საქმე №ას-1596-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ შპს „ა–ას“ სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
შპს „ს.ი–ის“ სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ს.ი–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) მიმართ მოპასუხისათვის 694 075,21 ლარისა და 2016 წლის 22 ოქტომბრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე ამ თანხის წლიური 9,2%-ის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 6 აგვისტოს, მხარეთა შორის დაიდო სარეკლამო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, განეთავსებინა მოსარჩელის სარეკლამო მასალები სარეკლამო კონსტრუქციებზე. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 1 038 695.7 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 453 282 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით). 2016 წლის 22 მარტს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების #1 დანართი 2016 წლის 10 აპრილიდან. 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება ფულად ვალდებულებათა გაქვითვის შესახებ, მოსარჩელეს, მოპასუხესა და შპს „ვ–ოს“ შორის, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს აღარ გადაუხდიდა შეთანხმების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დავალიანებას _ 453 282 აშშ დოლარს, რაც წარმოშობილია 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო, ეს უკანასკნელი შპს „ვ–ოს“ აღარ გადაუხდიდა 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასახდელი 1 038 695.7 ლარიდან საიჯარო და სამშენებლო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებას, რის შემდეგაც დარჩენილი თანხა შპს „ა–ას“ ჩაეთვლებოდა შპს „ვ–ოსათვის“ სამშენებლო კონტრაქტის ფარგლებში ავანსად გადახდილად. შეთანხმების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფულად ვალდებულებათა გაქვითვის გამო, შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხარეთა ფულადი ვალდებულებები ჩაითვალა შესრულებულად. კომპანიაში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ ცა–ხრივად, ვადაზე ადრე მოშალა 2015 წლის 6 აგვისტოს სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება, რის შესახებაც აცნობა მოპასუხეს. მასვე მიეცა დამატებითი ვადა 30 ივნისამდე, რათა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი 1 038 695.7 ლარიდან დაებრუნებინა 694 075.21 ლარი, როგორც მოპასუხის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი მომსახურების ღირებულება. აღნიშნულს მოპასუხე არ დაეთანხმა და იგი აგრძელებდა დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, თითქოსდა გაწეული სარეკლამო მომსახურების დასადასტურებლად, თუმცა, მას არაერთხელ ეცნობა მოსარჩელისაგან, რომ სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება 2016 წლის 20 ივნისიდან მოშლილი იყო. 2016 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხეს კიდევ დაენიშნა დამატებით 10-დღიანი ვადა თანხის დაბრუნებისათვის, რაც არ შესრულებულა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება იმაზე მითითებით, რომ მოპასუხის მიერ თანხის დროულად გადახდის პირობებში, მოსარჩელე ამ თანხიდან მიიღებდა სარგებელს ფულადი სახსრების დეპოზიტზე განთავსების გზით, რაც იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა წლიურ საშუალო 9,2%-ს (იხ. გაზრდილი სასარჩელო მთხოვნა);
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელისათვის 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 10 957 ლარის, 2015 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 957 ლარის 0,2%-ის, ასევე, 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამოდინარე, სარეკლამო პლაკატების დამზადების ღირებულების _ 21 238,51 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 28 ნოემბერს შპს „ა–ასა“ და შპს „ს.ი–ს“ შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა–ამ“ აიღო ვალდებულება, დაებეჭდა სარეკლამო მასალები და განეთავსებინა სარეკლამო კონსტრუქციებზე. შპს „ს.ი–მა“ კი აიღო ვალდებულება, გადაეხადა მომსახურების ღირებულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეგებებულმა მოსარჩელემ სრულად შეასრულა, ხოლო მოპასუხემ არ გადაიხადა მომსახურების ღირებულება. მისი დავალიანება შეადგენს 10 957 ლარს. ამ ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ასვე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით. 2015 წლის 30 ივნისის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 10 957 ლარი, რაც მას არ გადაუხდია და ამდენად, მას 2015 წლის 1 ივნისიდან უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ზემოაღნიშნული ოდენობით. 2015 წლის 6 აგვისტოს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება. სარეკლამო პლაკატები, რომელთა განთავსებაც მოხდა შპს „ა–ას“ კუთვნილ კონსტრუქციებზე, დაიბეჭდა შპს „ა–ას“ მიერ და ბეჭდვის ღირებულებამ შეადგინა 21 238,51 ლარი. ამ თანხაზე ანგარიშ-ფაქტურები მოპასუხეს დადასტურებული აქვს, თუმცა გადახდას თავს არიდებს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ არ არსებობდა ვალდებულების შეწყვეტის არცერთი საფუძველი. მხოლოდ მოვალის ნება, რომ ვალდებულება შეწყდეს, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მოვალის ვალდებულებისგან და მისი შეუსრულებლობისაგან გამოწვეული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტსაც, თუმცა აღნიშნული ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს მხოლოდ კრედიტორის უფლებას ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას. ის ნორმა კი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას გრძელვადიან ურთიერთობაში, სავალდებულოდ მიიჩნევს პატივსადები მიზეზის არსებობის აუცილებლობას და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დღემდე ძალაშია და მოსარჩელე არ შეიძლება გათავისუფლდეს წარმოშობილი ვალდებულებებისგან. მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების ტიპი ყველაზე ახლოს დგას იჯარასთან, ვინაიდან ხელშეკრულების მთავარი შინაარსია მოსარჩელის მიერ მოპასუხის კონკრეტული ქონებით (სარეკლამო კონსტრუქციებით) სარგებლობა. მოპასუხის მიერ სარეკლამო მასალების გაკვრა/მონტაჟი არ გულისხმობს შემდგომში განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში სარეკლამო კონსტრუქციებით სარგებლობას, რადგან რეკლამის განთავსების შემდეგ, მოპასუხე არანაირ სამუშაოს აღარ უწევდა მოსარჩელეს, მხოლოდ დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სარეკლამო კონსტრუქციები, რაც წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელ აუცილებელ პირობას. თავად ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რომელიმე მხარის მიერ მის უმიზეზოდ შეწყვეტას, ხოლო მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 588.1 მუხლის შესაბამისად, არ შეუთავაზებია ახალი გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, იჯარის დასრულებამდე გადაიხადოს საიჯარო ქირა. ხელშეკრულების ნარდობად დაკვალიფიცირების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას მენარდეს აუნაზღაუროს ზიანი - დარჩენილი საიჯარო ქირა, რამდენადაც მოსარჩელისათვის გადაცემულ სარეკლამო კონსტრუქციებზე შემოსავლის მიუღებლობა, მოპასუხეს დიდ ზიანს მიაყენებდა. მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დიდი ნაწილი და ამის შემდეგ აღძრა სარჩელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ნამდვილი ინტერესი მომსახურების მიღებაცაა და თანხის დაბრუნებაც;
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო არც თავდაპირველმა მოსარჩელემ, შესაგებლით მან სადავო გახადა დავალიანების ოდენობა, რის გამოც, მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნას არ გააჩნია საფუძველი. დამატებითი მასალების ბეჭდვის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია, ვინაიდან, 2015 წლის 6 აგვისტოს სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, შეთანხმებული იყო მომსახურების ღირებულება, რაც სრულად, წინასწარ ავანსის სახით იქნა გადახდილი, ხოლო სხვა დამატებითი თანხების ანაზღაურების ვალდებულება შპს „ს.ი–ს“ არ ჰქონია. გარდა ამისა, თავდაპირველმა მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პს „ა–ას“ შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 694 075,12 ლარის გადახდა;
- მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი:
- შპს „ს.ი–ს“ შპს „ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 10 957 ლარის გადახდა;
- შპს „ს.ი–ს“ შპს ,,ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 10 957 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
- შპს „ს.ი–ს“ შპს „ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკლამო პლაკატების დამზადების ღირებულების _ 21 238,51 ლარის გადახდა.
გაიქვითა მხარეთა ურთიერთმოთხოვნები და საბოლოოდ შპს „ა–ას“ შპს „ს.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 661 578,70 ლარის გადახდა, რასაც გადაწყვეტილების აღსრულებისას, უნდა გამოაკლდეს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხული პირგასამტეხლო.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (შეგებებული მოსარჩელე) მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე აპელანტმა (თავდაპირველი მოსარჩელე) სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა (შეგებებული მოსარჩელე) მოითხოვა შპს „ა–ას“ სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მეორე კასატორმა (თავდაპირველი მოსარჩელე) შპს „ს.ი–ის“ სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, შეგებებული სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 6 აგვისტოს, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, განეთავსებინა მოსარჩელის სარეკლამო მასალები ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 1 038 695.7 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 453 282 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით). შპს „ს.ი–მა“ შპს „ა–ას“ წინასწარ გადასცა 1 038 695,70 ლარი;
1.2.2. 2015 წლის 6 აგვისტოს, ერთი მხრივ, შპს „ს.ი–ს“, მეორე მხრივ, შპს „ა–ას“ და, მესამე მხრივ, შპს „ვ–ოს“ შორის გაფორმდა შეთანხმება ფულად ვალდებულებათა გაქვითვის შესახებ. აღნიშნულით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს აღარ გადაუხდიდა 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას _ 453 282 აშშ დოლარს, ხოლო ეს უკანასკნელი შპს „ვ–ოს“ აღარ გადაუხდიდა 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასახდელი 1 038 695.7 ლარიდან საიჯარო და სამშენებლო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებას, რის შემდეგაც დარჩენილი თანხა შპს „ა–ას“ ჩაეთვლებოდა შპს „ვ–ოსათვის“ სამშენებლო კონტრაქტის ფარგლებში ავანსად გადახდილად. შეთანხმების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, ფულად ვალდებულებათა გაქვითვის გამო, შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხარეთა ფულადი ვალდებულებები ჩაითვალა შესრულებულად;
1.2.3. შპს „ს.ი–მა“ 2016 წლის 16 ივნისის წერილობითი შეტყობინებით აცნობა შპს „ა–ას“, რომ იგი 2016 წლის 20 ივნისიდან წყვეტდა 2015 წლის 6 აგვისტოს სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებას და მოითხოვა ფაქტობრივად განუხორციელებელი მომსახურების ღირებულების სახით წინასწარ ჩარიცხული თანხიდან 694 075.21 ლარის დაბრუნება. 2016 წლის 11 ნოემბერს მოპასუხისთვის გაგზავნილ იქნა კიდევ ერთი წერილი, სადაც მოსარჩელემ მას განუსაზღვრა 10 დღის ვადა ავანსის სახით გაცემული თანხის დაბრუნებისთვის და წერილშივე განმარტა, რომ სარეკლამო მომსახურების მიღება აღარ წარმოადგენდა მოსარჩელის ინტერესს;
1.2.4. 2014 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს „ა–ამ“ აიღო ვალდებულება, დაებეჭდა სარეკლამო მასალები და განეთავსებინა სარეკლამო კონსტრუქციებზე. შპს „ს.ი–მა“ კი აიღო ვალდებულება, გადაეხადა მომსახურების ღირებულება;
1.2.5. 2015 წლის 3 ივნისს შპს „ა–ამ“ შპს „ს.ი–ს“ წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის/მომსახურების ღირებულების სახით 10 957 ლარის გადახდის შესახებ. ანგარიშფაქტურა დადასტურებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ;
1.2.6. 2015 წლის 6 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება. სარეკლამო პლაკატები დამზადებული იქნა შპს „ა–ას“ მიერ და ბეჭდვის ღირებულებამ შეადგინა 21 238,51 ლარი. შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებული იქნა შპს „ს.ი–ის“ მიერ;
1.2.7. 2014 წლის 28 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, შპს „ა–ას“ მიერ შპს „ს.ი–ისათვის“ გაგზავნილ და ამ უკანასკნელის მიერ დადასტურებულ 2015 წლის 3 ივნისის #ეა-03 7519672 საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული 10 957 ლარი, არ არის გადახდილი შპს „ს.ი–ის“ მიერ;
1.2.8. ფულად ვალდებულებათა გაქვითვის შესახებ 2015 წლის 6 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმებით არ მომხდარა 2015 წლის 6 აგვისტოს შპს „ს.ი–სა“ და შპს „ა–ას“ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ამ უკანასკნელის მიერ დამზადებული სარეკლამო პლაკატების ღირებულების - 21 238,51 ლარის გაქვითვა, რამდენადაც 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება და ამავე დღეს დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ა–ას“ მიერ სარეკლამო მასალის დამზადებას მიღებული ანაზღაურების ფარგლებში. შესაბამისად, შეთანხმებით ასეთი დავალიანება ვერ გაიქვითებოდა და მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით, ეს მასალა მენარდეს უნდა მიეწოდებინა შემკვეთისათვის. უდავოა, რომ მასალა შპს „ა–ამ“ დაამზადა, ხოლო შპს „ს.ი–ს“ არ აუნაზღაურებია მისი ღირებულება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რამდენადაც თავდაპირველი მოსარჩელის ინტერესს სამუშაოს შესრულება, ხოლო, შეგებებული მოსარჩელის ინტერესს _ სარეკლამო მომსახურების გაწევის შედეგად ანაზღაურების მიღება წარმოადგენდა. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დადგენილია, რომ მენარდემ 2014 წლის ხელშეკრულების ფარგლებში გაწია სამუშაო და დაამზადა ნაკეთობა _ დაბეჭდა სარეკლამო პლაკატები, რის თაობაზე მოთხოვნა წარუდგინა შემკვეთს, გარდა ამისა, 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთმა განახორციელა საავანსო ანგარიშსწორება და წინსწრებით გადაუხადა ხელშეკრულების ღირებულება მენარდეს, თუმცა, მოგვიანებით ის გავიდა ხელშეკრულებიდან.
მოცემული ფაქტების გათვალისწინებით შემკვეთი მოითხოვს საავანსო წესით ანაზღაურებული თანხიდან, ხელშეკრულებაზე ცა–ხრივად უარის თქმის გამო, მიუღებელი მომსახურების ღირებულების დაბრუნებას და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, რაც შეეხება მენარდეს, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია 2014 და 2015 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული, აუნაზღაურებელი შესრულების ღირებულების გადახდა, ასევე, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შემკვეთი ცა–ხრივად გავიდა 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებიდან, რომლის უფლებამოსილებაც, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით აქვს მინიჭებული, ასეთ ვითარებაში, საავანსო წესით განხორციელებული ანგარიშსწორების ის ნაწილი, რომლის შესატყვისი შესრულებაც არ განუხორციელებია მენარდეს, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ექვემდებარება უკან დაბრუნებას. რაც შეეხება ე.წ ზიანის ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არა სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებია, არამედ, კონდიქციური უკუქცევის ფარგლების განმსაზღვრელი 981-ე მუხლი, თუმცა, ამ ნორმის წინაპირობების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, 2014 წლის ხელშელრულებასთან მიმართებაში დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. ამ მხრივ მენარდემ დაამტკიცა სამუშაოს შესრულების ფაქტი, ხოლო შემკვეთმა ვერ წარუდგინა რა სასამართლოს თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, შემკვეთის მოთხოვნა წარმატებულია. 2015 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებით, ვინაიდან შემკვეთმა ცა–ხრივად თქვა უარი ხელშეკრულებაზე, ხოლო მენარდეს განხორციელებული ჰქონდა 21 238,51 ლარის ღირებულების სამუშაო, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, ფაქტობრივად განხორციელებული შესრულება ექვემდებარება ანაზღაურებას. გარდა ამისა, შეგებებულმა მოსარჩელემ დაამტკიცა მოვალის მიერ ვადის გადაცილების ფაქტი (სკ-ის მე-400 მუხლი), ამასთანავე, უდავოა, რომ ამ ვალდებულების დარღვევისათვის წერილობითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-419-ე მუხლების წინაპირობები, ამასთანავე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეამცირეს რა გონივრულ ოდენობამდე, პალატა მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება, როგორც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორ განმარტებას.
საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე, კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70-70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ს.ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „ა–ას“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.08.2019. #1566543278 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
4. კასატორ შპს „ს.ი–ს“ (ს/კ #4......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 19.08.2019. #45287 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი