Facebook Twitter

საქმე №ას-1077-2019 19 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ.წ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ბ.წ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მარწმუნებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ა–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან რწმუნებული) მიმართ, მოპასუხისათვის ზიანის _ 32 019,54 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის ძმას _ დ.წ–სა და სს „პ.ბ–ს“ შორის 2011 წლის 14 აპრილს დაიდო გენერალური სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი _ 40 000 აშშ დოლარი, ვადა _ 360 თვე, სარგებელი _ არა უმეტეს 36%-ისა. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა დ.წ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (ს/კ # ..... და # ......). გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 14 აპრილს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი _ 28 000 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, წლიური 19%-ის დარიცხვით. სესხის გადახდა ხორციელდებოდა გრაფიკის მიხედვით. მსესხებელი გარდაიცვალა 2013 წლის 11 აპრილს. მოსარჩელისთვის ძმის ვალების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მიუვიდა სს „პ.ბ–ის“ სარჩელი, რომლითაც გამსესხებელი თხოვდა მას, როგორც მემკვიდრეს, გადაეხადა 32 019,54 აშშ დოლარი. სარჩელთან დაკავშირებით მან 2016 წლის 22 ივლისს შეიტანა შესაგებელი, სადაც აღნიშნა, რომ ეთანხმებოდა სარჩელს მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მის ძმასა და ბანკს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რაც შეეხება თანხის ნაწილს, გარდაცვალების შემდეგ ძირითად თანხას პროცენტი და პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხვოდა. ამ ფაქტს უდასტურებდა მოსარჩელის ადვოკატი - ამჟამად მოპასუხე, რომელიც პირად საუბარში აცხადებდა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. 2016 წლის 8 სექტემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატმა სარჩელი ცნო და ბანკის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მაშინ, როდესაც მემკვიდრე არ ეთანხმებოდა ბანკის მოთხოვნას. ადვოკატმა მისგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ შუამდგომლობაც არ დაუყენებია შესვენების შესახებ, რათა მასთან შეეთანხმებინა პოზიცია და სარჩელის ცნობის თანამდევი სამართლებრივი შედეგები განემარტა. რწმუნებულმა საკუთარი ინიციატივით, მარწმუნებელთან შეთანხმების გარეშე განაცხადა, რომ მხარეები არ გაასაჩივრებდნენ გადაწყვეტილებას და ხელი მოაწერინა განცხადებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის საჩივრის საფუძველზე რწმუნებულს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით 6 თვით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება. მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ სს „პ.ბ–ს“ ჰქონდა ინფორმაცია თავიდანვე და საქმეში ედოთ შესაბამისი ცნობა. მემკვიდრემ არ ცნო სარჩელი 32 019 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე. რწმუნებული რომ არ ყოფილიყო ადვოკატი და არ ეცნო სარჩელი, იგი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან გასული იყო 3 წელი და 3 თვე, შესაბამისად, ბანკს აღარ ჰქონდა მოთხოვნის უფლება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მან საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, საიდან წარმოიშვა 32 019 დოლარის ოდენობით ზიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.წ–ი ცნობილ იქნა დ.წ–ის უფლებამონაცვლედ და მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გარდაცვლილის ქონებაზე. მარწმენებელმა თვითონ ცნო სარჩელი და სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს. მარწმუნებელი სხდომაზე იჯდა რწმუნებულის გვერდით და მასთან იყო შეთანხმებული ყველაფერი, ვიდრე პროცესი დაიწყებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მემკვიდრემ სარჩელი ცნო. სხდომამდე იყო საუბარი იმ საკითხზე და ამჟამინდელი მოსარჩელის სურვილიც იყო, რომ იგი გაიფორმებდა და თვითონ გაყიდდა სახლს და ისე გადაიხდიდა ვალს. მას სასამართლოს სხდომამდე განუმარტა სარჩელის ცნობის და და გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგებიც. მოპასუხის განმარტებით, მისი იმჟამინდელი მარწმუნებლის მიერ გადმოცემული ფაქტების მიხედვით, მას ეგონა, რომ სს „პ.ბ–ის“ სარჩელი ხანდაზმული იყო, ხოლო სასამართლოს სხდომაზე აღმოჩნდა, რომ ბანკმა დ.წ–ის გარდაცვალების შესახებ გვიან გაიგო, ამიტომ შეცვალა პოზიცია და სარჩელი ცნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაინც ვერ მოიგებდნენ პროცესს, რადგან გარდაცვლილის მემკვიდრემ დროულად არ აცნობა ბანკს მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელის ძმასა და სს „პ.ბ–ს“ შორის 2011 წლის 14 აპრილს დაიდო გენერალური სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი _ 40 000 აშშ დოლარი, ვადა _ 360 თვე, სარგებელი _ არა უმეტეს 36%-ისა. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (...... და ........). გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 14 აპრილს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა კრედიტი 28 000 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, წლიური 19%-ის დარიცხვით;

1.2.2. მსესხებელი გარდაიცვალა 2013 წლის 11 აპრილს. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „პ.ბ–ის“ სარჩელი და ბ.წ–ი ცნობილ იქნა ძმის - დ.წ–ის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ დაადგინა ბ.წ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე (....... და .......). ამავე გადაწყვეტილებით ბ.წ–ს და ნ.ქ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ 32 019,54 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია აუქციონზე. ბ.წ–სა და ნ.ქ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის _ 1 109,5 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.2.3. სს „პ.ბ–ის“ სარჩელის განხილვისას სასამართლოს 2016 წლის 1 და 8 სექტემბრის სხდომებზე მონაწილეობას იღებდა როგორც ბ.წ–ი, ასევე, მისი წარმომადგენელი დ.ა–ი;

1.2.4. 2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ბ.წ–მა ცნო სარჩელი, სხდომის დამთავრების შემდეგ კი, მხარეებმა წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებოდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ასაჩივრებდნენ და ითხოვეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება. აღნიშნულ განცხადებას ხელი მოაწერა წარმომადგენელმა დ.ა–მა, ასევე, მარწმუნებელმა ბ.წ–მა;

1.2.5. მარწმუნებლის საჩივრის საფუძველზე, 2017 წლის 16 მარტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში რწმუნებულის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა. ეთიკის კომისიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით რწმუნებულს 6 თვით შეუჩერდა საადვოკატო საქმიანობის უფლება;

1.2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ადვოკატ დ.ა–ისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მხარეებს მიეცათ ვადა მორიგებისათვის, რის შემდეგაც საქმეზე ჩატარდა არაერთი სხდომა. ამდენად, მარწმუნებელს სავსებით საკმარისი დრო ჰქონდა, რათა გარკვეულიყო დავის არსში. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოთხოვნის აღიარებას წინ უსწრებდა: სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მოთხოვნის აღიარებას შედეგად მოსდევს სახელმწიფო ბაჟის განახევრება; სასამართლოს მოწოდება მოპასუხე მხარისადმი დათანხმდეს ბანკის მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობებზე; ტექნიკური მიზეზით შესვენების გამოცხადება, რომლის განმავლობაშიც ოქმში ასახული სხდომის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკება; სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში ქონება მოპასუხეზე აღირიცხებოდა და მას მიეცემოდა მისი რეალიზაციის შესაძლებლობა, ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიაქცევდა ქონებას იძულებით აღსრულებაზე და მისცემდა მოპასუხეს უძრავი ქონების რეალიზებისა და დავალიანების ნებაყოფილობით დაფარვის შესაძლებლობას; აღნიშნულზე ადვოკატმა განაცხადა, რომ სამკვიდრო ქონება უნდა აღირიცხოს ბ.წ–ის სახელზე, ხოლო აღსრულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღსრულება უნდა შეჩერებულიყო 6-7 თვით; ხსენებულ განცხადებაზე დაყრდნობით სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირველ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო; მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით ადვოკატმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალიზებული ქონება არ იქნებოდა საკმარისი ვალის დასაფარად, დანარჩენ ნაწილში აღსრულება მიექცეოდა თავდების ქონებაზე. ადვოკატის ეს განმარტება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ქონება არ იქნებოდა საკმარისი ვალის დასაფარავად, მისი დაფარვა ნ.ქ–ძეს (თავდები) უნდა მოეხდინა. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მოსამართლის შეკითხვაზე ცნობდა თუ არა სარჩელს სრულად, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ასე გამოდის“. ამასთანავე დაამატა, რომ 32 000 აშშ დოლარის ნაწილშიც ცნობდნენ მოთხოვნას და ითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ მიქცევა;

- სადისციპლინო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მარწმუნებელი ბ.წ–ი ესწრებოდა პროცესს, განცხადება სარჩელის აღიარების შესახებ მისი თანდასწრებით იქნა გაცხადებული. ბ.წ–ს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განცხადება არ გაუკეთებია. სადისციპლინო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ცნობის შესახებ განცხადება, მისი შედეგები თავისი არსით ყოფით დონეზე მარტივად აღქმადია. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა ფაქტის (სსკ-ის 131-ე მუხ.), არამედ სარჩელის ცნობას (სსკ-ის 208-ე მუხ.), რომლის შინაარსი და შედეგი იმთავითვე სავსებით ცხადი იყო. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მოპასუხის თანდასწრებით მოსარჩელის მოთხოვნის ცნობა, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება, სხდომაზე დამსწრე მარწმუნებლის დუმილი კონკლუდენტურად გამოხატავდა მარწმუნებლის თანხმობას მოთხოვნის ცნობაზე. მარტივი იყო აგრეთვე იმ ორწინადადებიანი წერილობითი განცხადების შინაარსის გააზრება, რომლითაც მოპასუხე დაეთანხმა სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებას და უარი თქვა მის გასაჩივრებაზე; არ დასტურდებოდა, რომ დ.ა–ის განცხადებებს რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მართებულია იმის პრეზუმირება, რომ ადვოკატი სარჩელის ცნობით გამოხატავდა მარწმუნებლის ნებას, ადვოკატის მიერ გაჟღერებული პოზიცია ემთხვეოდა მარწმუნებლის ნებას, მით უფრო, რომ მარწმუნებლის მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს გაცემული რწმუნებულება არ ანიჭებდა ადვოკატს სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, მარწმუნებლის მიერ ადვოკატისათვის მინიჭებული საგანმკარგულებლო უფლებამოსილებათა შორის ითვალისწინებდა დავის მორიგებით დასრულებას, შეთანხმების აქტის გაფორმებას და არა სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ადვოკატის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოს მიერ თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობად აღიქმებოდა. ოქმის თანახმად, სასამართლო დ.ა–ის განცხადებებს აღიქვამდა მოპასუხის განცხადებებად;

- სადისციპლინო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე არ დასტურდებოდა ადვოკატის მიერ მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება. სადისციპლინო პალატის განმარტებით, კანონიერ ძალაში მყოფი 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ბ.წ–მა სარჩელი ცნო. ამ გარემოების გამო, მოპასუხეს სსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი (1 109,50 ლარი). სარჩელის ცნობა სახელდობრ მოპასუხისა და არა მისი წარმომადგენლის მიერ დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნულის საწინააღმდეგოს დადგენა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ფაქტობრივად უტოლდებოდა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ამომწურავი შემთხვევების გაფართოებას, სადისციპლინო წარმოების მეშვეობით კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმების დამატებითი საშუალების შემოღებას.

- საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ სასამართლო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა და ვადა. მოპასუხე ბ.წ–ს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, უფრო მეტიც, საქმეში დაცული 2016 წლის 8 სექტემბრის განცხადებით, რომელიც ხელმოწერილი იყო მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის მიერ, დასტურდებოდა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებას #2/338-16 სამოქალაქო საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე და მისი წარმომადგენელი დაეთანხმნენ და არ ასაჩივრებდნენ. განცხადების ტექსტის თანახმად, მხარეებმა თხოვნით მიმართეს სასამართლოს, გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე, სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით შემოფარგვლის შესახებ. ხსენებული განცხადება ცხადად ადასტურებდა, რომ მოპასუხის ნება მისი წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან მიმართებაში სრულ თანხვედრაში იყო;

1.2.7. საქმის მასალებით არ დგინდება ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულობა ამჟამინდელი მოსარჩელის მიმართ: ამჟამინდელმა მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის მტკიცებულება რომ სს „პ.ბ–ისათვის“ ცნობილი იყო დ.წ–ის გარდაცვალების შესახებ, რაც აპელანტის მხრიდან სადავო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებას უსაფუძვლოდ აქცევს (სკ-ის 1487-ე და 1488-ე მუხლები). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ადვოკატის მიერ პოზიციის შეცვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არ დასტურდებოდა ბანკისათვის მოვალის გარდაცვალების შეტყობის ფაქტი, ხოლო სარჩელი ბანკის მიერ აღიძრა კრედიტის გადახდის გრაფიკის ვადის დასრულების შემდეგ. სასამართლოს სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ადვოკატმა აღიარა ქონების მოპასუხის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნა იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ბანკის წარმომადგენელმა უარი განაცხადა უძრავი ქონების აღსრულების დაუყოვნებლივ მიქცევაზე, რითაც ბ.წ–ს მიეცემოდა უძრავი ქონების რეალიზაციის საშუალება. ადვოკატს არ უცნია მოთხოვნა დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში, ამასთანავე, ადვოკატმა სასამართლო სხდომის განმავლობაში, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, არაერთგზის აღნიშნა, რომ რეალიზებული ქონების ღირებულებაზე ზევით დავალიანების ანაზღაურება დაეკისრებოდა თავდებს, სოლიდარულ მოვალეს;

1.2.8. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ხელის მოწერის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება (იძულების, მოტყუების ან თავისუფალი ნების გამომრიცხავი რაიმე გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება) მხარეს არ წარმოუდგენია. მან სხდომაზე დაადასტურა, რომ იცოდა, ხელს აწერდა განცხადებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ და პროტესტი არ გამოუხატავს (იხ. სხდომის ოქმი 06.11.2017წ. 15:00:00-15:01:05; 15:21:55-15:23:01).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ნორმებიდან, კერძოდ, მარწმუნებელი მოითხოვს რწმუნებულისაგან მისი სახელით განხორციელებული მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მოთხოვნის წარმატებულობას ამოწმებს: ა) სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712-ე მუხლის მე-2 ნაწილის; ბ) 719-ე, 394-ე მუხლებისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის; გ) 992-ე, 408.1 მუხლების ფარგლებში. პირველ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს მარწმუნებლის მხრიდან დავალების ხელშეკრულების პირობებისაგან თვითნებური გადახვევა და ამის შედეგად ზიანის დადგომა. ამ ნორმის ფარგლებში მოთხოვნა წარუმატებელია, რადგანაც ზიანის დადგომას მხარე უკავშირებს სარჩელის ცნობას, თუმცა, უდავოა, რომ მას სარჩელის ცნობის უფლება მარწმუნებლისათვის არ მიუნიჭებია, ამასთანავე, დადგენილია, რომ თავად ესწრებოდა სხდომას და მიიღო შესაბამისი განმარტებები, რომელთაც დაეთანხმა, ისევე, როგორც ვერ დაამტკიცა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებაზე ხელის იძულებით მოწერის ფაქტი. რაც შეეხება მეორე სამართლებრივ კონსტრუქციას, ამ შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს ზიანი მიუხედავად ბრალის ხარისხისა, თუმცა, როგორც სააპელაციო პალატამ დაადგინა, საპროცესო უფლებათა განკარგვა მარწმუნებლის ნების ფარგლებში იყო განხორციელებული, ისევე, როგორც საქმის მასალებით არ დგინდება მარწმუნებლისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობები. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მარწმუნებელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი