Facebook Twitter

საქმე №ას-735-2019 9 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.ლ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი, რ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ.მ–მა და რ.კ–ძემ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს.ლ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 4 760-4 760 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. 2012 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, შეიძინა პირველმა მოსარჩელემ. მიუხედავად უძრავი ქონების გაყიდვისა, მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, აგრძელებდნენ იქ ცხოვრებას. მესაკუთრემ მიმართა სასამართლოს მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების მოთხოვნით. სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2013 წლის 17 დეკემბერს პირველმა მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა მეორე მოსარჩელეს, რომელიც დღემდე წარმოადგენს მის მესაკუთრეს. მოპასუხე კვლავ არ ათავისუფლებს ფართს, ამასთან, უარს აცხადებს ქირის გადახდაზეც. აღნიშნულით მოსარჩელეებს ადგებათ ზიანი, მოპასუხე კი უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვისი საკუთრების ფლობით. მოთხოვნილი თანხა პირველი მოსარჩელის შემთხვევაში, შეადგენს უძრავი ქონების მის საკუთრებაში არსებობის პერიოდისათვის, 2012 წლის 23 ივლისიდან 2013 წლის 17 დეკემბრამდე ანუ 17 თვის ქირას, რაც შეეხება მეორე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას, ის ასევე წარმოადგენს 2013 წლის 17 დეკემბრიდან სარჩელის შეტანამდე _ 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდის ქირას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, ის არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ პირველმა მოსარჩელემ ქონებაზე უფლება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მოიპოვა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოპასუხეს, როგორც გამყიდველს ხელი არ მოუწერია. სწორედ გაყალბებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო მეორე მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულება, რის თაობაზე, მოპასუხის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ხსენებული გარემოებები გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 760 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრში გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პირველმა მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა ქ.თბილისში, ....... #5-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .......). ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება _ 20 600 ლარი, მყიდველის მიერ გადახდილია სრულად;

1.2.2. 2012 წლის 27 ივლისს სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის საკუთრებად;

1.2.3. 2013 წლის 17 დეკემბერს პირველმა მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა მეორე მოსარჩელეს, რომელიც 2013 წლის 20 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს.ლ–ის, მ.მ–ის, ტ.ქ–ას და გ.ლ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა რ.კ–ძეს;

1.2.5. უდავოა, რომ მოპასუხე განაგრძობს უძრავ ქონებაში ცხოვრებას და საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მას გააჩნია სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი;

1.2.6. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენდა 280 ლარს. საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;

1.2.7. 2012 წლის 27 ივლისიდან 2013 წლი 20 დეკემბრამდე პირველი მოსარჩელე, ხოლო, 2013 წლის 20 დეკემბრიდან დღემდე მეორე მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღრიცხულნი არიან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს სხვის ქონებას. ხსენებული გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის და კვლავ ძალაშია. ამ ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია და ამ მხრივ კასატორის პრეტენზიები გაზიარებას არ ექვემდებარება, რაც შეეხება პირველი მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის პერიოდს, უდავოა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს, შესაბამისად, ამ ჩანაწერის კანონიერების მიმართ, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული პრეზუმფცია, რაიმე დასაბუთებული შედავება ამ მხრივ კასატორს არ წარმოუდგენია. ამდენად, როგორც პირველი, ისე _ მეორე მოსარჩელის ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი დადასტურებულია. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა დაამტკიცეს სადავო ქონების გაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა. ამ მტკიცებულების გაქარწყლება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრებოდა მოპასუხეს. ამ გარემოებათა ანალიზის შედეგად პალატა ასკვნის, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, სხვისი სიკეთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის შედეგად კასატორმა დაზოგა ქირის ოდენობა და სწორედ ამ დანაზოგის მისთვის დაკისრებით შეიძლება სამართლებრივი წინასწორობის აღდგენა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური მოთხოვნის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. კასატორმა 20.05.2019წ. #ა-2394-19 განცხადებითა და 03.06.2019წ. #ა-2635-19 განცხადებით საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართელებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს დოკუმენტების მიღებაზე და კასატორს უბრუნებს მათ.

3. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუბრუნდეს 20.05.2019წ. #ა-2394-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 314 ფურცლად, ასევე, 03.06.2019წ. #ა-2635-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 324 ფურცლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი