Facebook Twitter

საქმე №ას-1848-2018 22 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ძე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით კასატორ ზ.ბ–ძეს, მოწინააღმდეგე მხარე _ მ.მ–სა და ე.ბ–ძეს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

1. მხარეები თანმხდებიან, რომ არსებული სასარჩელო მოთხოვნის სანაცვლოდ, მ.მ–ი გადასცემს საკუთრების უფლებით ზ.ბ–ძეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს _ ე.ბ–ძეს მის საკუთრებაში არსებულ: ა) ქ.კასპში, ......... (ყოფილი .........), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინასა (ს/კ# ......) და ბ) ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ს (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: MAR ..., შასის #AC...., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: OV037...., გაცემული: 19.03.2013წ);

1.1. საჯარო რეესტრის 2020 წლის 13 მარტის ამონაწერით მ.მ–ის საკუთრებაში არსებული, ქ.კასპში, ..... (ყოფილი .....), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინა (ს/კ# ......) დღეისათვის უფლებრივად უნაკლოა, რაც წარმოადგენს წინამდებარე მორიგების არსებით პირობას. ამასთან, მ.მ–ი აცხადებს, რომ არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც გავლენას იქონიებს აღნიშნული ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაზე და იღებს ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც გამოიწვევს მორიგების ობიექტის რაიმე უფლებრივ შეზღუდვას ან დატვირთვას;

2. წინამდებარე მორიგების მიზნებიდან გამომდინარე, ზ.ბ–ძე ან ე.ბ–ძე ერთპიროვნულად ვალდებული არიან და აცხადებენ თანხმობას, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენით განახორციელებენ 1. პუნქტში მითითებულ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნის რეგისტრაციას, ასევე, ბინისა და ავტომანქანის საკუთარ თავზე გადაფორმებას;

3. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #51/12-14) მ.მ–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: MAR ...., შასის #ACA21....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: OV03....., გაცემული: 19.03.2013წ) დაყადაღების ნაწილში, ხოლო, ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ ბინისა და ავტომანქანის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ გაუქმდეს ამავე განჩინებით განსაზღვრული უზრუნველყოფა ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ....., ს/კ # .....) ყადაღის დადების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დაყადაღებულ ბინაზე უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების საფუძველია საჯარო რეესტრის ამონაწერი და ავტომანქანის შესახებ ამონაწერი შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დადასტურდება ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით ბინასა და ავტომანქანაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა;

3.1. ზ.ბ–ძე და ე.ბ–ძე იღებენ ვალდებულებას, ავტომაქანის შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აიღონ და მ.მ–ს გადასცენ ცნობა ავტომანქანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ....., ს/კ # .....) არსებული ყადაღის მოხსნის ერთ-ერთ საფუძველს;

4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების 1. პუნქტში მითითებული ბინისა და ავტომაქანის ზ.ბ–ძეზე ან ე.ბ–ძეზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობით გადაფორმების შემდეგ, მ.მ–ი უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე მორიგების 3. პუნქტში მითითებული ყადაღის გაუქმების პროცედურული მოქმედებები და განჩინების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ბინაზე (მდებარე ქ.კასპში, ...... ს/კ # ......);

4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ბინაზე ყადაღის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ზ.ბ–ძესა ან ე.ბ–ძეზე მორიგების ობიექტის _ ქ.კასპში, ...... (ყოფილი ......), მე-2 სართულზე მდებარე 35,62 კვ.მ ბინის (ს/კ # ......) საჯარო რეესტრში და ავტომაქანა ტოიოტა RAV 4-ის (გამოშვების წელი: 2002, სახელმწიფო ნომერი: MAR ..., შასის #ACA2....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: OV03......, გაცემილი: 19.03.2013წ.) შსს-ს მომსახურების სააგენტოში უფლებრივად უნაკლო (იგულისხმება უფლებრივი ნაკლი, რომელიც მომდინარეობს მ.მ–ისგან) მდგომარეობით გადაფორმება (აღრიცხვა);

ბ) ზ.ბ–ძის ან ე.ბ–ძის მიერ წინამდებარე მორიგების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გადაცემიდან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ბინასა და ავტომანქანაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარუდგენლობა;

5. წინამდებარე მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული ქონების გადაფორმებამდე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ აღმოიფხვრება წარმოშობიდან ორი თვის ვადაში, მ.მ–ი ვალდებულია, გადაუხადოს ზ.ბ–ძეს პირგასამტეხლო 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

6. ამ შეთანხმებით სრულდება მხარეებს, როგორც ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული დავა და მათ ერთმანეთის მიმართ სხვა რაიმე სახის ქონებრივი პრეტენზია არ ექნებათ.

მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე ზ.ბ–ძის სარჩელის გამო, მ.მ–ის მიმართ, 2002 წლიდან 2010 წლის 29 იანვრამდე ზ.ბ–ძის მიერ მ.მ–ის სახელზე გადარიცხული 57 476 აშშ დოლარის ¼-ის - 14 369 აშშ დოლარისა და 2010 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 17 ივნისამდე გადარიცხული 61 549 აშშ დოლარის ½-ის - 30 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ.მ–მა, წარმოადგინა 2020 წლის 26 მაისის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც, ქ.კასპში, ...... მდებარე ს/კ #...... უძრავი ქონების მესაკუთრედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.05.2020 წლის #ას-1898-2018 განჩინების საფუძველზე, რეგისტრირებულია ე.ბ–ძე, შსს მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი, რომელიც ადასტურებს, რომ ავტომანქანა ტოიოტა RAV 4 (გამოშვების წელი: 2002, შასის #A...) ასევე რეგისტრირებულია ე.ბერიძის სახელზე და ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რამდენადაც, მორიგების პირობები შესრულდა და აღარ არსებობდა დროებითი ღონისძიების შენარჩუნების წინაპირობები.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას, წარმოდგენილი დოკუმენტების შინაარსს, შეამოწმა მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობების შესრულების საკითხი და მიიჩნევს, რომ მ.მ–ის მოთხოვნა საფუძველიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (საქმე #51/12-14), რომლითაც ყადაღა დაედო ქ.კასპში, ..... მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ # .......).

საკასაციო სასამართლოში მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ და შეწყვიტა საქმის წარმოება, თუმცა, მორიგების პირობების თანახმად, ხსენებული დროებითი ღონისძიება შენარჩუნდა მხარეთა მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე (იხ. მორიგების პირობები). განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება ის გარემოება, რომ შეთანხმებული მოქმედებები შესრულდა და როგორც უძრავი, ისე _ მოძრავი ქონება აღირიცა მესამე პირის საკუთრებაში, ამდენად, უდავოა, რომ ვალდებულება შესრულდა და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (საქმე #51/12-14), რომლითაც ყადაღა დაედო ქ.კასპში, ..... მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ # ......).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური