ბს-917-93-კს-04 23 თებერვალი, 2005 წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
2003 წლის 6 მარტს შპს “ო.” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქუთაისის მერიისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “ს.” მიმართ სარჩელი აღძრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს “ო.” აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დადგენილად ჩაითვალა, რომ შპს “ო. ქუთაისში, ... ქუჩის ¹23-ში მდებარე საიჯარო ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის გაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ო.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2004 წლის 23 ივნისს შპს “ო.” ქუთაისის საოლქო სასამართლოში განცხადება წარადგინა, რომლითაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. განმცხადებელი გაუგებრად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის გამოყენების თაობაზე, რადგან ეს უკანასკნელი 1997 წლის 30 მაისს იქნა მიღებული და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1997 წლის 26 ივნისს იქნა მიღებული და მხოლოდ 1997 წლის 25 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა, სასამართლოს მისთვის განემარტა, ზემოთ მითითებული კანონებიდან რომელი წარმოადგენდა უფრო ახალს, აგრეთვე, რა კავშირი ჰქონდა განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” 1999 წლის 31 მარტის დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტს. გარდა ამისა, განმცხადებელი სასამართლოს სთხოვდა განემარტა, რომელ კანონზე დაყრდნობით არ გაიზიარა სასამართლომ აპელანტის განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის განჩინებით, შპს “ო.” ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. შპს “ო.” მიერ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა იმავე შპს “ო.” სარჩელის საგანი. ამ უკანასკნელის სარჩელის საგანს წარმოადგენდა უპირატესი შესყიდვის უფლების აღიარება და გადაწყვეტილებაც ამ საკითხზე იქნა გამოტანილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, იმ გადაწყვეტილების განმარტება ხდება, რაზეც იქნა გამოტანილი ეს გადაწყვეტილება. შპს “ო.” განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე კი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი.
ზემოთ მითითებულ განჩინებაზე შპს “ოკეანემ” კერძო საჩივარი შეიტანა და მისი გაუქმება მიოთხოვა.
კერძო საჩივარის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს “ო.” განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე სასამართლო გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი, ადასტურებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ უკანონოდ დაუშვა სხდომაზე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელი, რადგან მას საქმეში მონაწილეობის მისაღებად რწმუნებულება არ გააჩნდა, თუმცა მისი მოთხოვნის შემდეგ, აღნიშნული პირი სხდომის ოქმში არ დააფიქსირა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს “ო.” კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ შპს “ო.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საქასაციო სასამართლო შპს “ო.” განცხადებაში დაყენებულ გარემოებებს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის საფუძვლად ვერ მიიჩნევს, რადგან კანონის აღნიშნული დებულება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მიერ ამავე გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ურთიერთგამომრიცხავი ან შეუსაბამო დებულების განმარტებას ითვალისწინებს იმ აუცილებელი პირობით, რომ განმარტების სახით არ მოხდეს გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა. საგულისხმოა, რომ შპს “ო.” მიერ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ გაცხადებაში მითითებილ გარემოებებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული გარემოებები არც სარჩელის და არც სააპელაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნას გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მართებულად უთხრა უარი.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლის რწმუნებულების გარეშე დაშვიბის უკანონობასთან დაკავშირებით და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლო სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ო.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ო.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.