საქმე №ას-309-2021 5 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ხ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს.ნ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ხ.ხ–ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ს.ნ–სა და ხ.ხ–ს შორის 2015 წლის 30 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და მისგან გამომდინარე 2016 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება. ხ.ხ–ს დაეკისრა ს.ნ–ის მიერ გადახდილი ნარდობის ხელშეკრულების ხარჯების – 7600 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის გამო, ზიანის – 911 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ხოლო ს.ნ–მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ს.ნ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ს.ნ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს.ნ–ის სარჩელი ხ.ხ–ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების – 450 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელადა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2021 წლის 25 თებერვალს ს.ნ–მა შეიტანა ქუთაისის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მის მიერ 2019 წლის 27 დეკემბერის წერილში მოთხოვნილი დაოკუმენტების დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ნ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პროცესუალურ საკითხზე: უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო გასაჩივრების ობიექტი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილში და იგი სააპელაციო სასამართლოს ის შემაჯამაბელი გადაწყვეტილებები/განჩინებებია, რომლებშიც მოცემულია პასუხის სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნაზე. რაც შეეხება სხვა საპროცესო აქტებს _ არაშემაჯამაველი ხასიათის დადგენილებებს, თუკი ისინი დამოუკიდებელ გასაჩივრებას (მაგ: კერძო საჩივრის წარდგენის გზით) არ ექვემდებარებიან, მხარე უფლებამოსილია, ამ განჩინებათა კანონიერება მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გახადოს სადავო (იხ. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აქვე უნდა ითქვას შემაჯამებელი გადაწყვეტლების გასაჩივრების საპროცესო შედეგებზე: იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილი წესით _ საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი შედის კანონიერ ძალაში, საპირპირო შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩვრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარე მოითხოვს არა სააპელაციო პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას, არამედ, ფაქტობრივად სადავოდ ხდის სასამართლოს წერილობით პასუხებს მის განცხადებებზე/შუამდგომლობებზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო, რაც შეეხება მხარის წერილობით კომუნიკაციაზე სასამართლოს მიერ გაცემულ პასუხებს, ისინი საკასაციო წესით განხილვას ვერ დაექვემდებარება, რამდენადაც ამას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
პალატა დამატებით მოითითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობაზე სასამართლო მოხელის მიერ წერილობით გაცემული პასუხის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძელბლობას არ ითვალისწინებს, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განსახილველად მიიღოს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 264-ე, 391-ე, 396-ე, 402-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი