Facebook Twitter

საქმე №ას-1249-2020 13 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – უ.ო–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება (სარჩელით), ქორწინების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით უ.ო–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე), მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ, ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 მარტის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 482 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

4. აპელანტის წარმომადგენელმა, 2020 წლის 15 ივნისს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 20 დღით გაგრძელება ითხოვა, რადგან მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

6. აპელანტის წარმომადგენელმა, 2020 წლის 16 აგვისტოს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 2020 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელება ითხოვა, რადგან აპელანტი თურქეთის მოქალაქეა და იგი მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში ჩამოსვლასა და ხარვეზის გამოსწორებას ვერ ასწრებს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 აგვისტოს განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

8. აპელანტის წარმომადგენელმა, 2020 წლის 28 სექტემბერს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 2020 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელება ითხოვა, რადგან აპელანტი თურქეთის მოქალაქეა და იგი მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში ჩამოსვლასა და ხარვეზის გამოსწორებას ვერ ასწრებს. აპელანტის წარმომადგენელმა, ასევე, ალტერნატიული მოთხოვნა დააყენა, განხილულ იქნეს სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადდეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე, 74-ე, მე-60 მუხლების თანახმად აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2020 წლის 23 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 5 ოქტომბერს ამოიწურა. ამ ვადაში აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით და ვადის გაგრძელება მესამედ ითხოვა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის ქმედებები საქმის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად აპელანტის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელი არ იყო, მას ჰყავდა წარმომადგენელი, ხოლო ანგარისშსწორება ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელი არ უთითებდა სხვა რაიმე გარემოებას ბაჟის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 48-ე, 102-ე მუხლები).

11. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა აპელანტისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა, რადგან სასამართლოს ამოცანაა, არ შეილახოს არც ერთი მხარის ინტერესი და დაცული იქნეს მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპი; სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტი არ ცდილობს საქმის გაჭიანურებას და სააპელაციო სასამართლოს ვარაუდიც უსაფუძვლოა, რადგან აპელანტს არავითარი ვალდებულება არ აქვს შესასრულებელი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, შესაბამისად მას არ აქვს საქმის გაჭიანურების მოტივი.

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, რამაც შეფერხებები გამოიწვია, მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, დაკარგა შემოსავალი და იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებით განსაზღვრული მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

19. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის, 2020 წლის 23 ივნისის, 2020 წლის 17 აგვისტოს განჩინებებით აპელანტს ევალებოდა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გამოესწორებინა. მოსარჩელემ, რომელმაც სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 28 თებერვალს წარადგინა, 2020 წლის 28 სექტემბერს, კიდევ ერთხელ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული ვადის გაგრძელება და მსოფლიოში არსებულ გლობალურ კრიზისზე მიუთითა. სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენამდე გასულია ექვს თვეზე მეტი, ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილია არაერთი განცხადება, თუმცა, არცერთ მათგანს არ ერთვის აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს, სასამართლომ საკმარისად გონივრული ვადა არაერთხელ განუსაზღვრა განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და კვლავაც შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ვადის გაგრძელების ან სახელმწიფო ბაჟის, საქმის დასრულებამდე, გადავადების მოთხოვნით, მისი განცხადების მოტივაცია არ იქნა გაზიარებული და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, რადგან აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოსათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები წარედგინა, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი სააპელაციო საჩივარზე, უკვე 6 თვის მანძილზე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ხარვეზის გამოსწორება.

21. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შეად.სუსგ #ას-1397-2019, 21.11.2019 წ.).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (შეად. სუსგ №ას-1324-2018, 16.11.2018წ.).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის არსებობის გამო ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვის ფაქტს მტკიცება არ სჭირდება, განმარტავს, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2020 წელს მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, თუმცა ის, რომ პირმა სამსახური დაკარგა ან შემოსავალი არ აქვს, კანონით დადგენილ პრეზუმფციათა რიგს არ განეკუთვნება და მტკიცებას საჭიროებს.

25. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს არ დაუცავს არც სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული წესები და არც კანონით დეკლარირებული წინაპირობა ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტის ქცევა საპროცესო ვადის უსასრულოდ გაგრძელების შესახებ შუამდგომლობების წარდგენის თაობაზე სცდებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, რის გამოც, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი (შეად. სუსგ #ას-877-819-2017, 11.10.2017 წ.).

26. დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (შეად. სუსგ №ას-1238-1178-2014, 30.01.2015წ.). აპელანტს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. მისი მოთხოვნით საპროცესო ვადა არაერთხელ გაგრძელდა, შესაბამისად, ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ.ო–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე