საქმე №ას-554-2019 31 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის
დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ს–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მძღოლი, აპელანტი, კასატორი), რომელიც მართავდა „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით ,,TBC - ..“, 2016 წლის 27 მარტს, შეეჯახა ავტომანქანა ,,ვოლვოს“ სახელმწიფო ნომრით ,,I0 …“ (იხ. საჯარიმო ქვითარი ტ.1, ს.ფ. 16).
2. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სქემატური ნახაზის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში: ასკ) 125-ე მუხლის საფუძველზე (მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება), მძღოლი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად (იხ.საჯარიმო ქვითარი, სქემატური ნახაზი ტ.1, ს.ფ. 15-16).
3. დაზიანებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,TBC – .., დაზღვეული იყო სს ,,ს.კ. ჯ.ჰ–ში“ (შემდეგში: მოსარჩელე, მზღვეველი, ს.კ.), ხოლო დაზღვეული ავტომანქანის მოსარგებლე და დამზღვევი - სს „თ.ბ–ი“ (შემდეგში: დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე ან დამზღვევი (იხ. დაზღვევის პოლისი, ტ.1, ს.ფ. 17).
4. შპს „ა–ის“ ინვოისის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე - 4500 აშშ დოლარს (იხ. ივნოისი, ტ.1, ს.ფ. 19).
5. მოსარჩელემ დამზღვევს, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი - 4350 აშშ დოლარი აუნაზღაურა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარჩენი ღირებულება 1000 აშშ დოლარი ს.კ.მ დაიტოვა. (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ, 2016 წლის 10 ოქტომბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 3350 აშშ დოლარის დაკისრება სუბროგაციის წესით მოითხოვა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 3350 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
8.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ორჯერ, 2016 წლის 5 და 6 დეკემბერს, თუმცა გზავნილის ჩაბარებაზე ადრესატმა უარი განაცხადა (ტ. 1, ს.ფ. 32-33).
8.3. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 75-ე მუხლის პირველ ნაწილზე: „თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე“ დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის გზავნილი ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 6 დეკემბერს, როდესაც სარჩელის მიღებაზე მხარემ განმეორებით უარი განაცხადა. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 - დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
8.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით, სსსკ-ის 74-ე, 75-ე, 184-ე, 201-ე, 2321-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
9. საჩივრის საფუძვლები
9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბერს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
9.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2016 წლის 5 და 6 დეკემბრის გარდა, საქმის მასალებშია 2016 წლის 30 ნოემბრის გზავნილი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხე საცხოვრებელ მისამართზე კურიერს არ დახვდა და გზავნილი ვერ ჩაბარდა. ადრესატისათვის, გზავნილების გაგზავნა მოხდა ერთი კვირის შუალედში მიზანმიმართულად, რა ქმნის ვარაუდს, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო, მოპასუხეს ვერ ჩაბარებოდა სარჩელი და არ მისცემოდა შესაძლებლობა შესაგებლის წარდგენით დაეცვა თავი.
10. საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
10.2. საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 70-75-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
10.3. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, თავის მოსაზრებებთან ერთად, სასამართლოსთვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს შესაგებელი მითითებულ ვადაში არ წარუდგენია. ამასთან, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება, მისი გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.
12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
12.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში განთავსებულ 2016 წლის 30 ნოემბრის, 5 და 6 დეკემბრის საფოსტო გზავნილებზე, რომლის მიხედვით, პირველ შემთხვევაში, კურიერს ადრესატი არ დახვდა მისამართზე, ხოლო ბოლო ორ შემთხვევაში, მოპასუხემ გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა.
12.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზე იყო სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისა და უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი.
12.5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 219-ე და 206-ე მუხლებზე მითითებით, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2016 წლის 5 და 6 დეკემბერს სამსახურებრივ მივლინებაში ქალაქგარეთ იმყოფებოდა.
12.6. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებისას არ შეამოწმა არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომობილის აღდგენა შეუძლებელი იყო, არასწორია, ვინაიდან შემთხვევის შემდგომ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა თავისი სვლით განაგრძეს მოძრაობა.
13.3. კასატორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული გარემოებების შემოწმება მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან, ამ გარემოების გამორკვევა უკავშირდება არა მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე ასეთი საკითხის დასმის აუცილებელ წინაპირობას, არამედ იგი გამომდინარეობს სასამართლოს მოვალეობიდან არ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელი იურიდიულად არ არის გამართლებული.
13.4. კასატორის მტკიცებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებსა თუ განჩინებებში არაერთგზის განმარტა, რომ პროცესუალური ნორმები უნდა განიმარტოს არა ხისტად და იმდენად მკაცრად, რომ ხელყოფილ იქნეს მხარის გარანტირებული უფლება სასამართლოს წესით დავაზე, რაც სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
20.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს, სადაზღვევო კომპანიის სარჩელი სსსკ-ის 70-75-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სამჯერ, პირველ შემთხვევაში ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო, ხოლო 2016 წლის 5 და 6 დეკემბერს მან უარი განაცხადა სარჩელის მიღებაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგინდა სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებანი, რომლებიც იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს, რაც, ამავდროულად, გულისხმობს, რომ მხარე ინფორმირებულ იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.
22. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში მითითებულ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.
24. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ.სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020წელი).
25. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს.კ. (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ. სუსგ. №ას-809-776-2016, 04 აპრილი, 2017წ).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ №ას-1523-2019, 24 იანვარი, 2020წელი).
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე.
30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი მართავდა „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით ,TBC - ...“, რომელიც 2016 წლის 27 მარტს, შეეჯახა ავტომანქანა ,,ვოლვოს“ სახელმწიფო ნომრით ,,I0 .... საპატრულო პოლიციის სქემტური ნახაზის მიხედვით, ასკ-ის 125-ე მუხლის საფუძველზე მძღოლი (კასატორი) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით რეკომენდირებული არ არის. მოსარჩელემ, დამზღვევს, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი 4350 აშშ დოლარი აუნაზღაურა.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 832-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ს–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №2...22900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 452,40 ლარის (საგადახდო დავალება N20067872, გადახდის თარიღი 2019 წლის 30 აპრილი), 70% – 316,68 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური