Facebook Twitter

საქმე №ას-580-2019 4 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ, ასევე, 2019 წლის 14 იანვრისა და 6 თებერვლის განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსა“ და ნ.კ–ძის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც პირველი აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ტელევიზია) მიმართ და მოითხოვა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ“ დამსაქმებლის 2017 წლის 23 მარტის #02-05/16 ბრძანების ბათილად ცნობა; ტელევიზიის მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა; 2017 წლის 23 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე განაცდურის სახით ყოველთვიურად 2 300 ლარის ანაზღაურება; 2017 წლის 28 მარტს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნ.კ–ძის მიერ გაკეთებულ კომენტარსა და გაზეთ „ბ–თვის“ ი.ბ–ძის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე მიცემულ კომენტარში, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა; მოპასუხე ნ.კ–ძის დავალდებულება, უარყოს მის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები, ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით: გაზეთი „ბ–ებისა“ და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით; ნ.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 1993 წლიდან 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით უწყვეტად მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციებზე. ტელევიზიის სტატუსის შეცვლას მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლა არ გამოუწვევია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დაფუძნების შემდეგ დასაქმებული სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. საბოლოოდ, 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, დაინიშნა მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. ტელევიზიაში მუშაობის 24 წლის მანძილზე მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არცერთი დისციპლინური სახდელი, მიღებული აქვს არაერთი სიტყვიერი და წერილობითი მადლობა. მოსარჩელე ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის ფუნქციებში შედიოდა პროგრამული ბადის მიხედვით სატელევიზიო ეთერის პროგრამების განთავსება, ხოლო, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში _ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. პროგრამათაშორის დროში ეთერში გადის ანონსები, პრომოუშენის რგოლები, ტიხრები, არტები და სოციალური რეკლამები. 2017 წლის 25 თებერვალს, ეთერში ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოსარჩელემ მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილება და საინფორმაციო სამსახურის ოპერატორ მ.მ–ძეს სთხოვა არტებისათვის მასალის გადაღება მწვანე კონცხზე, შესაბამისად, ამ მიზნით გასცა განკარგულება მაუწყებლის კუთვნილი ვიდეოკამერის გატანის შესახებ. ამის შემდეგ, მაუწყებლის კუთვნილი ვიდეოკამერით 2017 წლის 25 თებერვალს, მწვანე კონცხზე, ქორწილის გადაღების ფაქტის გამო, მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ და ოპერატორმა მ.მ–ძემ განმარტეს, რომ 25 თებერვალს კამერა გატანილი იქნა მწვანე კონცხზე არტებისათვის ბუნების კადრების გადასაღებად, ხოლო ქორწილის კადრები გადაღებული იქნა პირადი ვიდეოკამერით და აჭარის ტელევიზიის კამერა კომერციული გადაღებისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 2017 წლის 23 მარტის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მმართველთა საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ი.ბ–ძის დისციპლინირების საკითხი, ხოლო, 2017 წლის 23 მარტის ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. განთავისუფლების მიზეზად აღნიშნულ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მითითებით ტელევიზიიდან არაგეგმიურად იქნა გატანილი ვიდეოკამერა არტების გადასაღებად, რაც არ შედიოდა მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის ფუნქციაში. ამასთან, აჭარის ტელევიზიის ლოგოიანი კამერით მოხდა ქორწილის გადაღება, რამაც შელახა ტელევიზიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ კამერის გატანასა და არტების გადაღებაზე მითითება გასცა კანონიერად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მაუწყებლის საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. მას არავითარი კავშირი არ აქვს ქორწილის გადაღებასთან და დავალება მხოლოდ არტების გადაღებას უკავშირდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნ.კ–ძემ სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, რამაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სადავო განცხადებებში მოპასუხე მხარე აფიქსირებს არა საკუთარ მოსაზრებას, არამედ გარემოებებს განმარტავს, როგორც ფაქტს, შესაბამისად, იგი ვალდებულია ფაქტად მითითებული ინფორმაცია დაამტკიცოს ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უარყოს მის მიერ გავრცელებული ცნობები.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ტელევიზიის განმარტებით, მოსარჩელის, როგორც მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას არ წარმოადგენდა არტების დამზადება. სამსახურის დებულების შესაბამისად, სამსახურის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სატელევიზიო მაუწყებლობის უზრუნველყოფა. მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქციების განმსაზღვრელ არცერთ დოკუმენტში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას მიანიჭებდა, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორისთვის მიეცა დავალება. შესაბამისად, არ მოიძებნება ნორმა, რომელიც ახალი ამბების სამსახურის ოპერატორებს ავალდებულებს შეასრულონ სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მითითებები. მოსარჩელემ გასცა ისეთი დავალება, რომლის გაცემის უფლებამოსილებაც არ გააჩნდა და აღნიშნული დავალების შესრულებისათვის გამოიყენა პირი, რომლის არც ხელმძღვანელი იყო და არც ის იყო უფლებამოსილი, შეესრულებინა აღნიშნული დავალება, რომ აღარაფერი ვთქვათ - კამერის გატანის ნამდვილ მიზანზე (მაუწყებლის ქონებით სარგებლის მიღებაზე). მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების ერთერთ საფუძველს წარმოადგენდს ის, რომ დასაქმებულს ზედმიწევნით ზუსტად უნდა სცოდნოდა მაუწყებლის ამჟამად მოქმედი სტრუქტურა. კამერის გატანით მოსარჩელემ არ დაიცვა ტელევიზიის ქონებრივი ინტერესები, ვინაიდან კამერა არის ძვირადღირებული აქტივი და ხასიათდება ამოწურვადი რესურსით. მეორე მოპასუხის განმარტებით, მედიასაშუალებებისათვის გაკეთებულ კომენტარში მოსაზრება ეფუძნებოდა დასრულებული და დასასრულებელი დისციპლინური საქმის წარმოებისას მოპოვებულ მასალებს. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ კომენტარები არ არღვევდა დასაქმებულის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ უფლებას, შესაბამისად, არ არსებობდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება და დასაქმებული აღდგენილ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 23 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 2 300 ლარის ოდენობით. დასაქმებულის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენის და გავრცელებული განცხადებების უარყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ, პირველმა აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტმა _ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, ასევე, 2019 წლის 14 იანვრისა და 6 თებერვლის განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 25 დეკემბერს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დაფუძნდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“. 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებითა და იმავე დღეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შემოქმედებითი ჯგუფების მასობრივი ღონისძიებების გადაღების მიმართულების პროდიუსერის თანამდებობაზე. 2014 წლის 1 აპრილის ბრძანებით გადაყვანილი იქნა გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე, ხოლო, 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა და გათავისუფლებამდე მუშაობდა მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. გათავისუფლების დროისათვის მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2 300 ლარს;

1.2.2. 2016 წლის 12 ოქტომბრის #02-03/28 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის საქმიანობის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის უზრუნველყოფა. ამავე დებულების თანახმად, სამსახურის ძირითად ფუნქციებში შედის:

- ტელევიზიისა და რადიოს მაღალი ხარისხის, შეუფერხებელი მიმდინარე ეთერის და ვებ. გვერდის უზრუნველყოფა;

- სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკისა და აპარატურის წინასწარი, გეგმიური, ტექნიკური შემოწმება;

- სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში შესაძლო და არსებული ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა;

- სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

- მიმდინარე რეჟიმში სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ გადაცემების წინასწარი შემოწმება;

- სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ გადაცემებში არსებული ხარვეზებისა და ტექნიკურ ხარისხთან შეუსაბამობების გამოვლენა და დროულად გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

- მაღალი ხარისხის სატელევიზიო ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი და შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე მაუწყებლობის უზრუნველყოფა;

- სატელევიზიო ეთერში ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა;

- მაღალი ხარისხის რადიო ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი;

- შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე რადიო ეთერის უზრუნველყოფა და მასში არსებული ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა;

- ვებ-გვერდზე გასაშვები მასალებისა და პროგრამების წინასწარი მზადყოფნის მონიტორინგი;

- მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის მუდმივი განახლება ახალი ინფორმაციითა და გადაცემებით;

- მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

1.2.3. 2016 წლის 12 ოქტომბრის #02-03/28 ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის დებულებით განისაზღვრა სამსახურის უფროსის შემდეგი ფუნქციები:

- ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის ტექნიკის წინასწარი მონიტორინგის და გამართულობის უზრუნველყოფა;

- ტელევიზიიის რადიოსა და ინტერნეტის გადაცემების წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფის კოორდინაცია;

- ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის გადაცემებში მოწვეული სტუმრებისა და რესპოდენტების წინასწარი მომზადების უზრუნველყოფა;

- ტელევიზიისა და ინტერნეტ გადაცემების სტუდიების, დეკორაციების, დიზაინის მზადყოფნის წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფა;

- ტელევიზიის საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად, პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა;

- რადიოს საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად, პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა;

- ვებ-გვერდის საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით, პროგრამების დროული და ხარისხიანი ატვირთვის უზრუნველყოფა;

- სატელევიზიო, რადიოსა და ინტერნეტის მიმდინარე ეთერში ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა, გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია და გამოვლენილი ხარვეზების რეაგირების ღონისძიებების ორგანიზება;

- გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება;

- სატელევიზიო და რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურების მიერ დასახული/განსაზღვრული ამოცანების/მითითებების შესრულების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;

- ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურში (სტრუქტურულ ერთეულში) დასაქმებულ პირებს;

- მაუწყებლის დირექტორის და მისი მოადგილეების სამსახურებრივი მითითებების შესრულება;

1.2.4. 2017 წლის 25 თებერვალს, მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის დავალებით, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი მ.მ–ძე სამსახურის კამერით გავიდა გადაღებაზე მწვანე კონცხზე. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება;

1.2.5. 2017 წლის 23 მარტის #02-05/16 ბრძანებით, მოსარჩელესთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მოსაზრებით გამოიხატა:

- დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში;

- მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არამიზნობრივად გამოყენებაში, რითაც შეილახა ტელევიზიის იმიჯი;

- მოსარჩელემ ვერ გაათვითცნობიერა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და თავი აარიდა პასუხისმგებლობას;

1.2.6. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ 2015 წლის 20 ივლისის #02-03/10 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის ზომისა ან/და სიხშირის გათვალისწინებით, დასაქმებული ისჯება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შინაგანაწესის 15.3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სანქციის შესაბამისად (პუნქტი 15.2). დისციპლინური სანქციებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან;

დ) სამსახურიდან დათხოვნა (პუნქტი 15.3).

1.2.7. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორ მ.მ–ძეს აქვს საკუთარი ვიდეოკამერა, რაც ხარისხობრივი მაჩვენებლით ისეთივეა, როგორიც მაუწყებლის სადავო კამერა. 2017 წლის 25 თებერვალს იგი მიდიოდა ქორწილის გადასაღებად საკუთარი ვიდეოკამერით, თუმცა, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ის ფაქტი, რომ ქორწილის გადაღება მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერით განხორციელდა და ამის შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგა მაუწყებელს, მოპასუხემ ვერ დაადასტურა. მისი მსჯელობა აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე.

(სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩნება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.2 მუხლის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და ამ ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და ამ ფაქტების შეფასების სისწორეზე პალატა აღარ იმსჯელებს)

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ნაწილში დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 412-ე მუხლი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ძალაუფლებისა და თავად ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დამსაქმებლის შეასაძლებლობათა გათვალისწინებით, სწორედ მოპასუხეს ეკისრება შრომითი ურთიერთობის მოშლის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების კანონიერების მტკიცება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებელი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად მიიჩნნევს დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უხეშ დარღვევას, ამასთან, დადგენილია, რომ დარღვევა გამოიხატა უფლებამოსილების გადამეტებაში (ოპერატორისათვის დავალების მიცემა და კომპანიის ქონების გატანა), რაიმე ზიანი ხსენებულ დარღვევას არ მოჰყოლია, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კერძო ღონისძიების გადაღებისას კოპანიის ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი. ამ პირობებში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით მართლაც არ დასტურდება ხელშეკრულების პირობათა იმგვარი დარღვევა, რომელიც „უხეშად“ დაკვალიფიცირდება და გამართლებულს გახდის შრომის შინაგანაწესითა და ორგანული კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომის _ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებას. ამ ვითარებაში დამსაქმებელმა მართლაც დაარღვია შრომის სამართალში მოქმედი ე.წ „Ultima Ratio-ს“ პრინციპი, რაც მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილად მიჩნევის საფუძველია. გარდა ამისა, უდავოა, რომ საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა არ დადგენილა, შესაბამისად, დასაქმებული მართებულად აღდგა დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა დამსაქმებლის მიერ მიყენებული ზიანი. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერების, ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისა და საოქმო განჩინების კანონიერების საკითხები:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ბ–ძის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ და სამუშაოზე მოსარჩელის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო, სამი თვის ხელფასის მიკუთვნების მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ზემოხსენებულ განჩინებას და მოითხოვს მის გაუქმებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე სააპელაციო პალატის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამდენადაც მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის კერძო საჩივარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სააპელაციო პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინების რაიმე ფორმით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

2.2. რაც შეეხება საოქმო განჩინების კანონიერებას, საკასაციო შედავებათა ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეაფასა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც დამსაქმებელს უარი ეთქვა სასამართლოს შემადგენლობის აცილებაზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის დადებითად გადაწყვეტა პალატის შემადგენლობის აცილების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი წარმოადგენს საპროცესო მოქმედების განხორციელების პროცესუალურ საფუძველს და იგი არ შეიძლება მოსამართლის/სასამართლო შემადგენლობის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდეს, რამდენადაც კანონი ითვალისწინებს სხვა ისეთ მექანიზმებასაც (მაგ: გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება, სსსკ-ის 2672 მუხლი), რომლებიც აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების შებრუნების თუ ამგვარი აღსრულების შედეგად შესაძლო ზიანის კომპენსირებას ახდენს. სხვა მხრივ სასამართლოს მიკერძოებულად მიჩნევის წინაპირობას მხარე ვერ ადასტურებს, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტის შესაბამისად არ დასტურდება სასამართლო შემადგენლობის აცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 02.04.2019წ. #03152 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 568,33 ლარის 70% _ 1 797,831 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე, 404-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად, ხოლო, 2019 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ (ს/კ #2....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.04.2019წ. #03152 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 568,33 ლარის 70% _ 1 797,831 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი