Facebook Twitter

საქმე №ას-775-2020 31 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ გ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდგომ – მოსარჩელე, მეიჯარე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდმეწარმე გ.გ–ის (შემდგომ – მოპასუხე, მოიჯარე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 13925 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 30 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს 70 კვ.მ ფართი ყოველთვიური ქირის - 308 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა.

3. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით მოპასუხის გადასახდელი საიჯარო ქირა 16940 ლარია. ზემოაღნიშნული თანხიდან, მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 3015 ლარი, ხოლო დავალიანება 13925 ლარს შეადგენს, რასაც ეს უკანასკნელი, მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად, არ იხდის.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ბოლო 36 თვის საიჯარო ქირის გადახდის ნაწილში (რა ჯამურად 11088 ლარია), ხოლო მოთხოვნის სხვა ნაწილის მიმართ მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, ხანდაზმულობაზე მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 11088 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის მართლზომიერება, რომლითაც სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილებულა.

9. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულება 2017 წლის მარტის ჩათვლით მოქმედებდა. ამასთან, მთელი პერიოდის მიხედვით (4 წელი და 7 თვე = 55 თვე), მოიჯარეს საიჯარო თანხის სახით უნდა გადაეხადა 16940 ლარი (308 X 55), საიდანაც მხოლოდ 3015 ლარია გადახდილი, შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება 13925 ლარს შეადგენს. ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ბოლო სამი წლის, ანუ სარჩელის აღძვრიდან (10.08.2017 წ.) წინა სამი წლის - 11088 (308*36=11088) ლარის დავალიანების არსებობა აღიარა, ხოლო დარჩენილი, ე.ი. 2837 (13925 - 11088=2837) ლარის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულობაზე მითითებით არ ცნო.

10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო 2837 ლარის დავალიანებაზე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება 2014 წლის ივლისიდან წარმოეშვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია, ასევე, სსკ-ის 130-ე მუხლზე, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ № ას-445-420-2014, 2015 წლის 22 აპრილის განჩინება).

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, საიჯარო ქირის - 2837 ლარის გადახდაზე, უნდა გავრცელდეს 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის, როგორც მეიჯარის მოთხოვნა იჯარის დავალიანების - 2837 ლარის გადახდაზე, გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საიჯარო ურთიერთობიდან, მოცემულ მოთხოვნაზე, სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის კანონის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს 2837 ლარის მოთხოვნა წარმოეშვა 2014 წლის ივლისიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2017 წლის 10 აგვისტოს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

17. კასატორის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საიჯარო ხელშეკრულება უკავშირდება უძრავ ნივთს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის უნდა განისაზღვროს 6 წელი, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 10 აგვისტოს, მოთხოვნისათვის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა დაცულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

23. 2012 წლის 30 აგვისტოს, მხარეთა შორის, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, იჯარის საგნის სარგებლობის ნაცვლად, მოპასუხეს ყოველთვიურად 308 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

24. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2012 წლის 30 აგვისტოდან 2017 წლის მარტის ჩათვლით გრძელდებოდა და მოპასუხეს საიჯარო თანხა - 16940 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც გადახდილი მხოლოდ 3015 ლარია.

25. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ბოლო სამი წლის, ანუ სარჩელის აღძვრიდან (10.08.2017წ.) წინა სამი წლის მიხედვით, 11088 (308*36=11088) ლარის დავალიანების არსებობა აღიარა, ხოლო დარჩენილი, ე.ი. 2837 (13 925 - 11 088=2837) ლარის ნაწილში მოთხოვნა არ ცნო და მის ხანდაზმულობაზე მიუთითა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საფუძვლიანად მიიჩნიეს და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირების მატერიალურ საფუძველს სსკ-ის 581-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, მოიჯარეს ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება იჯარის საგნის სარგებლობისათვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელს 2837 ლარის ნაწილში მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა და სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით ისარგებლა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე), რომლის დადასტურების შემთხვევაში უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე.

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება - სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე“ (შდრ. სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი და ა.შ.).

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ. 63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი 2012 წელი).

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.).

31. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სასამართლო განმარტავს: „..ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

32. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ (სსკ-ის 130-ე მუხლი). საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (ციტ: დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, 2013, 20).

33. კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობას და მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 144-ე მუხლი და გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს), რომელიც ამ კონკრეტულ ვითარებაში, გამოსაყენებელი არ იყო.

34. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმით გამოიხატება, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წელი). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 1 დეკემბერი 2010 წლი).

36. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს მხარეთა შორის გაფორმებულ 2012 წლის 30 აგვისტოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც მოვალემ იკისრა ვალდებულება, საიჯარო ქირა 308 ლარი ყოველთვიურად გადაეხადა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა გამოითვალოს. უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2017 წლის მარტის ჩათვლით არსებობდა და სადავო თანხის 2837 ლარის მოთხოვნის უფლება ყველაზე გვიან 2014 წლის ივლისიდან წარმოიშვა (გადაუხდელი საიჯარო ქირა მოიცავს 2012, 2013 და 2014 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ბოლო სამი წლის, ანუ სარჩელის აღძვრიდან (10.08.2017 წ.) წინა სამი წლის - 11088 (308*36=11088) ლარის დავალიანების არსებობა აღიარა, ხოლო დარჩენილი, ე.ი. 2837 (13925 - 11088=2837) ლარის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულობაზე მითითებით არ ცნო. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოთხოვნა მართლაც ხანდაზმულია, რამდენადაც, სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული შესრულების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობა იანგარიშება ნაწილ-ნაწილ, ხოლო მოთხოვნის უფლების წარმოშობის თაობაზე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა შეიტყო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისთანავე, ნიშანდობლივია, რომ სარჩელი აღძრულია 2017 წლის 10 აგვისტოს, თითოეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დადგომიდან 3-წლიანი ვადების დარღვევით.

38. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით, კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება უკავშირდება უძრავ ნივთს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის უნდა განისაზღვროს 6 წელი, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების 6-წლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს, ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება წარმოადგენს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 129, ველი 4).

39. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 581 მუხლი), შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - ამ ურთიერთობის ფარგლებში გადაუხდელი საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება (შდრ. საქმე №1203-1130-2015, 2016 წლის 1 ივნისის განჩინება).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები (მოთხოვნის წარმოშობა და მისი იძულებით განხორციელების ვადები) და იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ისარგებლა სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებით, სწორად არ დააკმაყოფილეს მეიჯარის სარჩელი მოიჯარისათვის 2837 ლარის დაკისრების ნაწილში.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-1432-1351-2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება, №ას-934-899-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება, №ას-868-830-2014, 2015 წლის 19 მარტის განჩინება; №ას-599-562-2010, 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება, საქმე №1203-1130-2015, 2016 წლის 1 ივნისის განჩინება).

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე