¹ბს-91-89(კს-06) 14 მარტი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. რ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. რ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საშვებულებო თანხის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-3/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კუთვნილი შვებულების საკომპენსაციო თანხის _ 1035 ლარის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 28-29./.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. კ.-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ა. რ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 35/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, შესაბამისად, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2840 ლარის ოდენობით, ხოლო ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა საპროცესო ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 Dდღე /იხ.ს.ფ. 39-40/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში მხარის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ.44-45/.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. კ.-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით (სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ), შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მაგრამ იმის გამო, რომ განჩინებაში არ იყო მითითებული საოლქო სასამართლოს საბანკო ანგარიში, შესაბამისად ვერ მოხერხდა საპროცესო ვადაში ხარვეზის გამოსწორება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა, რაზედაც წარდგენილია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კერძო საჩივართან ერთად /იხ.ს.ფ. 50/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ადგენს მხოლოდ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის არსებობას ან არარსებობას და იგი არ არის ვალდებული განუმარტოს მხარეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების ფორმა, ამდენად სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში სასამართლოს საბანკო ანგარიშის მიუთითებლობა არ წარმოადგენდა ობიექტურად დამაბრკოლებელ გარემოებას, რომელიც ხელს შეუშლიდა მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებაში /იხ.ს.ფ. 119-121/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 18.11.2005წ. და 30.01.2006წ. განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393.2. და 394. მუხლების მოთხოვნები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება (სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ) აპელანტს _საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, განჩინება ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, გზავნილზე აღნიშნულია განჩინების ჩაბარების თარიღი და დასმული აქვს ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის ბეჭედი / იხ.ს.ფ. 42/.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განჩინებაში არ იყო მითითებული საოლქო სასამართლოს საბანკო ანგარიში და შესაბამისად, ვერ მოხერხდა საპროცესო ვადაში ხარვეზის გამოსწორება, დაუსაბუთებლობის გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ამოწმებს, თუ რამდენად არის მითითებული, ნორმის შესაბამისად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმით დადგენილ პირობებს, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს ხარვეზზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვალდებულებას არ წარმოადგენს, მიუთითოს მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის რეკვიზიტები, რის გამოც ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს ანგარიშის ნომერი, არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის საპროცესო ვადაში შეუსრულებლობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟი საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი უნდა იქნეს წინასწარ, ასევე სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იყოს წინასწარ დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით სსსკ-ის 39. «ბ» პუნქტის შესაბამისად. გამონაკლისს წარმოადგენს, როცა მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ავტორისათვის განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა იყო გონივრული ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე _ საქართველოს შს სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსებას, მას სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდა შუამდგომლობით მოეთხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რამდენადაც საქართველოს შს სამინისტროს შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქმეში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რამდენადაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე (რომელიც კერძო საჩივრის ავტორმა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივართან ერთად) აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2005 წლის 22 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 53/, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსსკ-ის 39.1. «დ» პუნქტის და 53.1. მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის და სამოცდაათი თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53.1, 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2005წ. და 30.01.2006წ. განჩინებები;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 15 ლარის და სამოცდაათი თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.