Facebook Twitter

საქმე №ას-1048-2020

23 მარტი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები ი. ო–ი, ი. ო–ი, ი. ო–ი და ც.ჩ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე ქ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.დ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ო–ის, ი. ო–ის, ი. ო–ისა და ც.ჩ–ის მიმართ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ.დ–ის სარჩელი მოპასუხეების - ი. ო–ის, ი. ო–ის, ი. ო–ისა და ც.ჩ–ის მიმართ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეები - ი. ო–ი, ი. ო–ი, ი. ო–ი და ც.ჩ–ი ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის - ც.გ–ის კუთვნილ უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., ბინა 15, ს/კ ........., მესაკუთრეებად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე ქვეპუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუქნტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი. ო–ს, ი. ო–ს, ი. ო–სა და ც.ჩ–ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 17 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ო–ის, ი. ო–ის, ი. ო–ისა და ც.ჩ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრისა და 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებები კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქმეში მითითებულ მისამართზე. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო ბარათებიდან ირკვევა, რომ თითოეულმა კასატორმა 2020 წლის 29 დეკემბერს უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ადრესატის უარი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე ითვლება ჩაბარებად. ვინაიდან კასატორებმა 2020 წლის 29 დეკემბერს უარი განაცხადეს სასამართლო კორესპონდეციის ჩაბარებაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ მათ გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაეთვალოდ 2020 წლის 29 დეკემებრს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 30 დეკემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 3 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 3 იანვარი იყო კვირა არასამუშაო დღე და მომდევნო დღეებიც ითვლებოდა არასამუშაო დღეებად, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2021 წლის 18 იანვარს, პირველ მომდევნო სამუშაო დღეს.

კასატორები ვალდებულნი იყვნენ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსოთ 2021 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი. ო–ის, ი. ო–ის, ი. ო–ისა და ც.ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე