Facebook Twitter

№ას-202-2021

5 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.ო–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკითრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ო–ძის სარჩელი გ.ჩ–ძის მიმართ, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ დამოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 1 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 1 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს (ა.ც–ძეს) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ......, მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ადრესატი ამ მისამართზე აღარ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს განმეორებით გაეგზავნა კორესპოდენცია საქმეში არსებულ, მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........ სასამართლოში მობრუნებული კონვერტით დგინდება რომ, გზავნილზე მითითებულ ტელეფონის ნომეზე ადრესატს დაუკავშირდა კურიერი, თუმცა კასატორმა განაცხადა, რომ არ სურს გზავნილის ჩაბარება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკლნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლო გზავნილი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, იგი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდა (საფოსტო კონვერტზე, მითითებულია, რომ კურიერი დაუკავშირდა ადრესატს და მან განუცხადა აღნიშნულის შესახებ). ეს იმას ნიშნავს, რომ კასატორის წარმომადგენელმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა კასატორმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლი ითვალისწინებს უწყების მიღებაზე უარის თქმას და მიუთითებს, რომ თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა გზავნილს ჩაბარებულად მიიჩნევს საფოსტო კონვერტზე მითითებულ დროს - 2021 წლის 23 მარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 24 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 29 მარტს (2021 წლის 28 მარტი იყო არასამუშაო დღე - კვირა). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 29 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ო–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე