გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-92-62-კს-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 27 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს შეამდგომლობით მიმართა წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” ხელმძღვანელმა სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული აქტების _ ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 27 იანვრის შემოწმების აქტი. ამ აქტის საფუძველზე გამოცემული ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გირავნობასთან დაკავშირებული 2002წ. 26 თებერვლის ¹99 შეტყობინებისა და ამავე ინსპექციის 2003წ. 7 თებერვლის ¹19-ე და ¹20-ე საინკასო დავალებების ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად შეჩერების შესახებ, ასევე ითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საგადასახადო ორგანოების და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის დავალდებულება არ განათავსონ წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშზე ახალი საინკასო დავალებები და არ მიიღონ ახალი ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც დააბრკოლებენ წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” საქმიანობას იმ მოტივით, რომ:
ა) არსებობდა დასაბუთებული ეჭვი ამ ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე;
ბ) ამ აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებდა წარმომადგენლობას;
გ) გადაუდებელი აღსრულება შეუძლებელს გახდიდა წარმომადგენლობის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
შუამდგომლობის ავტორის აზრით, მათთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა სამივე შემთხვევას და ისინი წარმოადგენდნენ სადავო ადმინისტრაციული აქტების შეჩერების საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 მარტის განჩინებით წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” ხელმძღვანელის შუამდგომლობას მთლიანად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31.1 მუხლის დათქმაში _ “თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე”, კანონმდებელი მოიაზრებს იმ შემთხვევას, როდესაც გასაჩივრებული აქტის კანონთან შეუსაბამობის ალბათობა ძალიან მაღალია, ანუ აქტი აშკარად არ შეესაბამება იმ კანონს, რომლის საფუძველზეც იგი იქნა მიღებული, ხოლო შუამდგომლობაზე თანდართული მასალები, კერძოდ 2003წ. 27 ივნისის შემოწმების აქტი და საინკასო დავალებები არ იძლევიან მათი კანონიერების თაობაზე დასაბუთებული ეჭვის შექმნის საფუძველს და შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების შეჩერებისა.
სასამართლო კოლეგიამ ასევე ჩათვალა, რომ არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 2003წ. 27 იანვრის შემოწმების აქტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისა და საგზაო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურისათვის წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” საბანკო ანგარიშებზე ახალი საინკასო დავალებების განთავსების აკრძალვისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღების საფუძველი, რომლებიც დააბრკოლებენ წარმომადგენლობის საქმიანობას.
სასამართლო კოლეგიის განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” ხელმძღვანელმა ს. ნ-ემ და ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 მარტის განჩინების გაუქმება და მათ მიერ შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში 2003წ. 5 მაისის განჩინებით წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” კერძო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის და 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში საჩივარი დაუშვებლად იქნებოდა მიჩნეული და განსახილველად გადაიგზავნებოდა ზემდგომ სასამართლოში.
სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 10 ივნისის განჩინებით იმ მიტოვით, რომ კერძო საჩივრის შემომტანმა პირმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” კერძო საჩივრი დაუშვებლად მიიჩნია და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბერს განცხადებით მომართა წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” დირექტორმა დ. ლ-ემ, რომელმაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 20 ივნისს “ბ. მ. ე. ს.” მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და სასამართლოს მიერ 2003წ. 25 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” დირექტორის განცხადებას კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე კერძო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 მარტის, 2003წ. 5 მაისის და 2003წ. 10 ივნისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი, ხოლო მესამე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმნისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ს მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან კონკრეტულ საქმეში კერძო საჩივრის ავტორი, წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, პალატა არ იმსჯელებს ამ უკანასკნელის კერძო საჩივარზე უარის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.
სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ანალოგიის საფუძველზე (სსკ-ს მე-7 მუხლი) გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. შესაბამისად, წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” კერძო საჩივარზე მათი განცხადების საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. წარმომადგენლობა “ბ. მ. ე. ს.” დირექტორის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს და მოცემულ კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 მარტის, 2003წ. 5 მაისისა და 2003წ. 10 ივნისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენესი სასამართლოს განჩინება მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.