საქმე №ას-7-2019 6 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მისი შემდგომი გასხვისების აკრძალვა
დავის საგანი – საკომლო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების მიკუთვნება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოეაშია ნ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი გ.ტ–ძის მიმართ საკომლო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ტ–ძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, კერძოდ, გ.ტ–ძისათვის ხარაგაულის სოფელ ...... მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციისა და მისი შემდგომი განკარგვის უფლების აკრძალვა. განმცხადებლის განმარტებით, გ.ტ–ძეს მიმართული აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუკი მარეგისტრირებელი ორგანო დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, მოპასუხე შეძლებს ქონების გასხვისებას და განსახილველი დავა დაკარგავს აზრს.
საკასაციო პალატა გაეცნო შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
განსახილველი ნორმა შეიცავს იმ ელემენტებს, რომელთა არსებობა განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიზანია დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ქონების შენარჩუნება, თუმცა, როგორც განცხადების შინაარსის, ისე - წარმოდგენილი დოკუმენტების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატას არ უყალიბდება შინაგანი რწმენა იმისა, რომ არსებობს მოპასუხისათვის გარკვეული შეზღუდვის დაწესების წინაპირობები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, მას არ გააჩნია საკადასტრო კოდი და არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, გარდა ამისა, საკუთრების უფლება მოპასუხეს დარეგისტრირებული არ აქვს და არც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაა ცნობილი საკასაციო სასამართლოსათვის, ასეთ ვითარებაში კი, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით არ იკვეთება იმის საშიშროება, რომ მოპასუხე გაასხვისებს ქონებას და არსებობს დავის საგნის დაცვის წინაპირობები, რის გამოც, გაუმართლებელია განმცხადებლის შიში ქონების შესაძლო გასვისების თაობაზე. აქედან გამომდინარე არ არსებობს სასამართლოს მხრიდან დავის საგნის პრევენციული დაცვის რაიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 194-ე (5), 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ტ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ.ტ–ძისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მისი შემდგომი გასხვისების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. განემარტოს განმცხადებელს, რომ სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი