საქმე №ას-523-2019 30 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ,,ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ტ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს ,,ტ–სმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს.რ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, შემკვეთი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 38652.49 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 2164 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის, 2016 წლის 11 აგვისტოს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროებისა და ტექნიკური საკომპრესოროს სახურავის შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება დღგს გარეშე 39695.88 აშშ დოლარით, ხოლო დღგს ჩათვლით 46841.13 აშშ დოლარით განისაზღვრა.
3. მოპასუხემ რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს მიმართა, რომელთა დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა, თუმცა ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა (შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია).
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით, ვალდებული იყო სამუშაოები დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განეხორციელებინა.
5. ხელშეკრულების დანართის 2015 წლის 17 დეკემბერს შედგენილი დეფექტური აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახურავის ბულული უნდა გაკეთებულიყო თუნუქის ორმაგი გადაკეცვით, მოსარჩელეს კი არ შეუსრულებია, რაც ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა.
6. მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით მხოლოდ შემკვეთს აქვს უფლება მენარდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2016 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 37258.83 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლზე მიუთითა. ამასთან, სსკ-ის 641.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მენარდემ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულა და შემკვეთს ნივთობრივად უნაკლო ნივთი არ გადასცა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების თუნუქის ფურცლებით ერთმაგი გადაკეცვით სახურავის ბულულის მოწყობა არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებს.
11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 642-ე, 643-ე, 405-ე, 644-ე და 645-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობროვად ყოველთვის სანქციის დაკისრებას /დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს მიუღებლობას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. ნიშანდობლივია, რომ არაჯეროვანი შესრულება სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებისგან, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა უფრო მკაცრ სანქციას შემკვეთის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას შეიძლება დაუკავშირდეს.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, მოპასუხემ შესრულება მიიღო. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემკვეთს არც ხელშეკრულების დამატებითი შესრულება არ მოუთხოვია და არც უარი არ განუცხადებია ხელშეკრულებაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცეულ შემთხვევაში, ვინაიდან შემკვეთმა არაჯეროვანი შესრულების მოტივით არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს მიმართა, არამედ - ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, ამ უკანასკნელის ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ზომებს ემსახურება, რაც საბაზრო ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის ზიანის მომტანია და არ შეიძლება, მისი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს შესრულებული სამუშაო აუნაზღაუროს და შეამციროს საზღაური, იმ თანხით, რამდენითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი).
15. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს არ შეესაბამება, რაც მისთვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 629-ე და 639-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
18. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართის 2015 წლის 17 დეკემბერს შედგენილი დეფექტური აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახურავის ბულული უნდა გაკეთებულიყო თუნუქის ფურცლების ორმაგი გადაკეცვით, რაც მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. განსახილველ საქმეზე დავის საგანი შეეხება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
25. მხარეთა შორის, 2016 წლის 11 აგვისტოს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/16-240 ხელშეკრულება, რომლითაც მენარდეს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროებისა და ტექნიკური ასინჯვის საამქროს (საკომპრესოროს) სახურავი უნდა შეეკეთებინა. ხელშეკრულების ღირებულება დღგს გარეშე 39695.88 აშშ დოლარით, ხოლო დღგს ჩათვლით 46841.13 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი არაუგვიანეს - 2017 წლის 30 იანვრისა.
26. მოსარჩელეს სახურავის ბულული არა ერთმაგი გადაკეცვის თუნუქის ფურცლებით, არამედ ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლების ორმაგი გადაკეცვით უნდა გაეკეთებინა, რაც არ შეასრულა.
27. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომ ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 15 დეკემბრის №007401016 დასკვნის თანახმად, მენარდის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, დღგს გარეშე 32756.35 აშშ დოლარით განისაზღვრა (შესაბამისად - დღგს ჩათვლით 38652.49 აშშ დოლარი).
28. ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 23 მაისის №003452618 საინჟინრო დასკვნით განსაზღვრულ იქნა სახურავის მოწყობის დროს 1 კვ.მ მოსაწყობ ფართზე რამდენი სხვაობაა მასალის ხარჯის ფურცლებით ორმაგი და ერთმაგი გადაკეცვის შემთხვევაში და დადგინდა, რომ თუნუქის სახურავის ერთმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული (710ხ1420მმ) თუნუქის ხარჯი 1.104 კვ.მ-ს შეადგენს. ორმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს კი - 1.18 კვ.მ-ს. მასალის ხარჯის სხვაობა ერთმაგ და ორმაგ გადაკეცვებს შორის ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული თუნუქის გამოყენებისას 1.18-1.104=0.076 კვადრატული მეტრია.
29. შპს „ა–მა“, 2018 წლის 29 მაისს, ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 23 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხაშურის სალოკომოტივო დეპოს სახურავის შეკეთებაზე შესრულებული სამუშაოების აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის თანახმად, შესწორების შემდეგ შესრულებული სამუშაოების ღირებულება (გათვალისწინებულია სხვაობა ერთმაგ და ორმაგ გადაკეცვებს შორის) ნაცვლად 38652.49 აშშ დოლარისა, 37258.83 აშშ დოლარს შეადგენს, ეროვნული ვალუტით კი - ნაცვლად 10 4361.72 ლარისა, 10 0598.84 ლარს.
30. მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ ანაზღაურებია.
31. სარჩელი აღძრულია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომელსაც მოპასუხე უპირისპირებს იმგვარ შესაგებელს, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვან შესრულებას.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა).
33. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).
34. უნდა აღინიშნოს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. მენარდეს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
36. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ მენარდის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, შემკვეთი თავისუფლდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისაგან.
37. საკასაციო პალატა, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით სსკ-ის 641.1 მუხლისა და ხელშეკრულების პირობების საფუძველზე განმარტავს, რომ უდავოა, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ პასუხობს შეთანხმებულ პირობას, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება დადგინდა, ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტი სამართლებრივ შეფასებას არ საჭიროებს).
38. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მენარდემ დაარღვია უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება, შემკვეთს წარმოეშობა შემდეგი მოთხოვნები: 1. დამატებითი შესრულების მოთხოვნა (სსკ-ის 642.1 მუხლი); 2. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ (სსკ-ის 643.1 მუხლი); 3. ხელშეკრულებაზე უარის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო (სსკ-ის 644-ე მუხლი), ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; 4. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო (სსკ-ის 645-ე მუხლი), თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა შემოწმდეს მისი ამოქმედების წინაპირობები; 5. მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
39. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შემკვეთს არც ხელშეკრულების დამატებითი შესრულება არ მოუთხოვია და არც უარი არ განუცხადებია ხელშეკრულებაზე. ამასთან, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 1 მაისს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი 2018 წლის 26 მარტის აქტის საფუძველზე, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა შესრულებული სამუშაოს დეფექტების შესახებ, მოპასუხემ მოსარჩელე ობიექტზე დამატებითი სამუშაოებისთვის დაუშვა და ხაშურის სალოკომოტივო დეპოში 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროების სახურავების გადახურვითი სამუშაოების შესრულების შემდეგ გამოვლენილი დაზიანებები მოსარჩელემ სრულად აღმოფხვრა (იხ. 2018 წლის 17 მაისს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს და მოსარჩელის წარმომადგენლს შორის შედგენილი აქტი, ტ.1, ს.ფ 174).
40. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღების შედეგად შემკვეთს მარტოოდენ ფასის შემცირების ან ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების უფლება უნარჩუნდება და აღნიშნული გარემოება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის წინაპირობას არ წარმოადგენს.
41. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. მას შეუძლია, მხოლოდ ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება მოითხოვოს, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შემკვეთისათვის დაკისრებული თანხა - 38258.83 აშშ დოლარი, სამართლიანი და კანონიერია, ვინაიდან თანხა დაანგარიშებულია სწორედ წინამდებარე განჩინების 27-28-ე პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და გათვალისწინებულია თანხა, რომლითაც ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას ამცირებს.
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ხელშემკვრელი მხარეებისთვის ურთიერთობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი არაერთი ნორმატიული მოწესრიგების სათავეა, მათ შორისაა - ნარდობის მარეგულირებელი ნორმებიც, რომლის ფარგლებშიც მხარეები ვალდებული არიან, ჯეროვნად განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობანი (იხ. სუსგ-ას №ას-15-15-2016, 2016 წლის 1 მარტის განჩინება).
43. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება არ მოშლილა, შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) უნდა გამოეყენებინა, დაუსაბუთებელია. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-981-926-2015, 11 მარტი, 2016 წელი), მათ შორის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიუხედავად. მოცემული შემთხვევა განსხვავდება სსკ-ის 644-ე (ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები) მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, რა დროსაც შემკვეთი სწორედ ნაკლის გამო ამბობს უარს ხელშეკრულებაზე და ითხოვს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
44. მოპასუხის მიერ კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, რასაც კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა
45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1768-2019, 2020 წლის 29 მაისის განჩინება; №ას-1899-2018, 2019 წლის 16 მაისის განჩინება, №ას-746-714-2016, 2017 წლის 8 მაისის განჩინება).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 5004.97 ლარის 70% – 3503.48 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს ,,ს.რ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5004.97 ლარის (საგადახდო დავალება №21989, გადახდის თარიღი 12.03.2019), 70% - 3503.48 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე