Facebook Twitter

საქმე №ას-623-623-2018 30 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი –თ.პ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ დ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ.ე–ძე

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ნ.ს–ი, მ.პ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.პ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ის, მ.პ–ისა და ნ.ჩ–ძის მიმართ და მოითხოვა ნ.ჩ–ძესა და ნ.ს–ს შორის გაფორმებული #150692319 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ, იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის იპოთეკის საგნის (ს/კ # .....) განკარგვის ნაწილში ბათილად ცნობა, # ..... უძრავის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 30 ივნისს ნოტარიუს ე.შ–ის სანოტარო ბიუროში ნ.ს–ს და ნ.ჩ–ძეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არასრულწლოვანი თ.პ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ...... #17-ში (ს/კ ......). ხელშეკრულების გაფორმებისას ნ.ს–ი მოქმედებდა, როგორც პირადად, ასევე არასრულწლოვანი თ.პ–ის კანონიერი წარმომადგენელი, დედა და ამასთან წარმოადგენდა მ.პ–ს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 2.5%-ს. 2016 წლის 7 ივლისს მოსარჩელემ ჩაიბარა კერძო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2016 წლის 29 ივნისს #160713294 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად დაწყებულ სააღსრულებო საქმეზე, რომლითაც ნ.ს–ის მიერ აღებული ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი საჯარო აუქციონზე უნდა მიქცეულიყო სარეალიზაციოდ. სადავო ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის, რომ 2015 წლის 30 ივნისისათვის მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი და ამასთან, მოვალის მიერ აღებული სესხი ბავშვთა კონვენციის მიერ დადგენილი საუკეთესო ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა. სესხი არ იქნა აღებული არასრულწლოვნის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სარჩელის თანახმად, არასრულწლოვნის უძრავი ქონება მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა არამართლზომიერად განკარგა, რაც ვერ იქნა არგუმენტირებული თ.პ–ის „საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, იმის გათვალისწინებითაც, რომ მას არანაირი სარგებელი არ მიუღია სესხის თანხით, გარდა იმისა, რომ უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა სოლიდური ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, რომლის უზრუნველსაყოფადაც სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოსარჩელის ქონება, რითაც იგი გამოუსწორებელ მატერიალურ ზარალს მიიღებს. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს 2015 წლის 30 ივნისს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის საგანი (ს/კ .......), ვინაიდან უძრავ ნივთზე დარეგისტრირებული ყადაღა გამომდინარეობს სადავო ხელშეკრულებიდან, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელია გაუქმებულ იპოთეკის საგანზე გავრცელებული იყოს სამართლებრივი შეზღუდვა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. ნ.ს–მა და მ.პ–მა სარჩელი ცნეს;

2.2. ნ.ჩ–ძემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა მხარეებს, არასრულწლოვან თ.პ–ს, (რომელიც იმ დროისათვის იყო 17 წლის) რომლის კანონიერი წარმომადგენელი იყო: დედა _ ნ.ს–ი და მამა _ მ.პ–ი, ასევე, მსესხებელ ნ.ს–ს განუმარტა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები და მანვე დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, ქმედუნარიანობა. ნოტარისუმა მხარეებისგან მიიღო დასტური, რომ ჯეროვნად განემარტათ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივი შედეგები. მოპასუხის განმარტებით, იგი კანონის ფარგლებში მოქმედებდა, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა იპოთეკის საგნის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ჩ–ძესა და ნ.ს–ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის (ს/კ ..........) სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში და ყადაღისაგან გათავისუფლდა 2015 წლის 30 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის საგანი (ს/კ ........).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ჩ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.პ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სასამართლომ არაერთი ზეპირი მოსმენისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი ღონე იხმარა მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებისათვის.

2020 წლის 30 ივნისის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა შეადგინეს მორიგების პირობები და იშუამდგომლეს მისი შემდეგი სახით დაკმაყოფილების თაობაზე:

1.1.1. თ.პ–ი (პ/#0.......) იღებს ვალდებულებას, ნ.ჩ–ძეს (პ/# ......) 2021 წილს 31 მარტამდე გადაუხადოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი;

1.1.2. 2021 წლის 31 მარტამდე თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს თ.პ–ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ......, საოფისე ფართი #3, ფართი: 141,39 კვ.მ (ს/კ # .....) რეალიზაცია, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებითი საჯარო აუქციონის მეშვეობით;

1.1.3. მხარეები თანხმდებიან: გაუქმდეს თ.პ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს/კ # ....., ქ.თბილისი, ქუჩა ....., საოფისე ფართი #3) კერძო აღმასრულებელ მ.ს–ის მიერ 2016 წლის 7 ივლისის #16064566-005/001 მიმართვით დადებული ყადაღა (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 102016210124/3);

1.1.4. 2021 წლის 31 მარტამდე თ.პ–ის მიერ თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ნ.ჩ–ძისათვის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.07.2016წ. განჩინებით (საქმე #2/18631-16) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.2016წ. #2ბ/4410-16 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;

1.1.5. მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე თ.პ–ს (პ/#0.......) დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა _ 3 923,10 (სამი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც განთავსებულ იქნა 13.12.2016 წელს შემოსავლის ორდერით: 12401661.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

1.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული საპროცესო მოქმედების თაობაზე ცნობილი იყო მხარეებისათვის. მართალია, მორიგების აქტს ხელს არ აწერს მოთხოვნის პირადი მოვალე თუმცა, აღნიშნული მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს, რამდენადაც, მორიგების ფარგლებში, თ.პ–მა, სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაიკისრა ვალი, რაც არ ზღუდავს მოთხოვნის უშუალო მოვალეს, ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავად შეასრულოს ვალდებულება.

1.4. მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

2. სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლო ხარჯების საკითხი:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ.ჩ–ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, ამავდროულად, თ.პ–ს დაევალა ნ.ჩ–ძისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის _ 1 500 აშშ დლარის ეკვივალენტი ლარის განთავსება. მორიგების პირობების თანახმად, თ.პ–ის მიერ თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.07.2016წ. განჩინებით (საქმე #2/18631-16) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.2016წ. #2ბ/4410-16 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამასთანავე, მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე თ.პ–ს (პ/# .....) უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დისპოზიციისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული ზემოხსენებული პირობების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება შენარჩუნებულ უნდა იქნას მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში თანხის სრულად გადახდამდე, ხოლო, ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად განთავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2018 წლის განჩინებით თ.პ–ს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის _ 2 430 აშშ დოლარის გადახდა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან საქმის არსებითად განხილვამდე მიღწეულ იქნა მხარეთა შორის მორიგება, პალატა თვლის, რომ კასატორი უნდა გათავისუფლდეს ხსენებული თანხის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 399-ე, 372-ე, 218-ე, 272-ე (დ), 273-ე, 284-ე, 285-ე 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კასატორ თ.პ–სა (პ/# .....) და მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე ნ.ჩ–ძეს (პ/# .......) შორის შემდეგი პირობებით:

2.1. თ.პ–ი (პ/# ......) იღებს ვალდებულებას, ნ.ჩ–ძეს (პ/# ...........) 2021 წილს 31 მარტამდე გადაუხადოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი;

2.2. 2021 წლის 31 მარტამდე თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს თ.პ–ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ...., საოფისე ფართი #3, ფართი: 141,39 კვ.მ (ს/კ # ......) რეალიზაცია, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებითი საჯარო აუქციონის მეშვეობით;

2.3. მხარეები თანხმდებიან: გაუქმდეს თ.პ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს/კ # ......, ქ.თბილისი, ......, საოფისე ფართი #3) კერძო აღმასრულებელ მ.ს–ის მიერ 2016 წლის 7 ივლისის #16064566-005/001 მიმართვით დადებული ყადაღა (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 102016210124/3);

2.4. 2021 წლის 31 მარტამდე თ.პ–ის მიერ თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ნ.ჩ–ძისათვის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.07.2016წ. განჩინებით (საქმე #2/18631-16) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.2016წ. #2ბ/4410-16 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;

2.5. მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე თ.პ–ს (პ/#0.....) დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა _ 3 923,10 (სამი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც განთავსებულ იქნა 13.12.2016 წელს შემოსავლის ორდერით: 12401661.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე თ.პ–ის სარჩელის გამო, ნ.ს–ის, მ.პ–ისა და ნ.ჩ–ძის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

6. თ.პ–ი გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2018 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 2 430 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდისაგან.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე