საქმე №ას-1245-2019 2 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ.მ–ი, მ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ც–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.მ–მა და მ.კ–ძემ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ.ც–ძის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელეება მოითხოვეს მიწის ნაკვეთის სამხრეთ მხარეს ღობის დაზიანებისათვის 1 652 ლარის, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯის _ 562 ლარის, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულების _ 817.80 ლარის, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულების _ 269 ლარის, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის _ 2 443 ლარის, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალის _ 330 ლარის, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალის _ 1 386.90 ლარისა და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულების _ 1 248.90 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მიწის რეფორმის დროს მოსარჩელის კომლმა, რომელშიც შედიოდა ლ.მ–ი, ბ.კ–ძე და შვილი _ მ.კ–ძე, მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სოფელ ოზურგეთის ტერიტორიაზე განთავსებული 6274 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი გაფორმდა კომლის უფროს ბ.კ–ძის სახელზე. ნაკვეთი შემოღობილი იყო მავთულის ბადით, შესასველში დამონტაჟებული იყო რკინის ჭიშკარი, ნაკვეთის ნაწილზე გაშენებული იყო ხეხილის ნარგავები, ხოლო ნაწილი გამოყენებული იყო საყანედ. 2012 წელს მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს 6274 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2673 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაუფორმებია მოპასუხისათვის, ხოლო, 2601 კვ.მ დარეგისტრირებულია კვლავ კომლის უფროსის საკუთრებად. ქონება განიკარგა მოსარჩელეების თანხმობის გარეშე, რის გამოც ქონების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში, ასევე, მოთხოვნილი იყო ქონების დაყადაღება. სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სადავო ნაკვეთი დაყადაღდა და აკრძალვა კვლავ ძალაშია, ხოლო დავა დასრულდა მორიგებით. განჩინება აღსრულდა 2018 წლის 29 ნოემბერს. სადავო მიწის ნაკვეთით მოპასუხეს არასდროს უსარგებლია, ნაკვეთს დღემდე ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელე მხარე. 2017 წელსაც დაამუშავეს მიწა და თხილის ნარგავები, ასევე, საყანე ფართი, მაგრამ მოპასუხემ, გაფრთხილების გარეშე ჩამოხსნა ნაკვეთში შესასვლელი ჭიშკარი და აიღო მავთულის ღობე, რის გამოც, ნაკვეთში შევიდა პირუტყვი და გაანადგურა მოსავალი. მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე პოლიციისათვის ასევე გახდა ცნობილი ზიანის შესახებ. ამგვარი ზიანის მიყენებას სხვა დროსაც ჰქონია ადგილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 6274.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა მოსარჩელეთა, არამედ აწ გარდაცვლილი ბ.კ–ძის საკუთრებას, საიდანაც 3673.00კვ.მ 2006 წლის 23 აგვისტოს შეიძინა მოპასუხემ და 2018 წლის 29 ნოემბრამდე წარმოადგენდა მის საკუთრებას. ნარგავები მოპასუხეს არ დაუზიანებია, რაც შეეხება მხარეთა მორიგებას, მან ძალა დაკარგა, რადგანაც იგი მოსარჩელემ დაარღვია და 3673.00 კვ.მ #26.12.16.009 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს 2006 წლიდან მოპასუხე წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები კვლავ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელე მხარე თავად განმარტავს, რომ უკანონოდ ფლობდა და სარგებლობდა მოპასუხის საკუთრებით და არ აძლევდა მას საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას. ჯერ კიდევ 2011 წელს მოპასუხემ სთხოვა ბ.კ–ძეს გაეთავისუფლებინა მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2006 წლიდან მაინც სარგებლობდა ბ.კ–ძე. სადავო მიწის ნაკვეთები მოპასუხემ გამიჯნა ღობით, თუმცა იგი ორჯერ მოშალა მოსარჩელემ, მანვე მოთხარა თხილის ნარგავები. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.12.13 წლის გადაწყვეტილებით, რაც დატოვებული იქნა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.04.14 წლისა და საქართველოს უზენესი სასამართლოს 19.03.15 წლის განჩინებებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა თ.ც–სთან დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ასევე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.01.16 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა თ.ცენტერაძისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ. მოსარჩელე მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ავლებდა ღობეს და არ აძლევდა საკუთრების შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას, რის გამოც, ეს უკანასკნელი იძულებული იყო, მოეშალა ღობე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მდებარე 3673 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .....9) 2011 წლიდან 2018 წლის 29 ნოემბრამდე ირიცხებოდა მოპასუხის საკუთრებაში, რომელმაც აღნიშნული უძრავ ქონებაზე საკუთრება მოიპოვა ბ.კ–ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
1.2.2. თ.ც–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.კ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, მიუღებელი შემოსავლისა და ზიანის ანაზღაურება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ხსენებული დავა დამთავრდა მხარეთა მორიგებით. მორიგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ.კ–ძე თ.ც–ძეს გადაუხდის 3 500 ლარს 6 თვის განმავლობაში, 2014 წლის 1 აპრილისათვის გადახდილი იქნება აღნიშნული თანხა. თანხის სრულად გადახდის შემდგომ თ.ც–ძე დაუბრუნებდა ბ.კ–ძეს მიწის ნაკვეთს. აღნიშნული განჩინება ნებაყოფლობით არ აღსრულებულა, მორიგების იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროს მიმართა თ.ც–ძემ, რომლის შეჩერებაც ბ.კ–ძემ მოითხოვა მისი ოჯახის წევრების მიერ აღძრული დავის გამო. ბ.კ–ძის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაება მეუღლე _ ლ.მ–ი;
1.2.3. ლ.მ–ი მოითხოვს ზარალს, რომელიც მას მიადგა 2016-2017 წლებში თ.ც–ძის მოქმედებით (ღობის აღებისა და ჭიშკრის მოხსნის გამო);
1.2.4. მოპასუხემ მოხსნა მოსარჩელის მიერ გავლებული ღობე, რომელიც თ.ც–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ერთ ნაკვეთად აერთიანებდა ლ.მ–ის ნაკვეთთან;
1.2.5. მოსარჩელეებმა ასევე არაერთგზის მოშალეს მოპასუხის მიერ საკუთარ და მოსარჩელეების ნაკვეთს შორის გავლებული ღობე. პირველმა მოსარჩელემ 2011 წელს მოთხარა 340 ძირი თხილის ნერგი, რომელიც თ.ც–ძემ იმხანად თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარგო;
1.2.6. სადავო მიწის ნაკვეთი 2018 წლის 29 ნოემბრამდე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული (ამ დროს აღსრულდა იძულებით მხარეთა შორის 2013 წელს მიღწეული მორიგება). ამის შემდგომ, მორიგების განჩინების აღსრულების ფარგლებში 2018 წლის ბოლოსათვის ლ.მ–მა დეპოზიტზე განათავსა 3 500 ლარი თ.ც–ძის სასარგებლოდ;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში სარჩელი წარმატებულია, თუ დადგინდება: მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ზიანი; არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დელიქტური ვალდებულებისას, როგორც წესი, მოთხოვნის წინაპირობების მითითების/მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, ხოლო, მას შემდეგ, რაც იგი გაართმევს თავს საკუთარ საპროცესო მოვალეობას, უნდა შემოწმდეს მოპასუხე ადასტურებს თუ არა სადავო ქმედების მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ქონებრივი დანაკლისის წარმოშობის დროისათვის, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად (სკ-ის 312-ე მუხლი), მოპასუხე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრე მართლზომიერ მფლობელს (სკ-ის 170-ე და 162-ე მუხლები) და მოსარჩელის/მისი გარდაცვლილი მეუღლის მხრიდან მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სანაცვლო შესრულების ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, მას, როგორც მიწის მესაკუთრეს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დაუდგენიათ მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებისა თუ ქმედების მარტოოდენ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების მიზნით განხორციელების ფაქტი. ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ დასტურდება დელიქტური მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. კასატორებმა საკასაციო საჩივართან ერთად წარმოადგინეს მტკიცებულებები, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართლებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს დოკუმენტების მიღებაზე და კასატორებს უბრუნებს მათ.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ლ.მ–ის მიერ 15.10.2019წ. #21885877 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარის 70% _ 315 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.მ–ისა და მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ლ.მ–სა (პ/#.......) და მ.კ–ძეს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ლ.მ–ის მიერ 15.10.2019წ. #21885877 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარის 70% _ 315 ლარი.
3. კასატორებს ასევე დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 336-339).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი