Facebook Twitter

საქმე №ას-1215-2020 22 იანვარი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ–ო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით რ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ო.კ–ოს წინააღმდეგ, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 369-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელსაც განემარტა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება შედგებოდა 2020 წლის 15 ივნისს 16:00 საათზე (ტ. 2, ს/ფ 74-81).

5. სსსკ-ის 2591-ე, მე-60.2, 61.3-ე მუხლების შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 16 ივლისს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2020 წლის 29 ივლისს. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2020 წლის 13 აგვისტოს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ტ. 2, ს.ფ. 114). საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარებული აქვს 30-დღიანი ვადის დარღვევით 2020 წლის 4 აგვისტოს, რაც არ იყო გამოწვეული სასამართლოს ბრალეულობით. სსსკ-ის 59-ე, 61.3-ე, 63-ე მუხლების თანახმად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

6. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და საქმის ხელახლა განხილვა ითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია, როცა მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით ესაუბრებოდა, პასუხობდნენ, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზღუდავს მას. სააპელაციო სასამართლომ თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპები დაარღვია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოსარჩელე (აპელანტი)_ პირადად და არც მისი წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ტ. 1, ს. ფ 37-38, ტ. 2, ს/ფ 85-86), თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის (იხ. სასამართლო უწყება/ხელწერილი, ტ. 2, ს. ფ. 83).

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში.

13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანამხად მოსარჩელისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, რაც 2020 წლის 16 ივნისს დაიწყო და 14 დღეში, 2020 წლის 29 ივლისს ამოიწურა.

14. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2020 წლის 29 ივლისს (ოთხშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 13 აგვისტოს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ამასთან, არ ჩაჰბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან მიმართა საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩააბარა. მოპასუხის მიერ საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონის დაცვით გამოთვალა სააპელაციო სასამართლომ.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

17. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).

18. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.გ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე