საქმე №ას-1656-2019 12 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.ტ–ია (მოსარჩელე, მოპაუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ნ–ძე (მოპასუხე), ზ.ნ–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ პროცესის ხარჯისა და 22 400 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება ან აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელება (თავდაპირველ სარჩელში), საიჯარო ქირის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.ტ–იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შოთა და ზ.ნ–ძეების (შემდგომში _ მოპასუხეები, მეორე მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა ზ.ნ–ძის დავალდებულება, მოსარჩელეს გადაუხადოს 2018 წლის 28 მაისის აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ზუგდიდში, ....... ქ#15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობის ღირებულების 2/3 _ 22 450 ლარი ან ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით გაუგრძელოს მოსარჩელეს აღნაგობის უფლება ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2008 წლის 28 მაისს მოსარჩელესა და შ.ნ–ძეს შორის დაიდო უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულება აღნაგობის უფლებით, რომლის საფუძველზეც შ.ნ–ძემ 10 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა გ.ტ–იას ქ.ზუგდიდში, ....... ქ#15-ში მდებარე 135 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნაგობა იყო სასყიდლიანი და საზღაური შეადგენდა აღნაგობის უფლებით გაცემულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ აღმართული შენობა-ნაგებობის გაქირავებიდან შემოსული თანხის მოგების 50%-ს, რომელსაც იგი იხდიდა ყოველი თვის ბოლოს. შ.ნ–ძემ აღნაგობით დატვირთული უძრავი ქობება აჩუქა თავის შვილს _ ზ.ნ–ძეს, რომელთანაც გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 28 მაისს. მოპასუხე უარს აცხადებს კანონით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაგრძელებაზე ან ნაგებობის 2/3-ის ანაზღაურებაზე.
1.2. ზ.ნ–ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 22 400 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თავდაპირველმა მოსარჩელემ დაარღვია 2008 წლის 28 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ იხდიდა აღნაგობის შეთანხმებულ საზღაურს. შენობა-ნაგებობა ძირითადად შ.ნ–ძემ აღმართა გ.ტ–იას მონაწილეობით. ხელშეკრულების თანახმად, გ.ტ–იას იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის გაქირავების შედეგად მიღებული მოგების 50% უნდა გადაეხადა შ.ნ–ძისათვის. 2016 წლის 8 სექტემბერს შ.ნ–ძემ უძრავი ქონება აჩუქა თავის შვილს ზ.ნ–ძეს. ზ.ნ–ძე და გ.ტ–ია შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი არ გადაუხდიდა ზ.ნ–ძეს აღნაგობის საზღაურს რითაც გაიქვითებოდა მის მიერ შენობის აღმართვაზე გაწეული ხარჯი. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას გ.ტ–იამ დაარღვია შეთანხმება და შენობის აღმართვაზე გაწეული ხარჯის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, ამიტომაც მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი და ითხოვს ტ–ამ გადაუხადოს მოგების ნახევარი რაზედაც მხარეები ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და განმარტეს, რომ შ.ნ–ძის მიერ აღნაგობის უფლებით დატვირთული ქონების ზ.ნ–ძისათვის ჩუქების შემდეგ გ.ტ–იასა და ზ.ნ–ძეს შორის შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ გადაიხდიდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურს, რაც გაიქვითებოდა გ.ტ–ას მიერ შენობის აღმართვაზე გაწეულ ხარჯში, ხოლო, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას თუ იგი არ გადაიხდიდა აღნაგობის საზღაურს, უკვე ანაზღაურებული იქნებოდა მის მიერ შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯი. გ.ტ–ია არ იხდიდა იჯარის ქირას, ხოლო ხელშეკრულების ვადის დასრულების მომენტში მოპასუხეს ანაზღაურებული ქონდა მის მიერ შენობა-ნაგებობის აღმართვისათვის გაწული ხარჯი;
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელში მიუთითა, რომ ნაგებობა მან საკუთარი სახსრებით აღმართა, ამასთან, ის კეთილსინდისიერად ასრულებდა აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას _ იხდიდა შენობის გაქირავებიდან მიღებული მოგების 50%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე მას რაიმე დავალიანება არ აქვს. გარდა ამისა, მოპასუხემ უარყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ.ნ–ძეს გ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისრა შენობის ღირებულების 2/3-ის _ 2 240 ლარის, სახელმწიფო ბაჟის – 780 ლარის, ადვოკატის ჰონორარის – 300 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის – 350 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი: გ.ტ–იას ზ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა აღნაგობის საფასურის – 22 400 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 672 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა პროცესის ხარჯის, ასევე, 22 400 ლარის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2008 წლის 28 მაისს შ.ნ–ძესა და გ.ტ–იას შორის დაიდო შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა გ.ტ–იას მიერ შ.ნ–ძისგან იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე, სახელდობრ 135 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აღმართვის უფლებას. ხელშეკრულება 2008 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარის საგნის ღირებულება შეადგენს იჯარით გაცემულ ფართზე აღმართული შენობა-ნაგებობის გაქირავებიდან (კომერციული საქმიანობიდან) შემოსული თანხის მოგების 50%-ს. რომელსაც იხდის მოიჯარე (გ.ტ–ა) ყოველი თვის ბოლოს. იჯარის ვადა განისაზღვრა 10 წლით, 2008 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 28 მაისამდე;
1.2.2. „ზუგდიდექსპერტიზის“ დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე გ.ტ–იამ ააშენა 125,8კვ.მ ერთსართულიანი სავაჭრო ობიექტი რომელიც წარმოადგენდა კაპიტალურ შენობას ზომებით 7,2X17,2-ზე. გ.ტ–იას მიერ ზ.ნ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აგებული სავაჭრო ობიექტის ღირებულება 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 33 675,1 ლარს;
1.2.3. 2016 წლის 13 სექტემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადაო უძრავი ქონება აღირიცხა ზ.ნ–ძის სახელზე. რეესტრის მონაცემებში დაფიქსირდა გ.ტ–იას შეზღუდული სარგებლობისა (აღნაგობის უფლება) და იჯარის უფლება;
1.2.4. 2013 წლის 15 აპრილს ინდ. მეწარმე გ.ტ–იასა და შპს „s-ს“ შორის დაიდო ქ.ზუგდიდში, ....... ქ#15-ში მდებარე 83 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, 2018 წლის 1 მაისამდე და საიჯარო გადასახადი განისაზღვრა 2 800 ლარით. ანგარიშსწორების წესი _ უნაღდო;
1.2.5. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ.ტ–ია ასრულებდა შეთანხმებას და მოგებული თანხის ნახევარს უხდიდა აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის მესაკუთრეს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 233.1 და 236.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება: სასყიდლიანი აღნაგობის უფლებაზე მხარეთა შეთანხმებისა და აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ სასყიდლის გადაუხდელობის ფაქტებზე მითითება, მტკიცების თვალსაზრისით კი, პირველი ფაქტის მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება, რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, იგი მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ.ტ–იას გააჩნია დავალიანება, რამდენადაც ის არ ასრულებდა სასყიდლის გადახდის ვალდებულებას, ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ მას არ მიუთითებია საქმეში იმგვარი მტკიცებულებების არსებობაზე, რომელთა ანალიზიც მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებულია. რაც შეეხება პროცესის ხარჯებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას მოპასუხეს (თავდაპირველ მოსარჩელეს) დააკისრა პროცესის ხარჯის (მხოლოდ შ/სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) ანაზღაურება. ხსენებული გარემოება გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, რის გამოც პალატა ასკვნის, რომ გასაჩვრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აღნაგობის უფლებიდან გამომდინარე საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 18.12.2019წ. #8827552319 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 120 ლარის 70% _ 784 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ტ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.ტ–იას (პ/#1......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 18.12.2019წ. #8827552319 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 120 ლარის 70% _ 784 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი