Facebook Twitter

საქმე №ას-1516-2019 26 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრები: მ.შ–ი, ა.თ–ძე, ხ.თ–ძე, ძ.ს–ი, ს.მ–ნი, პ.უ–ძე, მ.ტ–ძე, ი.შ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. „ი.ს–ეს“ დაფუძნების შესახებ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, 2005 წლის 24 აგვისტოს, გაფორმდა.

2. ხელშეკრულების თანახმად დადგენილია, რომ ზ.ა–ძემ, მ.შ–მა, როგორც ი.შ–ის წარმომადგენელმა, ა.თ–ძემ, როგორც ბ.თ–ძის წარმომადგენელმა, მ.გ–ძემ, ო.მ–მა, კ.ა–მა, ე.ბ–ძემ, ძ.ს–მა, ს.მ–ნმა, ლ.ჩ–ძემ, პ.უ–ძემ, მ.ტ–ძემ, კ.ლ–ძემ, თ.ლ–ძემ, ი.ხ–მა დააფუძნეს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა (შემდეგში:ამხანაგობა) ”ი.ს–ე”.

3. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ....... ქ. №22/18-ში და ....... ქუჩა №22-ში მდებარე 543 და 224 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, სულ 767 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ფართების, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების, მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა (იხ. ტ. I, ს.ფ. 24-39).

4. მ.კ–ძესა (მოსარჩელე) და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ე “-ის თავმჯდომარეს, ზ.ა–ძეს შორის, 2007 წლის 30 იანვარს, გაფორმდა ხელშეკრულება №12, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი.ს–ე ’’-ის წევრობის შესახებ.

5. ხელშეკრულების გაფორმების დროს ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ზ.ა–ძე, ხოლო შემდეგ არჩეულ იქნა მ.შ–ი (იხ. ტ. I, ს.ფ. 40-42).

6. 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მ.კ–ძესა და ამხანაგობა ”ი.ს–ეს” შორის.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს - ამხანაგობა ,,ი.ს–ეს’’ და მის წევრებს - ა.თ–ძეს, ხ.თ–ძეს, მ.გ–ძეს, ო.მ–ს, კ.ა–ს, ე.ბ–ძეს, ძ.ს–ს, ს.მ–ნს, ლ.ჩ–ძეს, პ.უ–ძეს, მ.ტ–ძეს, კ.ლ–ძეს, თ.ლ–ძეს, ი.ხ–ს, ზ.ა–ძეს, ი.შ–ს და მ.შ–ს, მოსარჩელე მ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრათ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ანაზღაურება.

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 352-ე, 405-ე, 463-ე, 464-ე, 930-ე, 937-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ამხანაგობა „ი.ს–ეს“ ჩვეულებრივი წევრია, შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობა ამხანაგობის მარეგულირებელი ნორმებით წესრიგდება და არა - ნარდობის მომწესრიგებელი ნორმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, ამხანაგობიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს ამხანაგობის წევრებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა არეგულირებს.

8.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 930-ე, 463-ე მუხლებსა და 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 2.2 პუნქტზე მიუთითა, რომლის თანახმად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება წილობრივი მონაწილეობისათვის წევრისათვის საკუთრებაში გადაეცა შენობის პირველ სადარბაზოში, მე-6 სართულზე პროექტით გათვალისწინებული 91.5 კვ.მ (საერთო ფართი - 81 კვ.მ; საზაფხულო ფართი - 10.5 კვ.მ) ფართობის ბინა. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, ამხანაგობაში წილობრივი მონაწილეობისთვის და ობიექტის საკუთრებაში მისაღებად წევრს უნდა გადაეხადა ამხანაგობაში საწევრო შენატანი, რომლის ოდენობა და გადახდის გრაფიკი მხარეებს შორის შეთანხმდა დამატებითი წერილობითი ფორმით და დანართის სახით დაერთო ხელშეკრულებას. მოსარჩელეს დაუდგინდა თანხის გადახდის გრაფიკი. გადასახდელი თანხა მთლიანად 34 580 აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტს შეადგენდა ლარებში.

8.4. მოსარჩელემ პირველადი შენატანი - 5 000 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში, 2007 წლის 30 იანვარს, გადაიხადა. ბოლო შენატანი - 8 780 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში, მოსარჩელეს 2008 წლის 30 დეკემბერს უნდა გადაეხადა. პირველი შენატანის შემდეგ მოსარჩელეს შემდგომი შენატანები არ განუხორციელებია. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე მიზეზით, რომელიც გამოწვეული არ არის წევრის მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით, ამხანაგობა დროზე ადრე დაარღვევს ამ ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია, წევრის სურვილის შემთხვევაში, დაუბრუნოს უკვე გადახდილი თანხა და დამატებით პირგასამტეხლო- გადახდილი თანხის 10%. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2008 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე (2008 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით; იხ. ტ. I, ს.ფ. 19-23). შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობა ვალდებულია ამხანაგობის წევრს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, გადასცეს ამხანაგობის წევრობა და მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები. თავის მხრივ, კი ამხანაგობის წევრი ვალდებულია, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შეიტანოს ამხანაგობაში 34 580 აშშ დოლარი.

8.5. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად დადებული გარიგების დებულებათა შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრია. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ი ამხანაგობის ე.წ. „დამფუძნებელ“ და „ჩვეულებრივ“ წევრებს ერთმანეთისაგან არ განასხვავებს. ამხანაგობის მარეგულირებელი ნორმები ამხანაგობის წევრებისათვის ერთიან მოწესრიგებას აწესებს. მით უფრო მაშინ, როდესაც ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები ცალსახად და არაერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივ მოქმედებაზე, ასევე - ყველა იმ თავისებურებაზე, რომელიც, სწორედ ამხანაგობის ხელშეკრულებისათვისაა დამახასიათებელი, მაგალითად: წილის შეძენა, შენატანის განხორციელების ვალდებულება, წილის თავისუფალი განკარგვის შეზღუდვა და. ა. შ.

8.6. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამხანაგობის წევრის ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც, რა თქმა უნდა, დასაშვებია ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვითდა ამხანაგობაში, ფულადი შენატანის განხორციელების სანაცვლოდ, უფლებების გადაცემისა და საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 2.2 პუნქტიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ამხანაგობაში შეძენილი წილის შესაბამისი ფართი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადასცემია, რითაც მისი უფლება არსებითად დაირღვა. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს ამხანაგობისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესების აუცილებლობა. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის უფლება, ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე, საფუძვლიანია.

8.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 937-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულია და ამ პასუხისმგებლობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებულია ერთი თუ ყველა მათგანის ბრალეული ქმედებით.

8.8. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 128-ე, 144.1-ე მუხლებზე მითითებით სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძირითად ვალდებულებას მოსარჩელისათვის, როგორც კრედიტორისათვის, საცხოვრებელი სახლის გადაცემის მოთხოვნა, ხოლო ამხანაგობა ”ი.ს–ესთვის” მოსარჩელისათვის შეთანხმებული საზღაურის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენდა.

8.9. განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია, რაში მდგომარეობს მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი, ანუ პირველადი ვალდებულების შესრულებაში, რაც, როგორც აღინიშნა, საცხოვრებელი სახლის გადაცემაა, თუ, გამოვლენილია მეორადი ვალდებულება - ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მიიჩნია, რომ გამოკვეთილია სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (სსკ-ის 352-ე, 405.1-ე მუხლები). მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორცილების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს.

8.10. ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე, განსხვავებით მოთხოვნის უფლებებისაგან, არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, არც მისი თანმდევი შედეგი (ნატურით დაბრუნება) ექვემდებარება ხანდაზმულობას.

9. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხეებმა - ამხანაგობის წევრებმა: მ.შ–მა, ა.თ–ძემ, ხ.თ–ძემ, ძ.ს–მა, ს.მ–ნმა, პ.უ–ძემ, მ.ტ–ძემ და ი.შ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

9.2. კასატორთა განმარტებით, სარჩელის შეტანის დროისათვის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო, მიმდინარეობდა მხოლოდ მეოთხე ბლოკის მშენებლობა.

9.3. კასატორებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება გაფორმებულია არა ამხანაგობა „ი.ს–ესთან“, არამედ ამხანაგობა - „ი.ს–ე “-თან, რომლის წარმომადგენელიც ზ.ა–ძე იყო.

9.4. კასატორთა განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

9.5. მოსარჩელე არ არის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრი. 2007 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, მოსარჩელე ამხანაგობა „ი.ს–ესთან“ არ და ვერ დადებდა ხელშეკრულებას, რადგან იმ პერიოდისათვის მას არც ....... #18-ში გააჩნდა მიწის ნაკვეთი და არც რაიმეს აშენებას აპირებდა.

9.6. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება უნდა დასრულებულიყო 2008 წლის დეკემბრის ბოლოს, ხოლო მ.კ–ძემ ვალდებულება დაარღვია 2007 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ანუ აღარ შეიტანა მეორე და დანარჩენი შენატანი, რაც ჯამში 34 580 აშშ დოლარს შეადგენდა, სახელშეკრულებო პირობის დარღვევა მოსარჩელეს უნდა შერაცხვოდა ბრალად და იქნებოდა ერთობლივი საქმიანობა, თუ ნარდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულებიდან გასვლისას, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის ნორმები ორმხრივი ხელშეკრულების დროს ვალდებულების დარღვევისას (სსკ-ის 352-ე, 405-ე, 407-ე მუხლები).

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორთა საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა საკასაციო პრეტენზიებს დაუსაბუთებლად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს, რომლითაც გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, საფუძვლიანად მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:

14.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 352.1 მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) გამომდინარეობს. (შეად.სუსგ-ას N ას-1565-2018, 30.04.2020წ.).

14.2. კასატორთა პრეტენზია სადავო ხელშეკრულების მხარეს უკავშირდება, კერძოდ, მათი მტკიცებით, მოსარჩელემ ხელშეკრულება დადო არა მოპასუხე ამხანაგობასთან, არამედ - სხვა ამხანაგობასთან. აღნიშნული პრეტენზია არ არის გასაზიარებელი, რადგან საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ მ.კ–ძე და ამხანაგობა „ი.ს–ეს“ თავმჯდომარე - ზ.ა–ძე, ხელშეკრულება დამოწმებულია ამხანაგობა „ი.ს–ეს“ ბეჭდით, საიდენტიფიკაციო ნომერი #..... მ.კ–ძის მიერ 5 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში თანხის მიმღებად მითითებულია ამხანაგობა „ი.ს–ე“. შემოსავლების სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ ამხანაგობა „ი.ს–ე 3“, 2015 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, ხოლო მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი ამხანაგობა „ი.ს–ეს“ ეკუთვნის.

14.3. ამხანაგობა „ი.ს–ეს“ შექმნის მიზანი ქ. თბილისში, ....... ქ. 22/18-ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო. მ.კ–ძესთან გაფორმებული ხელშეკრულების საგანი კი ამ მისამართზე მდებარე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში საცხოვრებელი ფართის გადაცემა იყო (სსკ-ის 629-ე მუხლი).

14.4. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა მოპასუხე ამხანაგობასთან ხელშეკრულების დადების ფაქტი, რაც სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ გააბათილეს მოპასუხეებმა.

14.5. საკასაციო სასამართლო მოიხმობს მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებას: მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ხელშეკრულება მხარეებმა დაასათაურეს, როგორც „საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების) შესახებ“ ხელშეკრულება, ის ამხანაგობაში მოსარჩელის მიღების საფუძვლად ვერ მიიჩნევა, რადგან საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას თავისი სპეციფიკა გააჩნია. სსკ-ის 930-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აზუსტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარი წინაპირობაა, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ამხანაგობაში უნდა გაიმიჯნონ ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს, ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით შევიდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა. პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით, ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს (შეად.სუსგ-ებს: Nას-630-597-2014, 28.07.2015წ; N ას-374-351-2014 6.02.2015წ; №ას-866-808-2017, 17.10.2017წ).

14.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში იკისრა ვალდებულება, ერთობლივად ემოქმედა, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, ამხანაგობის მიზნების მისაღწევად და ამ მიზნების მიღწევისას წარმოშობილ ვალდებულებებზე აიღო პასუხისმგებლობა (შეად. სუსგ #ას-1565-2018, 30.04.20 წ.).

14.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებსა და ამხანაგობას შორის წარმოიშვა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) (სსკ-ის 930-ე მუხლი), ხოლო მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის - ნარდობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) სახელშეკრულებო ურთიერთობა (შეად. სუსგ #ას-1565-2018, 30.04.20 წ.).

14.8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „იმისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. როდესაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასითებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება ვლინდება იმაში, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“ (იხ: სუსგ. საქმე Nას-482-458-2013, 16 იანვარი, 2014 წელი).

14.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები http://www.gccc.ge).

14.10. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (შეად.სუსგ-ები Nას-1003-924-2017, 1.12.2017. პ.34. Nას-1166-2019, 06.04.2020).

4.11. ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ ამხანაგობას მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადახდილის უკან დაბრუნების თაობაზე (სსკ-ის 352.1-ე, 405-ე მუხლები). ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი მოპასუხეებს არც ერთი მტკიცებულეით არ დაუდასტურებიათ. აქედან გამომდინარე, საფუძველსაა მოკლებული კასატორთა პრეტენზია მოსარჩელის ბრალით ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე.

4.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოსარჩელეს ხელშეკრულება რომც დაერღვია, ეს მის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმად ვერ მიიჩნეოდა, რამდენადაც ერთ-ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევამ, შესაძლოა, მეორე მხარეს წარმოუშვას ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ამასთან, კასატორის შედავება, რომ ვალდებულებები მოსარჩელემ დაარღვია და არა მან, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლის ნება არ გამოუხატავს, პირიქით, მოსარჩელის მიერ დარჩენილი თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევით. მან ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში საცხოვრებელი კორპუსი ვერ ააშენა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის წინაპირობები.

4.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, არც მისი თანმდევი შედეგი - რესტიტუცია არ ექვემდებარებოდა ხანდაზმულობას (იხ. სუსგ -ები: №ას-38-38-2018, 08.06. 2018 ; №ას-1189-1119-2015, 23.03. 2016 წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). ნატურით დაბრუნების მოთხოვნაზე კი, სსკ-ის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა ვრცელდება (შეად.სუსგ №ას-1209-1169-2016, 12.07. 2017 წ.), რომელიც იწყება ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა დაცულია, რადგან ამ ვადის ათვლა ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის მომენტიდან - 2008 წლიდან იწყება და 2018 წელს მთავრდება, სარჩელი კი აღძრულია 2015 წელს.

4.14.საკასაციო სასამართლო სსკ-ის 463-ე, 464-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მის მიერ გადახდილი 5 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებაზე ვალდებული პირები არიან ამხანაგობის წევრები, მოპასუხეები სოლიდარულად.

15. კასატორთა არც ერთი პრეტენზია არ არის გამყარებული და დადასტურებული საქმის მასალებით, რომლებიც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს. მოპასუხეთა შესაგებელი ძირითადად მათ ახსნა-განმარტებას ეფუძნება და სასარჩელო მოთხოვნას საფუძველს ვერ აცლის. მოპასუხეებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს, რამაც სამართლიანად განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება.

16. საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრების: მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის, ძ.ს–ის, ს.მ–ნის, პ.უ–ძის მ.ტ–ძის და ი.შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე