Facebook Twitter

საქმე №ას-915-2020 31 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ვ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.რ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ნ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და თ.რ–ვას (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) ქორწინება რეგისტრირებულია 2009 წლის 12 ოქტომბერს (იხ. ქოწინების მოწმობა/ ტ.1, ს.ფ. 63-65).

2. მოსარჩელე თ.ნ–თან (შემდგომ - მოსარჩელის ყოფილი მეუღლე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1993 წლის 18 იანვრიდან (იხ. ქორწინების მოწმობა/ ტ.1, ს.ფ. 15-16).

3. მოსარჩელესა და მის პირველ მეუღლეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2013 წლის 16 აგვისტოს (იხ. განქოწინების მოწმობა/ ტ.1, ს.ფ. 17).

4. 2019 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მასსა მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა.

5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო მოსარჩელესა და მის პირველ მეუღლეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შესახებ, ამასთან ამჟამად არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან მოსარჩელის ყოფილი მეუღლე გარდაცვლილია.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1106-ე, 1120-ე, 1122-ე, 1140-ე, 1143-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ქორწინება დაუშვებელი იყო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ სსსკ) 1120.1. მუხლის „ა“ქვეპუნქტი; 1143.1. მუხლი), თუმცა, თუ საქმის განხილვის მომენტისთვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან (სსსკ-ის 1143.2 მუხლი). დადგენილია, რომ მხარეთა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება 2013 წლის 16 აგვისტოდან, თითქმის 7 წელია აღარ არსებობდა. ამასთან, არც აპელანტს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ამ ხნის განმავლობაში მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და მათი ქორწინების შედეგები შეწყვეტილი იყო, მეტიც, თავად აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე პირველი ქორწინებიდან მისი შვილის აღზრდაშიც კი იღებდა მონაწილეობას, რაც ოჯახის არსებობას უთუოდ ადასტურებს. პალატის განმარტებით, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ქორწინების რეგისტრაციისას იცოდა აპელანტის პირველი ქორწინების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 აგვისტოდან (აპელანტისა და მისი ყოფილი მეუღლის ქორწინების შეწყვეტის თარიღი) ნამდვილი იყო მხარეთა ქორწინება.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორის მითითებით, არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაციისას, არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კასატორი დაქორწინებული იყო მის ყოფილ მეუღლესთან 2013 წლის 16 აგვისტომდე, ანუ მხარეთა ქორწინება ისე გაფორმდა, რომ 1993 წლის 18 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი არ იყო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას იმ საფუძვლით, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე მისი მითითება.

17. პალატა განმარტავს, რომ უდავოა, ქორწინების რეგისტრაციისას, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის რეგისტრირებული ქორწინება მის ყოფილ მეუღლესთან, თუმცა ისიც დადგენილია, მოსარჩელეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს მისი ქორწინების ფაქტის შესახებ მოპასუხემ იცოდა, ანუ დაუდასტურებელია ფაქტი, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო იმ გარემოების შესახებ, რომელიც კრძალავდა ქორწინების შესაძლებლობას.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს და აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების მიხედვით დაუშვებელი იყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება, რადგან არსებობდა ბათილობის საფუძველი, თუმცა, ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ წარდგენილ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელს და მასზე დაყრდნობით განმარტავს, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც მოსარჩელის მოთხოვნას გამორიცხავდა, კერძოდ მან ერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ ქორწინების რეგისტრაციისას არ იცოდა მეუღლის პირველი ქორწინების შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე იყო) და, რაც მთავარია, მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ყოფილ მეუღლესთან განქორწინების მოწმობა თავად დაურთო სარჩელს.

19. პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს ქორწინების დამაბრკოლებელი ნორმის შინაარსი (სსკ-ის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და სწორად იხელმძღვანელეს სსკ-ის 1140-ე მუხლით (ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება), თუმცა, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება (მოსარჩელე და მისი პირველ მეუღლე განქორწინდნენ 2013 წლის 16 აგვისტოს), სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა (სსკ-ის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილი).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა ქორწინება 2013 წლის 16 აგვისტოდან, ე.ი. აპელანტსა და თ.ნ– შორის ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან ნამდვილია.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსკ-ის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს), საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე მოისპო და აღარ არსებობდა მხარეთა შორის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, რაზეც, როგორც მოპასუხის შესაგებელი, ისე საქმეში არსებული მტკიცებეულებები მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

22. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მართებულია.

23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-849-815-2016, 2017 წლის 5 იანვრის განჩინება; №3კ/628-03, 2003 წლის 12 ივნისის განჩინება).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ვ.ნ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №24262020 და №24262822/ გადახდის თარიღი 25.09.2020), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე