Facebook Twitter

საქმე №ა-1510-გან-1-2021 13 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს "N."

განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება

დავის საგანი - ქონების საკუთრებაში გადაცემა, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში ვალდებულების ჩანაწერის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „N“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, მენარდე ან განმცხადებელი) სარჩელი, ლ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან შემკვეთი) მიმართ, ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. შემკვეთს დაევალა, მენარდეს საკუთრებაში გადასცეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ...., ს.კ. .....) აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 75,49 კვ.მ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 სართულები სრულად, ასევე, მე-6 - მე-7 სართულების საცხოვრებელი ფართებიდან 2/3 ის პროპორციული ფართი, მიწის სართულზე მდებარე ა/სადგომების 2/3 პროპორციული ოდენობა;

2. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი, კომპანიის მიმართ, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში ვალდებულების ჩანაწერის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2.1. გაუქმდა მოპასუხის საკუთრებაში ქ. თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ......) არსებულ უძრავ ქონებაზე ვალდებულების შესახებ არსებული ჩანაწერი;

2.2. შპს-ას, მესაკუთრის სასარგებლოდ, 34 356,88 ლარის გადახდა დაეკისრა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის სვეტებისა და საძირკვლის ფილის გაძლიერების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით;

2.3. მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, 149 893,20 ლარის გადახდა დაეკისრა ქ. თბილისში, გაგარინის ქ. №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მერვე და მეცხრე სართულებზე მესაკუთრის კუთვნილი ფართის სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით;

2.4. მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, 50 983,46 ლარის გადახდა დაეკისრა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის პროექტით გათვალისწინებული ექსპლუატაციაში მისაღებ კონდიციამდე მისაყვანი, დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით;

2.5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის 235 233,54 ლარის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს 2012 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სახით შპს-ისათვის გადასაცემი პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 44.04 კვ.მ. ფართის გაქვითვითა და შემკვეთის საკუთრებაში დარჩენით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით მენარდისა და შემკვეთის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტულება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით შემკვეთის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.5 პუნქტი, რომლის საფუძველზეც, "ლ.კ–ძისათვის 235 233,54 ლარის ანაზღაურება განხორციელდეს 2012 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სახით შპს „N“-ისთვის გადასაცემი პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 44.04 კვ.მ. ფართის გაქვითვითა და ლ.კ–ძის საკუთრებაში დარჩენით" და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელი.

5. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა, 2021 წლის 26 მარტს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა განმარტება საკითხისა შესულია თუ არა კანონიერ ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

7. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

9. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.

10. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით დგება, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლოს განჩინება აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შესაბამისად სამოქალაქო საქმე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

11.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის განჩინება კანონიერ ძალაში 2020 წლის 10 აპრილს შევიდა. ამ განჩინების თანახმად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.5 პუნქტი და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად; ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად. სსსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის საკასაციო საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხოლოდ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.5 პუნქტის უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდა, სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად, ე.ი. სხვა ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" პუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის 2.5 პუნქტის გარდა, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტიც.

12. საკასაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებით განმარტავს, იქედან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.5 პუნქტით დადგენილი საკითხის გადასაწყვეტად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის თანახმად შემკვეთს დაევალა, მენარდეს საკუთრებაში გადასცეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, გაგარინის №9, ს.კ. .....) აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 75,49 კვ.მ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 სართულები სრულად, ასევე, მე-6 - მე-7 სართულების საცხოვრებელი ფართებიდან 2/3 ის პროპორციული ფართი, ხოლო 2.5 პუნქტის თანახმად - შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის 235 233,54 ლარის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს 2012 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სახით შპს-ისათვის გადასაცემი პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 44.04 კვ.მ. ფართის გაქვითვითა და შემკვეთის საკუთრებაში დარჩენით. იქედან გამომდინარე, რომ 2.5 პუნქტი შეეხება შპს-ისათვის გადასაცემ პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 44.04 კვ.მ. ფართს და 1.1 პუნქტი შეეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 75,49 კვ.მ-ს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის, ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ ნაწილში, გადაწყვეტამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი მენარდისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის 50%-დან 75,49 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ვერ აღსრულდება. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით მკაფიოდ განისაზღვრა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში დამატებით გამოსაკვლევი ფარგლები (იხ. დასახელებული გადაწყვეტილების 25-27 პუნქტები), რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 ქვეპუნქტს, ის შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა, მისი დამოუკიდებლად აღსრულება ვერ მოხდება, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით გამოსაკვლევი ნაწილი, კერძოდ, მხარეთა შორის 2012 წლის 20 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები (კონკრეტული მუხლების შინაარსი) შესასწავლი და დასადგენია, რაც უკავშირდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ მის აღსრულებას. წინამდებარე მოტივაციით უარყოფილია განმცხადებლის მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "N"-ის განცხადება, განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე