30 სექტემბერი, 2020 წელი,
№ა-704-შ-24-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ქ.ვ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის სარჩელი ქ.ა. ასული ვ–ის (შემდეგში - მოპასუხე, მოვალე ან განმცხადებელი), დ.ა. ასული რ–ისა და ს.ვ. ასული ბ–ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ლუბლინსკის #.... განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის (შემდეგში - კრედიტორის) სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 145 324 799.89 რუბლის გადახდა;
1.2. გადახდევინება მიექცა იპოთეკით დატვირთულ მოპასუხის კუთვნილ153.8 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე (მისამართი: ქ. მოსკოვი, ...... მე-17 სახლი, ბ. #144). დავალიანების დაფარვის მიზნით, 2006 წლის 9 თებერვალს არაგანახლებადი საკრედიტო ხაზის #5426 გახსნის შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად, დადგინდა გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 22 786 192.61 რუბლი; რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლუბლინსკის #.... განყოფილების სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2000 რუბლის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 19 მაისს. 2009 წლის 13 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით „სასამართლომ გადაწყვიტა: გადაახდევინოს სოლიდარული წესით ქ.ა. ასულ ვ–ს, დ.ა. ასულ რ–სა და ს.ვ. ასულ ბ–ას რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის - ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული განყოფილების N.. - რფ სკშბ ფილიალის სასარგებლოდ 145 324799 რუბლი 89 კაპიკი“. კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ორგანოს წარუდგინა 2009 წლის 15 დეკემბერს.
3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის განჩინებით - დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლეობა და მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება „რ.შ.ბ–ი“ შეიცვალა შპს „ა–ით“, ხოლო, 2018 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა–მა“ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა - როგორც „ა–ი“ (შემდეგში - კრედიტორის უფლებამონაცვლე).
4. კრედიტორის უფლებამონაცვლემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის, ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის , კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
5.1. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის, ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა.
6. 2020 წლის 17 თებერვალს განმცხადებელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინების განმარტება, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა დაკისრებული თანხის ამოღების წესი და საშუალება - იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, რაც განხორციელდა რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა განახორციელა. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა არ დაუდგენია. საქართველოში კი, აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მოვალის მთელ ქონებაზე, მაშინ, როდესაც მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო კონკრეტული უძრავი ქონებით. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს განმარტებას, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობა იწვევს თუ არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის არაუზრუნველყოფილ მოთხოვნად ტრანსფორმაციას და აქვს თუ არა უფლებამოსილება აღმასრულებელს, გადაწყვეტილება აღასრულოს მოვალის სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე(იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7.07.2017 წელი).
8. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს, რის გამოც მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
9. განმცხადებლის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სასამართლომ კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადახდევინება მიაქცია მხოლოდ იპოთეკით დატვირთულ მოპასუხის ქონებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით კი, შესაძლებელი გახდა მოვალის სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა, რაც ეწინააღმდეგება თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსს. მოვალის ეს მოსაზრება და მისგან გამომდინარე გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა ფაქტობრივად საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების გადასინჯვის (შეცვლის) მოთხოვნას წარმოადგენს, რაც, ცხადია, სცილდება სსსკ-ის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
10. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება მოვალის მსჯელობას და ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ მოსკოვის, ლუბლინსკის რაიონულმა სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლითაც მოვალეს თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა. სააღსრულებო ფურცელში მითითებული არაა, რომ კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ იპოთეკით დატვირთული მოვალის ქონებიდან. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თავად გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრა ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლები, უფრო ზუსტად, მოვალისაგან თანხის ამოღება არ დაუკავშირა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას. ეს რომ ასეა, დასტურდება რუსეთის ფედერაციის სააღსრულებო წარმოების მასალებითაც, კერძოდ, გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულების შემდეგ, კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი ორჯერ (2012 და 2016 წლებში) დაუბრუნდა იმის გამო, რომ აღმასრულებლის მოქმედებების მიუხედავად, მოვალეს არ აღმოაჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა. აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი დასკვნა, კრედიტორის მოთხოვნის დარჩენილი ნაწილის დასაფარავად მოვალის ნებისმიერი ქონება მიექცეოდა აღსასრულებლად, თუკი მოვალეს ასეთი ქონება აღმოაჩნდებოდა. მოვალის ზემოხსენებული მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში კი, რუსეთის ფედერაციის სააღსრულებო ორგანო კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს კი არ დაუბრუნებდა, თანაც სააღსრულებო ფურცლის განმეორებით წარდგენის უფლებით, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით კრედიტორის მოთხოვნას დაკმაყოფილებულად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, საკმარისი იყო თუ არა ეს თანხა ვალის დასაფარავად და სააღსრულებო წარმოებასაც სწორედ ამ საფუძვლით შეწყვეტდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოვალეს რუსეთის ფედერაციაში სააღსრულებო წარმოებისას აღმასრულებლის მოქმედებები არ გაუსაჩივრებია, უფრო მეტიც, თავის შესაგებელში სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ მას რუსეთის ფედერაციაში საკმარისი ქონება (არაერთი უძრავი ქონება, ასევე, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხა) გააჩნდა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დასაფარავად, ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა არ არსებობდა. ამდენად, მოვალეს თავადაც მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ვერ მოხდებოდა. ამიტომაც არ წამოუყენებია მას ეს პრეტენზია არა მარტო რუსეთის ფედერაციაში სააღსრულებო საქმის წარმოებისას, არამედ საკასაციო სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროსაც.
11. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, არაორაზროვნად და გასაგებად. მისი აღსრულების მიზნებისათვის არ არსებობს განმარტების საჭიროება. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც განჩინების განმარტების თაობაზე მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ვ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი