საქმე №ას-1162-2019 13 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – დ.ყ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. და დ. ს–ები (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – აქციათა გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენა
პალატამ გამოარკვია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია დ. და ზ. ს–ების საკასაციო საჩივარი დავით ყაბულაშვილის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ დ.ყ–ის სარჩელის გამო, დ. და ზ. ს–ების მიმართ, გარიგების ბათილად ცნობისა და აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ.ყ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, დ. და ზ. ს–ებისათვის სს „მ.ჯ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივების ქირავნობის, იჯარისა და ლიზინგის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით დ.ყ–ის განცხადება სარჩელის უზრუნვეყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებასთან და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- ქ. თბილისი, ......, კორპუსი 338, მიმდებარედ, ს/კ .....;
- ქ.თბილისი, ....... მიმდებარედ, ს/კ ......;
- ქ.თბილისი, ........ მიმდებარედ, ს/კ .....;
- გარდაბანი, სოფელი ....., ს/კ ......;
- გარდაბანი, სოფელი ......, ს/კ ......;
- ხაზოვანი ობიექტი, ს/კ ...., ობიექტის ტიპი: ...., ობიექტის აღწერა: ..... ობიექტის სიგრძე: 132 მ., დაფარვის ზონა: სამგორის რაიონი ..... ... მიმდებარედ;
შპს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების გასხვისებასთან და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგებების დადება:
- შპს „მ.ლ–ას“ (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.ს–ის“ (ს/ნ .........) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.კ–ის“ (ს/ნ ........) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.გ–ას" (ს/ნ .........) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.კ–ას“ (ს/ნ ........) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „ს.ხ–ის“ (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილი;
- შპს „მ.თ–ის“ (ს/ნ .......) კაპიტალის 50%-იანი წილი.
შუამდგომლობა მოპასუხე დ. ს–ისა და ზ. ს–ისთვის სს „მ.ჯ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შემადგენლობის ცვლილებების გადაწყვეტილების მიღების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით იქნა გასაჩივრებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით სს „მ.ჯ–ის“, ზ. და დ. ს–ების საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა სს „მ.ჯ–ისათვის“ მისი კუთვნილი უძრავი ნივთების უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და გარიგების დადების აკრძალვის ნაწილში და ამ ნაწილში დ.ყ–ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ.ჯ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების სანივთო სამართლებრივი უფლებებით დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება და გარიგებების დადება.
როგორც ხსენებული განჩინებების, ისე _ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ დ.ყ–ი აპელირებდა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ საკითხებზე, რაც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მხრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლისა და 419.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ ხსენებულ საკითხზე გამოტანილი განჩინება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო დ.ყ-ის წინამდებარე განცხადების დასაშვებობის შესწავლისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლით, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. საკასაციო პალატამ 2020 წლის 6 მარტის განჩინებით უკვე განუმარტა მხარეს, რომ ხსენებული ნორმა გულისხმობდა სასამართლოს მიერ საკითხზე მიღებული განჩინების ნებისმიერი ფორმით კვლავ გასაჩივრების შეუძლებლობასა და ე.წ შენიღბული აპელაციის დაშვების გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით სურს იმ შედეგის მიღწევა რაც სასამართლოების მიერ უკვე შეფასებულია და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, არ არსებობს განცხადების მიღებისა და მისი შინაარსობრივი საფუძვლიანობის შესწავლის პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 194.5, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ყ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი