Facebook Twitter

საქმე №ას-491-2019 9 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ლ. და გ. ნ–ეები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირი _ ნოტარიუსი რ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების სრულად, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ლ. და გ. ნ–ეებმა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ნ–ძისა (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნოტარიუს რ.გ–ძის (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ, და მოითხოვეს პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნას ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... ..... მდებარე, მ.ლ. ძე ნ–ძის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) კომლის ქონების ¼-ის მესაკუთრედ, ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 7 ივლისს ნოტარიუს რ.გ–ძის მიერ მ.ლ. ძე ნ–ძის სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის სახელზე გაცემული #100447741 და #100668945 სამკვიდრო მოწმობები, მოსარჩელეები ცნობილ იქნან პაპის _ მ.ნ–ძისა და ბებიის _ ზ.ი. ასული ნ–ძის დანაშთი ქონების ½-ის მემკვიდრეებად.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... ცხოვრობდნენ მოსარჩელეების პაპა და ბებია, რომელთაც ჰყავდათ შვილი _ ა.ნ–ძე და მისი შვილები არიან მოსარჩელეები. მ.ნ–ძის კომლში რეგისტრირებული იყვნენ მ.ნ–ძე _ ოჯახის უფროსი, ზ.ნ–ძე _ მეუღლე, გ.ნ–ძე _ შვილი, ლ.გ. ასული ნ–ძე _ შვილიშვილი (ამოწერილია 1988 წლის 19 აგვისტოს და ჩაწერილია ზესტაფონი ...... #18-ში) და ლ.ა.ნ–ძე _ შვილიშვილი (ხაზი აქვს გადასმული). პირველი მოსარჩელე სწავლობდა სოფელ ..... .... საშუალო სკოლაში და დაამთავრა 9 კლასი. 2000 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, სანქ-პეტერბურგში, მაგრამ ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტია, ხშირად ჩადიოდა სოფელში, რადგან ოჯახს საქართველოში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ბებია გარდაიცვალა 2007 წელს, პაპა _ 2008 წელს, მოსარჩელეების მამა, ა.ნ–ძე _ 2012 წელს. ლ.ნ–ძეს, როგორც კომლის წევრს საკუთრების უფლებით ეკუთვნის კომლის მთლიანი ქონების ¼, ხოლო ლ. და გ. ნ–ეებს ეკუთნით პაპის დანაშთი ქონების ½. პაპის დანაშთი ქონების გაყოფის თაობაზე ბიძაშვილებთნ მათ ჰქონდათ შეთანხმება, რის გამოც, სამკვიდროს მიღების მიზნით არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ბიძაშვილს _ მოპასუხეს შეცდომაში შეუყვანია ნოტარიუსი, თითქოს პაპას სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა და სრულად დაეპატრონა მის დანაშთ ქონებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... ცხოვრობდნენ: პაპა _ მ.ნ–ძე და ბებია _ ზ.ნ–ძე, მოპასუხის აწ გარდაცვლილი მამა _ გ.ნ–ძე, დედა _ ლ.ნ–ძე და მათი შვილები: ნ., თ., ლ. და ლ. ნ–ეები. 1994 წლის მონაცემებით მ.ნ–ძის კომლში ირიცხებოდნენ: მ.ნ–ძე, ზ.ნ–ძე, შვილი _ გ.ნ–ძე (დანარჩენ წევრებს ხაზი აქვთ გადასმული). მოსარჩელეები ცხოვრობდნენ რუსეთში, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ სოფელთან. ისინი არ ყოფილან კომლის წევრები და მათი მოთხოვნა ქონების ¼-ის მიკუთვნებაზე უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა პაპის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის თობაზე, ვინაიდან მათ 6 თვის ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებიან ქონებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.ა.ნ–ძე ცნობილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... მდებარე მ.ლ. ძე ნ–ძის კომლის ქონების ¼-ის მესაკუთრედ, ნაწილობრივ, ¼ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 7 ივლისს ნოტარიუს რ.გ–ძის მიერ მ.ლ. ძე ნ–ძის სამკვიდრო ქონებაზე, ნ.ნ–ძის სასარგებლოდ გაცემული #100447741 და #100668945 სამკვიდრო მოწმობები. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლ.დ.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი სრულად, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მ.ნ–ძე მეუღლესთან _ ზ.ნ–ძესთან ერთად ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... . მათ ჰყავდათ შვილები: გ. და ა.ნ–ძეები. მოსარჩელეები არიან ა.ნ–ძის შვილები, ხოლო მოპასუხე _ გ.ნ–ძის შვილი;

1.2.2. ზ.ნ–ძე გარდაიცვალა 2007 წლის 6 აპრილს;

1.2.3. მ.ნ–ძე გარდაიცვალა 2008 წლის 23 დეკემბერს;

1.2.4. ა.ნ–ძე გარდაიცვალა 2012 წლის 26 აგვისტოს;

1.2.5. მოპასუხის 2010 წლის 11 მაისისა და 7 ივლისის განცხადების საფუძველზე მ.ნ–ძის დანაშთ ქონებაზე გაცემულ იქნა #100447741 და #100668945 სამკვიდრო მოწმობები;

1.2.6. ა.ნ–ძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ..... , მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ გაგრაში, 1992 წელს დაბრუნდა სოფელ ..... და აქ ცხოვრობდა 2000 წლამდე. 2000 წელს ა.ნ–ძე ოჯახთან, მათ შორის, მოსარჩელეებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. არც ის და არც მისი შვილები _ მოსარჩელეები მ.ნ–ძის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აღარ ჩამოსულან;

1.2.7. არც აპელანტებს და არც მათ მამას მ.ნ–ძის სამკვიდრო 2008 წლის 23 დეკემბერიდან ექვსი თვის ვადაში კანონით დადგენილი არც ერთი ფორმით არც უშუალოდ (ამ დროისათვის იყვნენ სრულწლოვნები) და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ მიუღიათ;

1.2.8. სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების მიზეზებზე მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენიათ სასამართლოსათვის, ამასთან, უდავოა, რომ მათთვის, ისევე, როგორც მათი მამისათვის მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, ასევე, დადგენილ ვადაში პაპის ქონებაზე საკუთრების წარმოშობის დამაბრკოლებელი საპატიო მიზეზის არსებობა. ამდენად, განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე (2) და 1424-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების/თანასაკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს, კერძოდ, გადაიხადოს გადასახადები, ფლობდეს ქონებას, როგორც საკუთარს და სხვა ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. უდავოა, რომ არც ერთი ზემოხსენებული მოქმედებები მხარეებს არ შეუსრულებიათ, შესაბამისად, მათ არ წარმოშობიათ საკუთრების უფლება, რომელიც მოპასუხის ქმედების შედეგად შეილახებოდა. რაც შეეხება კანონისმიერ საშუალებას, მემკვიდრეს აღუდგეს საპატიოდ გაშვებული ვადა სამკვიდროს მისაღებად, იგი სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილითაა მოწესრიგებული, თუმცა, ამ შემთხვევაში მემკვიდრე ვალდებულია მიუთითოს და დაამტკიცოს იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელთა ანალიზი სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ მემკვიდრეს გააჩნდა სამკვიდროს მიღების ნება, თუმცა ობიექტური მიზეზის გამო, მან ეს ვერ შეძლო. ამ მხრივ დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის, რომლებიც იყვნენ სრულწლოვნები, თუმცა, მათ სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით განსაზღვრულლი ქმედებები არც უშუალოდ და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ განუხორციელებიათ (სკ-ის 1423-ე მუხლი). რაიმე მიზეზს, რომლის ანალიზიც პალატას იურიდიულ მოქმედებათა განხორციელების საპატიოდ შეუძლებლობის რწმენას შეუქმნიდა, კასატორები ვერ მიუთითებენ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამკვიდროს მიღების/მიღების ვადის აღდგენის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მ.ა–ის მიერ 07.03.2019წ. #78 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და გ. ნ–ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ლ.ნ–ძესა (პ/# ...) და გ. ნ–ეს (პ/# ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.ა–ძის მიერ 07.03.2019წ. #78 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი