25 მარტი, 2021 წელი,
საქმე №ას-925 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს.კ.დ.თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.კ.დ.თ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კლუბი ან შემკვეთი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ს.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან გრაფიკოსი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 7 000 აშშ დოლარისა და 1500 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, მომსახურების ღირებულების პროპორციული ხარისხის შედეგი არ მიუღიათ, კლუბი ყოველთვის გამოხატავდა მზაობას, ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სანაცვლოდ გაიზრდებოდა მომსახურების ღირებულებაც, თუმცა მოსარჩელემ მათი შენიშვნა უარყო და შეუსრულებელი სამუშაოსათვის ითხოვს ღირებულების ანაზღაურებას.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ უარი განაცხადა დავის მორიგებით დასრულებაზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა კლუბის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მოსარჩელე გრაფიკული დიზაინერია და სხვადასხვა სახის გრაფიკულ პროდუქტს ქმნის.
5.4. მხარეებს შორის 2019 წლის 14 აგვისტოს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (მომსახურების ხელშეკრულება), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს კლუბის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა დაემზადებინა (იხ. ხელშეკრულების 1.2. პინქტი). მომსახურების ღირებულება - 7 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარითა და 1500 ლარით განისაზღვრა.
5.5. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის მიხედვით, შემკვეთი ვალდებული იყო, გრაფიკოსის მიერ სამუშაოს ჯეროვანი შესრულებისა და მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან ორი კვირის ვადის დაცვით მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა.
5.6. სამუშაოს გარკვეული ნაწილისა და ეტაპის დასრულებისთანავე გრაფიკოსი ვიდეომასალას უგზავნიდა შემკვეთის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რა დროსაც გამოსწორდა ხარვეზი.
5.7. საიმიჯო კლიპი მოსარჩელემ 2019 წლის 9 ივნისს გადაუგზავნა შემკვეთს, რომელმაც დაუდასტურა, რომ კლიპი მოსაწონი იყო, თუმცა გრაფიკოსს რამდენიმე ტექნიკური ჩასწორება დაავალა. საბოლოოდ, 2019 წლის 23 სექტემბერს შემკვეთის შენიშვნების გათვალისწინებით გამოსწორებული საიმიჯო კლიპი მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუგზავნა.
5.8. მიუხედავად შენიშვნების აღმოფხვრისა, მოპასუხემ უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე და საიმიჯო ვიდეორგოლში კვლავ ცვლილების შეტანა ითხოვა, რაც მოსარჩელემ უარყო.
6. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ეს მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ მუხლზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
7. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ შენიშვნების თაობაზე მოპასუხის მითითება აღმოფხვრა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (საიმიჯო გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადება) შეასრულა და გადასცა შემკვეთს. მიუხედავად ამისა, შემკვეთი უარს აცხადებს შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 7 000 აშშ დოლარისა და 1500 ლარის ანაზღაურებაზე. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სამუშაოთა შესრულებაზე ზედამხედველად დანიშნულ პირთან მიმოწერის ამსახველი ამონაწერები სოციალური ქსელის ვებგვერდიდან და მოწმის ჩვენება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეასრულების ფაქტი და მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება სწორად დააკისრა.
8. მოპასუხე/კასატორი ურაყოფს სამუშაოს შესრულების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ამ გარემოების დამტკიცება სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტით იყო შესაძლებელი, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
8.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოს ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულების ფაქტი და მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა (იმ ვითარებაში, როცა თავად მოპასუხე აცხადებს უარს მის გაფორმებაზე) ამ უდავო ფაქტს ვერ გააქარწყლებს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია (შდრ. სუსგ. #ას-729-729-2018, 28.02.2019წ) .
9. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი). მოპასუხე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო დასრულებულ სარეკლამო რგოლში ცვლილების შესტანა, მით უფრო იმ პირობებში, როცა ხელშეკრულება შეიცავს საიმიჯო გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადების თაობაზე ზოგად დათქმას, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე (იხ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტი) დასახელებული არგუმენტი კი არ არის საკმარისი საკასაციო შედავების სათანადოდ დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მსჯელობა, იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ უარი თქვა დავის მორიგებით დასრულებაზე, ვინაიდან, მხარეთა მორიგების საკითხი, თავად მხარეთა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის შესაძლო გზაა, რის თაობაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1203 ლარის (საგადახდო დავალება #1602241000, გადახდის თარიღი 09.10.2020წ), 70% - 842,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.დ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.კ.დ.თ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1203 ლარის (საგადახდო დავალება #1602241000, გადახდის თარიღი 09.10.2020წ), 70% - 842,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე