საქმე №ას-1448-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე წლის 11 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იძულებით განაცდურის აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ბ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი), დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის უსაფრთხოების სამსახურის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ან კასატორი) საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურედ - დაცვის თანამდებობაზე.
2. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის #2-16 გადაწყვეტილების მე-3 დანართის 34-ე პუნქტის თანახმად დაცვის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო შეადგენს დარიცხულ 765 ლარს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 ოქტომბრის #1158 ბრძანებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 სექტემბრის ინფორმაციით მოსარჩელის დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა დარიცხულ 765 ლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ 157; ტომი 3, ს.ფ 22-25)
3. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხის შემოწმებისას, 2014 წლის 29 ოქტომბერს, გამოვლინდა დისციპლინის დარღვევის ფაქტი - დასაცავ ობიექტზე, 9 აპრილის პარკში, 07:45 საათზე დასაცავ საგუშაგოზე დასაქმებულს ეძინა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ ობიექტების დაცვის ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დაცვის თანამშრომლის დასვენების დრო, 24 საათიანი გრაფიკის შემთხვევაში, განისაზღვრება სამი საათით და მას შეუძლია დაიძინოს 11 საათიდან 02:00 საათამდე (ტ. 1, ს. ფ. 158).
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის, 2014 წლის 9 დეკემქრის დასკვნის თანახმად, დასაქმებულმა უხეშად დაარღვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ ობიექტების დაცვის ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად (დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს (ტ 1, ს.ფ 166).
5. დამსაქმებელმა 2014 წლის 22 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან (ტ. 1, ს. ფ. 158).
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. დასაქმებულმა, 2015 წლის 20 იანვარს, სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, კუთვნილი ხელფასისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემოწმების დროს გამოვლენილმა ფაქტმა (დაცვის თანამშრომელს ეძინა) შექმნა დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროება.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სშკ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა (დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
10.1.1 ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 დეკემბრის N2421 ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
10.1.2 მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე - დაცვის თანამდებობაზე;
10.1.3 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
10.1.4 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის დეკემბრის ხელფასის სრულად ანაზღაურება, 2014 წლის 22 დეკემბრის N2421 ბრძანების მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობის დღის ჩათვლით;
10.1.5 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების თანხის - 30 დღის თანამდებობრივი სარგო;
10.1.6 გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
10.1.7 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2400 ლარის გადახდა დაეკისრა.
10.2. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2014 წლის 22 დეკემბრის N2421 ბრძანება, აღიარებულ იქნა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ერთი წლის ვადით (10/10/2014 -10/10/2015წ) დადებულ შრომით ხელშეკრულებად; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და 2014 წლის გამოუყენებლი შვებულების ნატურით ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
11.2. საკასაციო სასამართლომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საჭირო იყო მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, უნდა დადგენილიყო დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და გათავისუფლების დროისათვის ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12.2.1 მხარეებს შორის გაფორმებული ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში და ხელშეკრულებით განსაზღვრული განსაზღვრული შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით (დარიცხული 765 ლარი), მოსარჩელე შრომის ანაზღაურების სახით მიიღებდა დარიცხულ 9180 ლარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების შემდეგ, მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 3 თვის შრომის ანაზღაურება - 2295 ლარი; მოსარჩელეს მიღებული აქვს 2014 წლის 10 ოქტომბრიდან 2014 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდის ხელფასი 1836 ლარი.
12.3. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის (იმ დროისთვის მოქმედი რედაქციის) 44-ე „შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა არამართლზომიერად, შესაბამისად აპელანტის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, განხილულ უნდა იქნეს როგორც დამსაქმებლის მიერ მიყენებული ზიანი.
12.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლეზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულს 10/10/2014-10/10/2015წ. პერიოდში მისაღები აქვს 5049 ლარი, რაცშრომითი ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტის გამო იძულებითი განაცდურის სახით ასანაზღაურებელ თანხას შეადგენს.
12.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ. სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისთვის, ჯამში - 605.88 ლარის და დამატებითი ხარჯის - 12 ლარის გადახდა დაეკისრა.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებუ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. კასატორმა ამავე საქმეზე მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებაც მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობა დამსაქმებელს ავალდებულებს გათავისუფლებული პირის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენსა და კომპენსაციის გადახდას არა კუმულაციურად, არამედ ალტერნატიულად.
13.3. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის 2018 წლის 3 ივლისის Nბ01.011818428 ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში. შესაბამისად, სშკ-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა მოპასუხის მიერ უკვე შესრულებულია და არ არსებობს იძულებითი განაცდურის სახით თანხის დაკისრების საფუძველი. ასევე, არ არსებობს ადვოკატის და დამატებითი ხარჯების დამსაქმებლისთვის დაკისრების საფუძველი.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავო საკითხი კომპენსაციის დაკისრების მართებულობას შეეხება.
21. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებელმა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ამჟამად მოქმედი ორგანული კანონის რედაქციის 48.8 მუხლი), თანახმად, 2018 წლის 3 ივლისის Nბ01.011818428 ბრძანებით, მოსარჩელე აღადგინა სამსახურში. სშკ-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა მოპასუხის მიერ უკვე შესრულებულია და არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი.
22. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ახალი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
23. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია, მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული მოწესრიგებით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაქმებლის სამსახურში აღდგენას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენასი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა: ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2014 წლის 22 დეკემბრის N2421 ბრძანება; აღიარებულ იქნა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ერთი წლის 10/10/2014-10/10/2015წ. ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებად; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
25. ვინაიდან დავის განხილვის დროისათვის გასულია შრომითი ურთიერთობის სახელშეკრულებო ვადა და დასაქმებულის სამსახურში აღდგენა ვერ განხორციელდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლის მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს გამოცემული N2421 ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ, არამართლზომიერად იქნა ცნობილი, ამის თანმდევი შედეგია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრება, რა ნაწილშიც სავსებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ.
26. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
27. კასატორის პრეტენზია ადვოკატის მომსახურების და დამატებითი ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საკითხსაც შეეხება.
28 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. „საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც“ (იხ. სუსგ N ას- 1161-1116-2016, 12.10.2017წ).
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესს სსსკ-ის 53-ე მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად ,,იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“.
30. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“) (იხ. სუსგ №ას -1092-2020, 22 იანვარი, 2021 წელი).
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის სახელზე სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, ამ უკანსაკნელს, მოსარჩელემ მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა მოსარჩელის წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, აღნიშნული კი მიუთითებს მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ფორმათავისუფალი გარიგებაა და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე – ზეპირი ფორმით. იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (იხ. სსსკ-ის 53.1-ე მხული).
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მიერ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს;
33. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სანოტარო წესით მინდობილობის გასაცემად ერთჯერადად გაღებულია 12 ლარის ოდენობით სასამართლოსგარეშე ხარჯი (ტ.1, ს/ფ 142-143).
34. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხისთვის სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისთვის - 605.88 ლარის და დამატებითი ხარჯის - 12 ლარის დაკისრება დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე გონივრული და სამართლიანია, შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე