საქმე №ას-249-2019 23 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ამხანაგობა „ი.ს–ე“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ამხანაგობა „ი.ს–ემ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან ამხანაგობა) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ა–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხისათვის ზიანის _ 2 283 744 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2005 წლის 24 აგვისტოს დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ე“, რომლის გამგეობის თავმჯდომარედ დასახელდა მოპასუხე, ხოლო გამგეობის წევრებად: ლ.ჩ–ძე და მ.შ–ი. ამხანაგობის მმართველ (აღმასრულებელ) ორგანოს წარმოადგენს ამხანაგობის გამგეობა, რომელიც შედგებოდა 3 წევრის: თავმჯდომარისა და 2 რიგითი წევრისაგან. ამხანაგობის ხელშეკრულების თანახმად, გამგეობის ფუნქციებში შედიოდა ამხანაგობის მიმდინარე საქმეების მართვა და ხელმძღვანელობა, მშენებლობის პროცესის ორგანიზაციულ-ფინანსური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა, ურთიერთობების წარმართვა სამშენებლო კომპანიებთან პროექტის განხორციელებისთვის, საფინანსო საქმიანობის წარმართვაზე ზედამხედველობა. გამგეობის თავმჯდომარე, გამგეობის სხვა წევრებთან შეთანხმებით, ახორციელებდა იმავე საქმიანობის, რასაც ამხანაგობის გამგეობა. თავმჯდომარეს გააჩნდა ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ, იგი უფლებამოსილი იყო, ერთპიროვნულად წარმოედგინა ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. იმ საკითხებთან მიმართებით, რაც განეკუთვნებოდა დამფუძნებელ წევრთა კრებისა და წევრთა საერთო კრების კომპეტენციას, გამგეობის თავმჯდომარე საჭიროებდა ამ ორგანოთა თანხმობას.
ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოს ერთპიროვნულად აწარმოებდა მოპასუხე, თუმცა, ამხანაგობის მოთხოვნის მიუხედავად, მშენებლობის წარმოების სათანადო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. თავმჯდომარემ ამხანაგობის წევრებთან შეუთანხმებლად დაიწყო ამხანაგობაში შენატანი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ასევე, სარეალიზაციოდ მიაქცია ისეთი ფართები, რომლებიც პროექტით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მოპასუხემ, ამხანაგობასთან შეუთანხმებლად, ამხანაგობის სახელით გააფორმა ვალის _ 700 000 აშშ დოლარის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა უცნობია ვალის აღიარების საფუძველი. 2011 წლის 21 მაისს გამართულ საერთო კრებაზე ამხანაგობის წევრი და ყოფილი თავმჯდომარე _ ზ.ა–ძე გაირიცხა ამხანაგობიდან.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამხანაგობის წევრების მიერ განხორციელდა 2 755 418 აშშ დოლარის შენატანი (სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგენს 4 849 536 ლარს), ხოლო, მოპასუხისა და მისი დაკვეთით შპს „ვ–ას“ მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯი შეადგენს 2 565 792 ლარს, დარჩენილი სხვაობა _ 2 283 744 ლარი არის მოპასუხის მიერ ამხანაგობისთვის მიყენებული ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამხანაგობა ჩამოყალიბდა 2003 წელს და მისი წევრები იყვნენ შპს „კ–სი“ და სს „ს–და“. ამხანაგობა დააფუძნა ხუთმა პირმა. აღმასრულებელი ორგანო იყო გამგეობა, ხოლო უმაღლესი ორგანო _ დამფუძნებელ წევრთა კრება, რომელშიც შედიოდა 5 პირი. გამგეობის თავმჯდომარე იყო ამხანაგობის თავმჯდომარე.
სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2003 წლიდან. მოსარჩელეთა გაანგარიშება არ არის სწორი, ვინაიდან დახარჯული თანხები უფრო მეტია და აჭარბებს შენატანებს. მშენებლობა, სამშენებლო სამუშაოების წარმოების გარდა, მოიცავდა სხვა ხარჯებსაც. ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო გათვალისწინებული ამხანაგობის მიერ გაწეული სხვა ხარჯები, კერძოდ: ბანკიდან და კერძო პირისგან აღებული სესხი, მიწის რეგისტრაციისთვის გაწეული ხარჯი, არქიტექტურისა და კონსტრუქტორის სამსახურისთვის გაწეული ხარჯი, კომუნალური და ოფისის ხარჯები და სხვა.
მოპასუხე უკანონოდ გაირიცხა ამხანაგობიდან, შესაბამისად, გარიცხვის ოქმი არალეგიტიმურია, ვინაიდან ამის უფლებამოსილება ჰქონდა დამფუძნებელ წევრთა კრებას და არა საერთო კრებას.
დაზუსტებულ შესაგებელში მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა მისი ბრალეულობა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. გარდა ამისა, ამხანაგობის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ამხანაგობისთვის მოპასუხის მხრიდან სავარაუდო ზიანის მიყენების შესახებ ცნობილი იყო 2011 წლის 21 მაისს (როდესაც მოხდა მისი ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვა), ხოლო, სარჩელი აღძრული იყო 2014 წლის 26 ივნისს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 283 744 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2005 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, 2005 წლის 24 აგვისტოს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი.ს–ე“. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ........... ქ#22/18-ში და ........... ქ#22-ში მდებარე 543კვ.მ და 224 კვ.მ ნაკვეთებზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ზ.ა–ძე, ბ.თ–ძე, მ.შ–ი, რ.ქ–ძე, პ.უ–ძე. ამხანაგობაში ი.შ–სა და მ.შ–ის შენატანს წარმოადგენდა მათი კუთვნილი, ქ.თბილისში, ........... ქუჩა #22/18-ში მდებარე 543 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 144კვ.მ შენობა-ნაგებობა; ბ.თ–ძის შენატანს - ქ.თბილისში, ........... ქ#22-ში მდებარე 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი 4717 კვ.მ შენობა-ნაგებობით. ამხანაგობისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირებმა შეაფასეს 150 000 ლარად. დადგინდა, რომ სხვა წევრებს ამხანაგობაში შენატანი უნდა შეეტანათ ფულადი და/ან არაფულადი შესატანების სახით. ამხანაგობის წევრთა შენატანი მისი დაფუძნებიდან 2006 წლის ჩათვლით ჯამში 2 755 418 აშშ დოლარს შეადგენდა (სარჩელის აღძვრის დროისთვის _ 4 849 536 ლარს);
1.2.2. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე, გამგეობის სხვა წევრებთან შეთანხმებით, ახორციელებდა იმავე საქმიანობას, რასაც ამხანაგობის გამგეობა, ამასთან, გამგეობის თავმჯდომარეს გააჩნდა ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ, იგი უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად წარმოედგინა ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირთან, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სახელით ხსნიდა ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში და უფლებამოსილი იყო მათ განკარგვაზე, ხელს აწერდა ნებისმიერ გარიგებას ამხანაგობის სახელით, ხოლო, იმ საკითხებთან მიმართებით, რაც განეკუთვნებოდა დამფუძნებელ წევრთა კრებისა და წევრთა საერთო კრების კომპეტენციას, გამგეობის თავმჯდომარე საჭიროებდა ამ ორგანოთა თანხმობას;
1.2.3. ამხანაგობის გამგეობის 2005 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (გამგეობის #1 სხდომის ოქმი) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დეველოპერულ კომპანია შპს „ვ–თან“ დასადებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაევალა ამხანაგობის თავმჯდომარეს - მოპასუხეს;
1.2.4. 2006 წლის 18 მაისს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ („შემკვეთი“) და შპს „ბ-ჯ–ფი“ („მენარდე“) შორის გაფორმდა ნარდობის გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობის მიზნის მისაღწევად _ ქ.თბილისში, ........... ქუჩა #18-ში, #22/18-სა და #22-ში შენობა-ნაგებობის ასაშენებლად. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე შემკვეთის მიერ ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ამხანაგობის წევრებისაგან მიღებული თანხა მენარდესათვის გადაეცა ეტაპობრივად, მხარეებს შორის დამატებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
1.2.5. დამფუძნებელ წევრთა 2010 წლის 28 აპრილის კრების გადაწყვეტილებით (დღის წესრიგი: ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა) უფლებამოსილება შეუწყდა თავმჯდომარეს და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ.შ–ი;
1.2.6. წევრთა საერთო კრების 2011 წლის 21 მაისის #2 ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა ინიციატივით ამხანაგობიდან გაირიცხა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ზ.ა–ძე;
1.2.7. შპს „ა–ის“ 2014 წლის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ........... ქუჩა #18-ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეულია 2 565 792,41 ლარის ღირებულების სამუშაო;
1.2.8. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2014 წლის 26 ივნისს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის საფუძველზე, მოპასუხის შედავებაზე, ასევე, ქვემდგომი სასამართლოს შეფასებასა და საკასაციო პრეტენზიაზე: სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების განხორციელებისას ამხანაგობისათვის მიყენებული ქონებრივი დანაკლისის დაკისრება. ზიანს მოსარჩელე უკავშირებს ამხანაგობის მიერ შენატანის სახით მიღებულ და მიზნის მიღწევაზე გაწეულ თანხებს შორის სხვაობას. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნას დაუპირისპირა მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, აღნიშნული სააპელაციო პალატის მხრიდან გაზიარებულ იქნა და დადგინდა მოთხოვნის ხანდაზმულობა, რაც მოპასუხეს, სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის იძულებით განხორციელებაზე უარის თქმის უფლებას აძლევდა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ ამხანაგობის სახელით დადო ნარდობის ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, რომელიც ამხანაგობის მიზნის მიღწევას ითვალისწინებდა და სწორედ ამ ხელშეკრულების შესრულებაზე გაწეული თანხისა და უკვე განხორციელებული შენატანის სხვაობა იყო დავის საგანი, მოთხოვნა სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო. თავის მხრივ, რადგანაც ქონებრივი დისბალანსი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა და არ უკავშირდებოდა ნარდობის პროდუქტის ნაკლს, გამოიყენებოდა არა სპეციალური, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ვადა. სააპელაციო პალატამ ვადის დენის დასაწყისი დაუკავშირა 2010 წლის 28 აპრილის სხდომას, რომელ სხდომაზეც სწორედ ამხანაგობისათვის ზიანის მიყენების გამო შეუწყდა უფლებამოსილება მოპასუხეს. ვინაიდან სარჩელი აღძრული იყო 2014 წლის 26 ივლისს, პალატამ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. კასატორი ხანდაზმულობასთან მიმართებით ძირითადად ვადის დენის დაწყების საკითხს ედავება და მიიჩნევს, რომ იგი არა ზიანის ფაქტის შეტყობის, არამედ ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო კვლევის შედეგების გაცნობიდან უნდა აითვალოს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ხსენებულს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ამხანაგობას მოთხოვნა ობიექტურად ვალდებულების დარღვევის ფაქტის შეტყობის მომენტიდან წარმოეშვა, რადგანაც მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტიდან გამომდინარე, არ შეიძლება ამ ვადის დენის დასაწყისი კრედიტორის ნებაზე თუ მის ქმედებაზე იყოს დამოკიდებული. ამ დასკვნის საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა, რომელიც მოთხოვნის წარმოშობას ობიექტურ ფაქტორს უკავშირებს. საპირისპირო ვითარებაში კი, თუ სასამართლო გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, იგი მაინც ვერ იქონიებს გავლენას ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებაზე, რამდენადაც, ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. საკასაციო პალატა მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოთხოვნის საფუძვლად ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზე, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის საკითხს საკასაციო პალატა არ მიუბრუნდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის _ 1 800 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა დაზუსტებულ საკასაციო საჩვარს დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გზავნილი და 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენის ასლი, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართლებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე და კასატორს უბრუნებს მას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა „ი.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ამხანაგობა „ი.ს–ეს“ (ს/კ #2 .....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის 30%-ის _ 1 800 ლარის გადახდა.
3. კასატორს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გზავნილისა და 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენის ასლი 8 (რვა) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი