Facebook Twitter

საქმე №ას-1227-2019 12 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი, გამგეობა ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.მ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინაარმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) მიმართ, #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და #1.1.9/30/106-5 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 133 399,80 ლარის, #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და #1.1.9/30/106-8 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე _ 49 357,93 ლარისა და #1.1.9/30/065 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და #1.1.9/30/065-2 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე _ 81190,62 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეებს შორის გაფორმებული #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 3.1 პუნქტისა და #1.1.9/30/106-5 შეთანხმების აქტის პირველი პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბრით. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, ობიექტი მიწოდებულად ითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მოპასუხესთან მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 2016 წლის 7, 9, 24 დეკემბერს, შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა 27, 29, და 44 დღით. ამავე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთლიანად 133 399,80 ლარი შეადგინა. #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 3.1 პუნქტითა და #1.1.9/30/106-8 შეთანხმების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილია 2016 წლის 22 ივლისს, ნაცვლად 2016 წლის 15 ივნისისა, შესაბამისად, სახეზეა ვალდებულების შესრულების 37 დღიანი ვადაგადაცილება, რის გამოც მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 49 357,93 ლარს. მხარეთა შორის გაფორმებული #1.1.9/30/065 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 3.1 პუნქტისა და #1.1.9/30/065-2 შეთანხმების აქტის პირველი პუნქტის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბრით. რამდენადაც მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა 2016 წლის 30 დეკემბერს, ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, მას დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 81 190,62 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილის მიღება გაფორმდებოდა ეტაპობრივად, 5.4 და 5.5 პუნქტების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა ააიპ მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის ან/და მათ მიერვე დამოწმებული ფორმა #2-ის წარდგენის შემდეგომ. სამუშაოებს მოპასუხე შეასრულებდა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის მიერ გაიცემოდა ფორმა #2. რკინიგზის ქუჩაზე მოპასუხემ ეტაპობრივად შეასრულა სამუშაოები და ყოველი ეტაპის შემდგომ შედგა აღნიშნული ფორმები: 2015 წლის 29 ივნისს, 10 აგვისტოს, 9 სექტემბერს, 28 სექტემბერს, 27 ოქტომბერს. ყოველ ეტაპზე ფორმდებოდა #2 ფორმები და შემკვეთი რიცხავდა შესრულებული სამუშაოების თანხებს. მენარდემ ასევე ეტაპობრივად განახორციელა სამუშაოები ........ ქუჩაზე, კერძოდ ფორმა #2-ების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად განხორციელდა 2015 წლის 9 სექტემბერსა და 29 სექტემბერს. ეტაპობრივად განხორციელდა ასევე ........ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის 29 ივნისს, 16 ივლისსა და 11 აგვისტოს. 2015 წლის 29 ივნისს დასრულდა სამუშაოები ........ ქუჩაზეც. მენარდემ ეტაპობრივად განახორციელა ........ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 2015 წლის 11 აგვისტოს, 27 ოქტომბერს, 5 ნოემბერს, 29 ნოემბერს. ვადაგადაცილებულად შეასრულა მხოლოდ ........ ქუჩის სამუშაოების ერთი ნაწილი _ 2 077,59 ლარის ღირებულების. აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ ნაცვლად 30 ნოემბრისა დაასრულა 5 დეკემბერს. რაც შეეხება ........ ქუჩას, მოპასუხემ აღიარა 22-დღიანი ვადაგადაცილება და გადაიხადა პირგასამტეხლო. დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდგომ, რამდენადაც მოსარჩელეს აღარ გააჩნდა პრეტენზია, შემკვეთმა მენარდეს გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2,5%-ის შესაბამისი თანხა, რაც შემკვეთს დაკავებული ჰქონდა მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 50 708,88 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1.1.9/30/105 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტი: თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, რაოდენობა და ფასები მოცემული იყო ხელშეკრულებაზე თანდართულ დანართში (შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა), რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 666 999,00 ლარით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე - არა უგვიანეს 2015 წლის 4 ოქტომბერი. 2015 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა #1.1.9/30/106 შეთანხმების აქტი, რომლითაც გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოებზე 2015 წლის 26 ივნისს გაფორმებულ #1.1.9/30/105 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ნუმერაცია განისაზღვრა #1.1.9/30/106-ით;

1.2.2. 2015 წლის 30 აპრილს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1.1.9/30/065 ხელშეკრულება, რომლის ობიექტსაც წარმოადგენდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე - არა უგვიანეს 2015 წლის 8 აგვისტო. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, რაოდენობა და ფასები მოცემული იყო #1 დანართში, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 353 177 ლარით;

1.2.3. #1.1.9/30/065 და #1.1.9/30/106 ხელშეკრულებების მე-5 მუხლებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარების წესი. ხელშეკრულებების 5.1 პუნქტების მიხედვით, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების ობიექტის ან/და ნაწილის მიღება გაფორმდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტით შემკვეთისა და მენარდის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. 5.4 პუნქტების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად შემკვეთს წარედგინებოდა ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი (ფორმა #2). 5.5 პუნქტების თანახმად, შესყიდვის ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარება გაფორმდებოდა ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ გაცემული დადებითი (შესრულებული სამუშაოს თაობაზე) საექსპერტო დასკვნის ან/და მათ მიერვე დამოწმებული ფორმა #2-ის წარმოდგენის შემდგომ;

1.2.4. #1.1.9/30/065 და #1.1.9/30/106 ხელშეკრულებების მე-10 მუხლებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას. ხელშეკრულებების 10.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით;

1.2.5. 2015 წლის 15 სექტემბერს მხარებს შორის გაფორმდა #1.1.9/30/065-2 შეთანხმების აქტი (2015 წლის 30 აპრილის #1.1.9/30/065 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შევიდა ცვლილება 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრამდე;

1.2.6. 2015 წლის 10 ნოემბერს მხარებს შორის გაფორმდა #1.1.9/30/106-5 შეთანხმების აქტი (2015 წლის 26 ივნისის #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, ........ და ........ ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბერი, ხოლო ........ ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი;

1.2.7. 2015 წლის 30 მაისს მხარებს შორის გაფორმდა #1.1.9/30/106-8 შეთანხმების აქტი (2015 წლის 26 ივნისის #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ნაწილის ........ ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ივნისი;

1.2.8. 2016 წლის 29 სექტემბერს მენარდემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ........ ქუჩაზე სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის (22 დღე) გადაიხადა პირგასამტეხლო 15 276,65 ლარი;

1.2.9. ........ და ........ ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს სამივე ეტაპისათვის ჯამურად 100 დღეს; ........ ქუჩის (I, II, III შესახვევების) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 37 დღეს; ........, ........, სანერგის, ........ა და რკინიგზის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 30 დღეს:

- #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმებული #496 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს შესრულებული იქნა ........ ქუჩის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; #539 მიღება-ჩაბარების აქტით, დგინდება, რომ #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ........ ქუჩის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულ იქნა 2015 წლის 24 დეკემბერს; #501 მიღება-ჩაბარების აქტით, დგინდება, რომ #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ........ ქუჩის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იქნა 2015 წლის 9 დეკემბერს. 2015 წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული #1.1.9/30/106-5 შეთანხმების აქტით ........ და ........ ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბერი. ამდენად, ჯამში 100-დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან _ 666 999 ლარიდან.

- #305 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, #1.1.9/30/106 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ........ ქუჩის I, II, III შესახვევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-5 ეტაპი შესრულებულ იქნა 2016 წლის 22 ივლისს. 2015 წლის 30 მაისის #1.1.9/30/106-8 შეთანხმების აქტით შესყიდვის ობიექტის ნაწილის _ ........ ქუჩის I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2016 წლის 15 ივნისიდან ამავე წლის 22 ივლისამდე შეადგენს 37 დღეს, ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან _ 666 999,00 ლარიდან.

- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ #1.1.9/30/065 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ........, ........, სანერგის, ........ და ..... ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იქნა 2015 წლის 30 დეკემბერს.

- როგორც აღინიშნა, 2015 წლის 15 სექტემბერს მხარებს შორის გაფორმებული #1.1.9/30/065-2 შეთანხმების აქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2015 წლის 30 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე ჯამში შეადგენს 30 დღეს, შესაბამისად, პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან _ 1 353 177 ლარიდან ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად უნდა დაანგარიშდეს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, მე-400 „ა“, 417-ე და 418-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნის წინაპირობები დადგენილია, კერძოდ, უდავოა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში და წერილობითი შეთანხმებით შესრულების ვადის გადაცილებისათვის მათ გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა, უდავოა, რომ მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულებას, ამდენად, სარჩელი წარმატებულია, თუმცა, სადავოა პირგასამტეხლოს დაანაგარიშების პერიოდი და მისი განაკვეთი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შესრულებულად მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ითვლებოდა, შესაბამისად, სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე უნდა დაანგარიშებულიყო შესრულების ვადის გადაცილება, რაც შეეხება განაკვეთს, ვალდებულების შესრულების, მოდავე სუბიექტებისა და შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ხელშეკრულებით შეთანხნებული განაკვეთი 0,2% ვალდებულების დარღვევის შეუსაბამოდ და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სწორად განსაზრვრეს იგი 0,05%-ით. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი