Facebook Twitter

საქმე №ას-772-772-2018 24 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „C.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ჟ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „C.-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ჟ–ას (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის „C.“ (რეგისტრაციის # M2014 24522, თარიღი: 22.02.2014წ.) რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე 2013 წლიდან არის მოსარჩელე იურიდიული პირის პარტნიორი, 10% წილის მესაკუთრე. 2014 წლის 24 თებერვალს საქპატენტში მოპასუხემ დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი „C.E.“ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 35-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურებისათვის. მოპასუხემ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი, რათა მიეთვისებინა მოსარჩელე კომპანიის მნიშვნელოვანი აქტივი და მიეყენებინა მისთვის ზიანი. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს მოსარჩელის საფირმო სახელწოდებას, ხოლო მოსარჩელე იურიდიულ პირს დაფუძნებიდან 2012 წლის 11 სექტემბრიდან აქვს ეს საფირმო სახელწოდება. ამავე პერიოდიდან მისი საქმიანობის სფეროა ავტომობილების ტრანსპორტირება. მოპასუხე 2012 წლის 31 ოქტომბრიდან არის შპს „U.S. C. T-ის“ 100% წილის მესაკუთრე, რომლის საქმიანობაც ავტომობილების ტრანსპორტირებაა და სამეწარმეო საქმიანობაში იყენებს აღნიშვნას „C. E.“. მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 1 მაისს იურიდიულ პირს სახელწოდების შეცვლის შედეგად ეწოდა შპს „U.S. C. T–si“, ხოლო მანამდე მისი სახელწოდება იყო შპს „B.A. G–A“.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შპს „C-ი“ დაფუძნდა სწორედ მისი ინიციატივით და დ.ჯ–ას მიერ ამ კომპანიის რეგისტრაცია და 100% წილის მესაკუთრეობა გამოწვეული იყო კომპანიის სასწრაფოდ რეგისტრაციის ინტერესით. სასაქონლო ნიშნის „C.“ გამოყენება პირველად მოპასუხემ დაიწყო და იყენებდა თითქმის ყველა სამეწარმეო საქმიანობაში, ამ სახელწოდების ინტერნეტდომეინი მისი საკუთრებაა 2012 წლის დეკემბრიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. შპს „C.-ი“ დ.ჯ–ამ დააფუძნა 2012 წლის 11 სექტემბერს. 2013 წლის ნოემბერში, ამ საზოგადოებაში წილის 49% დამფუძნებელმა უსასყიდლოდ დაუთმო მოპასუხეს, რომელმაც, თავის მხრივ, 2014 წელს გაასხვისა კუთვნილი წილის დიდი ნაწილი და საბოლოოდ მას დარჩა კომპანიის 10%. შპს „C.-ის“ საქმიანობის სფეროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება, მათი საქართველოში იმპორტი;

1.2.2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქ–ის“ სასაქონლო ნიშნების მონაცემთა ბაზის თანახმად, 2014 წლის 24 თებერვლიდან (2024 წლამდე) მოპასუხე არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის - „C.-ის“ მფლობელი ნიცის კლასიფიკაციის 35-ე კლასის საქონლისა და მომსახურებისათვის, მათ შორის, მესამე პირთათვის ადმინისტრირებისათვის, ავტომობილებით ვაჭრობისა და სხვა;

1.2.3. მოპასუხე რამდენიმე კომპანიის პარტნიორი და დირექტორია, რომელთა საფირმო სახელწოდება შეიცავს სიტყვას - „ქ–სს“ და რომელთა საქმიანობის სფერო ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტია. კერძოდ, ის არის შპს „ქ–ის“ (ს/კ ......) 100% წილის მფლობელი ერთპიროვნული პარტნიორი, რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 14 სექტემბრიდან. ამ კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება იყო შპს „U.S. C. T–si“. შ.ჟ–ა ასევე არის შპს „ქ–სს.ჯი-ს“ (ს/კ ......) ერთპიროვნული პარტნიორი, რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 10 ივლისიდან და მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო შპს „B.A. G–ia“. 2014 წლის 30 აპრილს, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხსენებულ იურიდიულ პირს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ქ–სს.ჯი“ (ინგლისური სახელწოდება „C..GE“);

1.2.4. მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - „C.E.“ არის მოსარჩელის საფირმო სახელწოდების იდენტური, ისინი გამოიყენება იდენტური მომსახურების სახელდებისათვის. მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „C. E.“ და მოსარჩელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი „C.“ არის იდენტური ნიშნები როგორც ფონეტიკური, ისე ვიზუალური და სემანტიკური თვალსაზრისით, რადგან ორივე ნიშანი შეიცავს იდენტურ სიტყვებს. ამასთან, ორივე შემთხვევაში ამ ნიშნის გამოყენება ხდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის საქმიანობაში;

1.2.5. შესაგებელში მოპასუხე მთავარ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი პირველად შ.ჟ–ამ გამოიყენა და იყენებდა მის თითქმის ყველა საქმიანობაში. ამ გარემოების დასადასტურებლად მან პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, ინტერნეტდომეინის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის განხორციელების დოკუმენტაცია. შპს „კ.ო–ის“ მიერ 2014 წლის 4 აპრილს გაცემული #დ01/0414 ცნობის თანახმად, 2012 წლის 14 დეკემბრიდან შ.ჟ–ას სახელზე რეგისტრირებულია დომეინი - C..ge. რეგისტრაციის მოქმედების ვადა 2014 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 22 ივლისის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმში დაფიქსირებულია ვებგვერდზე _ www.2autocj.co.jp (autocom Japan, USED VEHICLE EXPORTER) განთავსებული ინფორმაცია. ოქმში აღწერილია, რომ ვებგვერდზე შ.ჟ–ას მიერ მითითებული პაროლის აკრეფის შემდეგ გაიხსნა განყოფილება „My Page“ (), სადაც განყოფილებაში „SETTINGS“ მითითებულია ინფორმაცია ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ. კომპანია სახელწოდებით „C. G–A“ ვებგვერდზე რეგისტრირებულია 2010 წლის 30 აპრილიდან, ხოლო საიტის მომხმარებლის სახელია S.Z.. ვებ გვერდზე დაფიქსირებულია ინფორმაცია 2012 წლის ივლისიდან შ.ჟ–ას მიერ კონსიგნაციის გზით იაპონიის ავტოაუქციონებზე მეორადი ავტომობილების შეძენის შესახებ, ხოლო, 2013 წლის ივნისიდან შპს „ქ–ის“(LTD C.) მიერ კონსიგნაციის გზით იაპონიის ავტოაუქციონებზე მეორადი ავტომობილების შეძენა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ამ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტები, კერძოდ, ამ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად მოსარჩელემ წარადგინა ამონარიდები ინტერნეტ გვერდებიდან, რომელთა თანახმად, მოპასუხის განმარტებით, Google-ის საძიებო სისტემაში საძიებო სიტყვით C.georgia იძებნება მხოლოდ მოსარჩელე კომპანია „C. F.“. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვებგვერდ Google-იდან ამონარიდის თანახმად, საძიებო სიტყვა „C.georgia -ს“ ძებნის შედეგად მოიძებნა ვებგვერდები: „C..ge“ და „www.crx“ (C. forvarder), ასევე, ამ უკანასკნელის ფეისბუქგვერდი. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა შპს „კ–ის“ 2014 წლის 15 ივლისის წერილი, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი „C.“ 2012 წელს მათ მიერ ტექნიკურად დამუშავდა შპს „C.-ის“ დირექტორის დ.ჯ–ას დაკვეთით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილების საერთაშორისოსამართლებრივი სტანდარტის („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ (TRIPS) 34-ე მუხლი) სწორად გამოყენებით, მართებულად დააკისრა მოპასუხეს სადავო სასაქონლო ნიშნით მართლზომიერად სარგებლობის მტკიცების ტვირთი. უდავოა, რომ მოპასუხემ დაადასტურა მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მითითებული შედავების ნამდვილობა, მოსარჩელემ კი, სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოპასუხის პოზიცია. პალატა დამატებით განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (6.2. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დროის პრიორიტეტის შესაბამისად, დაადასტურა სასაქონლო ნიშნაზე საკუთრების მოპოვება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცვას ექვემდებარება (E.C.H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005) და მოპასუხის მხრიდან სადავო სასაქონლო ნიშნის კეთილსინდისიერად გამოყენების გამო, სასარჩელო მოთხოვნა წარუმატებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-970-919-2015, 1 მარტი, 2016 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ.მ–ის მიერ 13.06.2018წ. #5 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „C.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „C.-ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ.მ–ის მიერ 13.06.2018წ. #5 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი