საქმე №ას-103-2020 29 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ტ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ტ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ტ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2016 წლის 20 ივნისიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2016 წლის 23 ივნისს დაბადებული თ.ტ–ძე (შემდგომ - მცირელწოვანი).
3. მოპასუხესთან ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობს და მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მისი გამოსწორება. სურდა შეთანხმების გზით მომხდარიყო განქორწინება, რაც ვერ შეძლო.
4. მოპასუხე შვილის რჩენსა და აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს, ამიტომაც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე თვეში 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას ითხოვს.
5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე დასაქმებულია და გააჩნია შემოსავალი, რასაც მოწმეები დაადასტურებენ.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 2019 წლის 26 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგავრად შეცვლამდე ყოველთვიურად - 400 ლარის გადახდა დაეკისრა.
8. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 184-ე, 201-ე, 2321-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, რაც გასაჩივრდა საჩივრით.
საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
12. აპელანტის განმარტებით, 2019 წლის 5 სექტემბერს ხელმოუწერელი სარჩელი წარადგინა სასამართლოში და გზავნილის, ხელმოწერილი სარჩელისა და საქმეზე დართული მტკიცებულებების ჩაბარება მოითხოვა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
13. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა შეამოწმოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
14. აპელანტმა მიუთითა სსკ-ის 1112-ე და 1114-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს, მოსარჩელეს კი, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შესახებ არ მიუთითებია სარჩელში, იგი ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რის საფუძველზეც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა. საქმე შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან განხილვისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას მოსარჩელის სარჩელი ახლდა, რომელიც არ იყო ხელმოწერილი, უდავო იყო ისიც, რომ მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, სადაც მთელი რიგი პროცესუალური საკითხების გარკვევა მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია მოპასუხის რეალური მატერიალური შემოსავლის შესახებ და ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ მამა დასაქმებულია, რასაც მოწმეთა ჩვენებებით დაადასტურებდა.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1214-ე მუხლზე და განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს უპირველად შესაფასებელი გარემოებებია: შვილების აუცილებელი მოთხოვნები და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა როგორც ერთ, ისე მეორე გარემოებაზე სარჩელი სამართლებრივად დასაბუთებულად ჩაითვლებოდა, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არც შვილის აუცილებელ მოთხოვნებზე მიუთითა (ის შემოიფარგლება მხოლოდ საარსებო მინიმუმზე მითითებით) და რაც მთავარია არც მოპასუხის რეალურ მატერალურ შემოსავლებზე, რაც აუცილებელი იყო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
20. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ერთდროულად რამდენიმე წინაპირობა: 1) მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალებით) სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; 2) არ არსებობს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები შესაგებლის წარუდგენლობისა; 3) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა მშობლის რეალურ მატერიალურ და ქონებრივ მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში, გარემოება რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას, მისი დასაქმებისა და ხელფასის შესახებ სარჩელში არ იყო მითითებული, მხოლოდ ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მოწმეები მოპასუხის შემოსავლიანობას დაადასტურებენ, საააპელაციო სასამართლოს შეფასებით არასაკმარისი გარემოება იყო სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად.
22. სააპელაციო პალატის მითითებით, ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა იურიდიულად რამდენად იყო გამართლებული მოსარჩელის მიერ მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს გააჩნდა შემოსავლები. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოცემული შედეგის (ანუ 400 ლარის დაკისრების) სამართლებრივ შესაძლებლობას არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, უნდა დაენიშნა სხდომა, რის შესახებაც მხარეთათვის ეცნობებინა სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სხდომაზე მოესმინა მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზე, სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე არ იმსჯელა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები
24. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
25. კასატორის განმარტებით, უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია და შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს, რომ თითქოს ხელმოუწერელი სარჩელი ჩაბარდა. კასატორის განმარტებით გაუგებარია, რომელი მტკიცებულებით დაადგინა სასამართლომ, რომ სარჩელი ხელმოუწერელი იყო.
26. შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს უფლება კი არა ვალდებულებაა. ამ დროს მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის არსი, მით უფრო, როდესაც საქმე არასრულწლოვანის საარსებო თანხას ეხება. მოპასუხე თუნდაც სოციალურად დაუცველი ყოფილიყო, მას ალიმენტი მაინც დაეკისრებოდა.
27. ალიმენტის მოთხოვნა იურიდიულად ყოველთვის გამართლებულია. ამასთან, მოპასუხე შესაგებლის წარუდგენლობით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობას დაეთანხმა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
28. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი ან ისეთი მხარის მიმართ გარკვეული სანქციის გამოყენებაში მდგომარეობს, რომელიც სასამართლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს. აღნიშნული გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება იმ მხარის ინტერესებს, რომელიც არასაპატიო მიზეზით შესაგებელს არ წარადგენს ან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.
29. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ იკვლევს მტკიცებულებებს. იგი იკვლევს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შესწავლისა და ანალიზის, ასევე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს.
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმე შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან განსახილველად საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, მოპასუხის მიერ არასაპტიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ არის კანონით გათვალისწინებული პირობა, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმპერატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაც კი არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (შედარებისთვის იხილეთ სსსკ-ის 230-ე მუხლი; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).
33. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ხელმოუწერელი სარჩელი ჩაბარდა და სხვა რაიმე მტკიცებულება რაც სარჩელში იყო მითითებული, ასევე - გზავნილი შესაგებლის წარდგენის შესახებ სარჩელს არ ერთვოდა.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2019 წლის 27 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის გასახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე (იხ. ტ.1 ს.ფ. 22), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან ორი თვის ვადაში.
35. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები მოპასუხისთვის ჩასაბარებლად (ტ.1, ს.ფ. 20). საქმეში წარმოდგენილი გზავნილით სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა.
36. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც მოპასუხის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მითითებულ მისამართს ემთხვევა. გზავნილი ადრესატს 2019 წლის 26 ივლისს ჩაჰბარდა პირადად, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით (ს.ფ. 26).
37. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილის გადაცემა ხდება დალუქული კონვერტით, სწორედ ამიტომ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომდგენლისათვის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაცემულ გზავნილს თან ერთვის როგორც სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე - შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდგე მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ სარჩელის არ ერთვოდა მასში მითითებული მტკიცებულებები და შესაგებლის წარდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი, არ ქმნის მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას და იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.
39. რაც შეეხება მოპასუხისათვის ხელმოუწერელი სარჩელის ჩაბარებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ 2019 წლის 5 მაისს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება მოითხოვა, ხოლო შუამდგომოლობას მისთვის გაგზავნილი ხელმოუწერელი სარჩელი დაურთო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისთვის ხელმოუწერელი სარჩელის ჩაბარება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან მოსალოდნელი უარყოფითი რისკის თავიდან ასაცილებლად, მოპასუხის პასიური დამოკიდებულება - მიემართა სასამართლოსათვის და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, გონივრულობისა და წინდახედულობის სტანდარტს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მოპასუხე მეტი წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს - დაუსწრებელი გადაწყვეტილებას, რაც მას არ გაუკეთებია, მით უფრო, როდესაც მას სარჩელი და თანდართული მასალები 2019 წლის 26 ივლისს ჩაჰბრადა (იხ. წინამდებარე განჩინების 36-ე პუნქტი), ხოლო სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით, თითქმის თვენახევრის შემდეგ - 2019 წლის 5 სექტემბერს მიმართა, შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიები რომელიც ეხება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებას დასაბუთებული და გასაზიარებელია.
40. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ქორწინების საფუძვლად მიიჩნევს, მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვალება ნამდვილად.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარჩელში მითითებული გარემოებები განქორწინების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს, კერძოდ, სარჩელის წარდგენის წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ მხარეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2016 წლის 20 ივნისიდან, თუმცა დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ შეუძლებელია მისი გამოსწორება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომელიც ეხება განქორწინების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
43. სააპელაციო საჩივარში მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა იმასაც, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს. მოცემული კუთხით აპელანტის პრეტენზიის შეფასებისას საყურადღებოა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების ძირითადი შინაარსი, ის მთავარი ფაქტები, რომლებსაც აპელანტი ეყრდნობა, რაც კანონის თანახმად დამტკიცებულად უნდა მივიჩნიოთ და რამაც საბოლოოდ სააპელაციო საჩივრის იურიდიული ბედი უნდა განსაზღვროს.
44. სააპელაციო საჩივრის დამასაბუთებელი კონკრეტული ფაქტების აღსაწერად, სარჩელის კონსტრუქციულ ნაწილს უნდა მივმართოთ, რომლის მიხედვით: მოპასუხე დასაქმებულია და გააჩნია შემოსავალი, რასაც მოწმეები დაადასტურებენ; მოპასუხე შვილის რჩენსა და აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს, რის გამოც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე თვეში 400 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელეს არ მიუთითებია სსკ-ის 1214-ე მუხლის შემადგენელი წინაპირობები, რომლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. თუმცა, ნიშანდობლივია გადაწყვეტილების აღსრულების რეალურობაც, კერძოდ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისასა მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებები, არამედ ის გარემოება, შესწევს თუ არა უნარი ანუ, გადახდისუნარინია თუ არა მშობელი (ალიმენტვალდებული) დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდაზე.
47. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. წარმოდგენილი სარჩელის პირობებში კი აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია, რაზეც მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის გარემოებებიდან და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის, ალიმენტის სახით, მისი არასრულწოვოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად მოთხოვილი ალიმენტის ოდენობის კანონიერების განსაზღვრა შეუძლებელია.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო რაც შეეხება განქორწინებას, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 41-ე პუქნტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და ამ ნაწილში სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მხარეთა ერთად თანაცხოვრების შეუძლებლობა და არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები, იღებს გადაწყვეტილებას მხარეთა შორის 2016 წლის 20 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
49. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
50. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯი პირველ ინსტანციაში შეადგენს 50 ლარს, ხოლო საკასაციო საჩივრზე - 150 ლარის (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში), შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე, 53-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ.ტ–ძესა და ვ.ტ–ძეს შორის 2016 წლის 20 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს.
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
5. ვ.ტ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა მ.ტ–ძის სასარგებლოდ.
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე