საქმე № ას-758-2020 26 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ხ–ძე, ვ.დ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ხ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა გ.ხ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ვ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 13 მარტს პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული #170245909 სამკვიდრო მოწმობა პ.ხ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებაზე 1/3 ნაწილში და 2017 წლის 20 მარტს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით # ..... - 1/3 ნაწილში მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ცნობილ იქნა ბათილად.
3. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად.
4.1.სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაშვებობა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
4.2. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში (სსსკ 180-ე მუხლი) არ ვლინდებოდა მისი იურიდიული ინტერესი, რაც, თავის მხრივ, აღიარებითი სარჩელის არსებითი შემადგენელი ნაწილია. განსახილველ საქმეში, წარმოდგენილი სარჩელის, როგორც აღიარებითი მოთხოვნის, დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელემ მიიღოს რეალური, სამართლებრივი შედეგი და სამართლებრივად გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. სადავო სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა კი, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, რადგან, რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება მოთხოვნილი არ ყოფილა.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და მისი მოთხოვნის იურიდიული ინტერესიც სწორედ ესაა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებაც უცვლელად დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონებასთან დაკავშირებით გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება არ არის მოთხოვნილი, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა მოეთხოვა იმ საფუძვლით, რომ სადავო გარიგებებით ქონებაზე საკუთრება უკანონოდ ჩამოერთვა.
12. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით მოწესრიგებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს ფორმალურად არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებული შედავება.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე