მხედველობაშია მისაღები სხვა ობიექტური გარემოებები.
58. ამასთან, ხდება ისეც, რომ მშენებლობის დროს მიწის ნაკევეთებს შორის არსებული საზღვრის დარღვევას აქვს ადგილი. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არა განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკევთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 275).
59. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შენობა-ნაგებობის ნაწილი შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ასევე, მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა გავლებული არასწორად. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა დროს, მიიღო სამშენებლო ნებართვები, ააშენა სასაწყობე ფართი, მოახდინა მისი ფაქტობრივი გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და მაშინ, როცა საჯარო რეესტრს მიმართა საზღვრების გასწორების მოთხოვნით დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. ნათელია, რომ მოპასუხის მოქმედება განზრახვის გარეშეა. წარმოდგენილი ზედდება მოსარჩელისთვის დისკომფორტის მომგვრელი, რომ ყოფილიყო, იგი თავის დროზე გახდიდა სადაოდ მშენებლობას, რასაც ადგილი არ ჰქონია. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეებმა დაადასტურეს სწორედ ის ფაქტი, რომ მოპასუხე მოქმედებდა თავის ფაქტობრივ საზღვრებში მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მოსარჩელე მხარის მხრიდან არავითარ ხელშეშლას არ ჰქონია ადგილი. მოპასუხეს არავითარი მიზანი არ ჰქონია ზედდებისა, იგი მოქმედებდა ფაქტობრივ საზღვრებში.
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია შემდეგი გარემოებების გამო:
61. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ე.ვ–ძის საკუთრების უფლება მის საკუთრებაში რიცხულ 49,65 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში შეზღუდულია და იგი ვერ სარგებლობს აღნიშნული ფართით.
62. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ე.ვ–ძეს მოპასუხის მიერ შენობა-ნაგებობის მშენებლობის პერიოდში, რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია მშენებლობასთან დაკავშირებით და მის მიერ ფართის გამოთავისუფლების და შენობის ნაწილის დემოტაჟის თაობაზე გაცხადებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოპასუხე ა.ჩ–ძემ 2017 წლის 21 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საზღვრების და შენობა-ნაგებობის მდებარეობის დაზუსტება ანუ, მას მემდეგ, როცა უკვე დასრულებული იყო 430 კვ.მ ფართის სასაწყობე შენობა-ნაგებობის და მყარი სასაზღვრი მიჯნის (ღობე) მშენებლობა. ასევე დადგენილია, მოპასუხე ა.ჩ–ძეს ქ. ბათუმი, ......., N74-ში მდებარე 825 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია 430 კვ.მ ფართის სასაწყობე შენობა-ნაგებობა, ფაქტობრივად გასხვისებული აქვს, ასევე, დადგენილია, რომ ფართში გახსნილია კომერციული ობიექტი მესამე პირების მიერ, ასევე, აღნიშნული ფართი დატვირთულია იპოთეკით.
63. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის (მოპასუხე) მითითებას, რომ იგი განზრახვის გარეშე, გადასცდა საზღვრებს, სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დადგენილია, რომ თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს. დადგენილია ისიც, რომ შენობა-ნაგებობის გამყოფი კედელი წარმოადგენს მყარ მიჯნას, ის შენობასთან ისეა დაკავშირებული, რომ ექსპერტიზის დროს შენობის და ღობის გადაფარვის ცალ-ცალკე დადგენაც ვერ მოხერხდა. შენობის კედელი და ღობე ერთმანეთთან მყარად არის დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ შენობის ნაწილის დემონტაჟი, თუნდაც, მხოლოდ ღობის ნაწილში, გამოიწვევს მთლიანი შენობის ჩამონგრევას, ვინაიდან ის დაკარგავს კონსტრუქციულ სიმყარეს. ადგილზე დათვალიერების დროს დადგენილია იქნა, რომ მოსარჩელს აქვს საკუთარ ფართში შესავლელი ცალკე ჯიშკარი და მას არანაირდ არ ეშლება ხელი მისი საკუთებით სარგებლობაში (ტ.1. ს.ფ. 251).
64. ერთ-ერთ საქმეზე (სუსგ №ას-414-387-2017, 15 მაისი, 2017 წელი), სადაც სარჩელის საგანი იყო ნაგებობის დემონტაჟი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევაში მოპასუხის განზრახვა არ დგინდება, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამ უკანასკნელის ნაგებობა შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში.
65. ამდენად, საკასაციო პალატა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრების მშენებლობის დროს გასცდა განზრახ, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეს ეკისრება.
66. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაკითხული დ.ბ–ძის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხისაგან შეიძინა ის მიწის ნაკვეთი, სადაც ამჟამად განთავსებულია სადავო შენობა-ნაგებობა (თუმცა, უძრავი ქონება მის სახელზე რეგისტრირებული არ არის). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ნაგებობა, კერძოდ, კომერციული ობიექტი, სადაც მუშაობს. ვიდრე მშენებლობას დაიწყებდა, ტერიტორია აზომეს GPS-ით. მან იცოდა, რომ მხარეთა შორის საზღვარი გასასწორებელი იყო. მან ადგილზე პირადად მიიყვანა მოსარჩელის ოჯახის წევრები - მოსარჩელის მამა და ბიძა, რომლებმაც უთხრეს, რომ ღობის იქეთ მოპასუხის მიწის ნაკვეთი იყო. შესაბამისად, ადგილზე, გააბეს ძაფი და ამგვარად განსაზღვრეს მათი მიწის ნაკვეთი. ძაფების გაბმის დროს მოსარჩელე იქ არ იყო. მისი თანდასწრებით საზღვრის გავლება მოხდა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რის შემდეგაც, მშენებლობა დაიწყო 2017 წლის თებერვლის თვეში (იხ. მოწმის ჩვენება, 13.02.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:01-12:10 სთ.).
67. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ს–ძემ განმარტა, რომ იგი არის მოდავე მხარეთა მეზობელი. მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ. დ.ბ–ძემ იყიდა მოპასუხის უძრავი ქონება. ის ესწრებოდა მოლაპარაკებას, როდესაც დ.ბ–ძემ მოლაპარაკებაზე მოიყვანა მოსარჩელის მამა, მამის ძმა და ამ მიწის ნაკვეთის დამქირავებელი. მოსარჩელე მოლაპარაკებების დროს გაქცეული იყო საქართველოდან. მშენებლობის დაწყებისას სადავო ტერიტორიაზე იყო რკინის ბოძები, ასევე, ძველი ლითონის ბადე, რაც მოიხსნა. რკინის ბოძებისათვის ხელი არ უხლიათ. ნაკვეთებს შორის ხაზი არასწორად იყო გავლებული. ნახაზი რომ არასწორი იყო, მოპასუხემ თვითონაც იცოდა. დ.ბ–ძემ მაშინ თქვა, რომ თუ ფული არ ექნებოდათ, ის გაასწორებდა მას (იხ. მოწმის ჩვენება, 13.02.2019წ. სასამართლო სხდომია ოქმი, 11:52-12:00 სთ.).
68. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია კასატორის შედავება სამეზობლო თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, რადგანაც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევაში მოპასუხის განზრახვა არ დასტურდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოპასუხე 49,65 კვმ ფართით შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა მისი, როგორც მესაკუთრის კონკრეტული ინტერესი, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული მოპასუხის საკუთრებაში არსებული სასაზღვრო ღობისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
69. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ როგორც ფაქტების მითითების, აგრეთვე, მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით, უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
71. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
72. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
73. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
74. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
75. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.
76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
77. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (სსსკ-ის მე–4 მუხლი)“. (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215.).
79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
80. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაარწმუნა სასამართლო მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესის უპირატესობაში აუცილებლად მოითხოვოს დემონტაჟი, ასევე, მოპასუხის მოქმედების განზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში.
81. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის თანახმად, თუმცა, აღნიშნული პროექტი ბუნებაში არ არსებობს და არც გადაწყვეტილებას ერთვის თან. შესაბამისად, თუკი ყოველი გადაწყვეტილების მიზანი მისი აღსრულებაა, კასატორი ინტერესდება, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ამგვარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
82. დადგენილია, რომ 06.04.2020წ. N002200920 საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნის შემდგენი ექსპერტის ჩვენების თანახმად: ა) ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი, მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ....... N74-ში (ყოფილი ....... დასახლება) მდებარე 825 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .....) აშენებული 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის ნაწილი და მის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ღობე მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი ს/კ: ..... (ნაკვეთის წინა ნომერი: ....) მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული ობიექტების ურთიერთგანლაგება მოცემულია დანართ N1-ში; ბ) მოპასუხის მიერ აშენებული სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის 30,04 კვ.მ. და მყარი მიჯნის მიმდებარედ (ღობის ჩათვლით) 21,86 კვ.მ. ფართები, ახდენს გადაფარვას ე.ვ–ძის საკუთრებაში არსებულ ს/კ ..... (ნაკვეთის წინა ნომერი: ......) მიწის ნაკვეთთან; გ) დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, წარმოდგენილი შენობა-ნაგებობისა და ღობის საძირკველის მიმდებარედ, ძველი ღობის საძირკველი არ შეინიშნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკურად შეუძლებელია განისაზღვროს, მოპასუხის მიერ აგებული 430 კვ.მ. ფართის სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის კედელი დაშენებულია თუ არა ღობის საძირკველზე; დ) მოსარჩელის კუთვნილი ს/კ ...... (ნაკვეთის წინა ნომერი: .....) მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მოპასუხის მიერ აშენებული სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და მყარი მიჯნის (ღობე) გადაფარვაში არსებული ნაწილის დემონტაჟი შესაძლებელია მთლიანი 430 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილის დანგრევა/დაზიანების გარეშე. აღნიშნულისათვის საჭიროა მომზადდეს შესაბამისი პროექტი მოქმედი ნორმების დაცვით და მის მიხედვით განხორციელდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ: შმიტი შ., /რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3).
84. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ “სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება” (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
85. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა და არა თმენის კომპენსაცია.
86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
87. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
88. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენს (სსსკ-ის 41.1.„კ“ მუხლი). კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 200 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, კასატორს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს საკასაციო საჩივრისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 ლარი. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 50 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ა.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე.ვ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ე.ვ–ძეს დაეკისროს ა.ჩ–ძის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურება;
5. ე.ვ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 50 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე